ეს არის მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელება, რომელსაც შეიძლება, სხვადასხვა თანამდებობის პირები მიყვნენ - დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც გელა გელაძის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა, როდესაც ხელისუფლებას არ აქვს ერთიანი სტრატეგია და სუს-ის უფროსი ყოველ 6-7 თვეში იცვლება.
„ოცნების“ პირობებში, არც ერთს - როგორც მაღალი თანამდებობის პირს, ისევე, იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ საპასუხისმგებლო თანამდებობა, არავის აქვს იმის გარანტია, რომ კონკრეტულ თანამდებობას გარკვეული ვადით შეინარჩუნებს. დღეს იქნება თუ ხვალ დილით, ამ კონკრეტულ ადამიანებს შეიძლება თანამდებობების დატოვება მოუწიოთ - არა საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ სხვა ადამიანის გადაწყვეტილებით. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელება, რომელსაც შეიძლება, სხვადასხვა თანამდებობის პირები მიყვნენ. დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი.
რა თქმა უნდა, ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, ზოგადად, ქვეყნის ინტერესზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, როდესაც სახელმწიფოს, პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ამდენი წელია ხელისუფლებას მართავს, არ აქვს ერთიანი ხედვა, ერთიანი სტრატეგია და ყოველ 6-7 თვეში იცვლება სახელმწიფო უწყების სამსახურის უფროსი. რა თქმა უნდა, ეს საზიანოა როგორც უშუალოდ ამ კონკრეტული ინსტიტუტისთვის, ისე სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისთვის," - განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც გელაძე აღნიშნავს, საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.
„პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს," - წერს გელაძე.