გელა გელაძე - პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ აღნიშნა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ სოციალურ სელში თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა მისთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, ემსახურა საქართველოსთვის.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.

მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“, - განაცხადა გელა გელაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გელა გელაძე სუს-ის უფროსად, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით, მიმდინარე წლის 28 აპრილს დაამტკიცა. გელაძემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ასევე ვადაზე ადრე გადადგა. პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მდინარაძე 2025 წლის 3 სექტემბერს აირჩია, რომელმაც სუს-ი 2026 წლის აპრილში დატოვა. ასევე ხანმოკლე იყო სუს-ის უფროსის პოსტზე “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ანრი ოხანაშვილის ყოფნა. ოხანაშვილი სუს-ს დაახლოებით 5 თვე ხელმძღვანელობდა და 2025 წლის აგვისტოში ისიც ვადაზე ადრე გადადგა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში