კრიზისი არის ისტერიული, ტოტალური და ყოვლისმომცველი და ამას აჩვენებს, „დაღლილი“ ხალხის სახლში გასტუმრება. ვხედავთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარანოიას, რომელიც ერთ დღეში ღლის ადამიანებს. ბატონი ამ თავის ახალ აგონიაში როგორ სასჯელს დაუწესებს ამ ადამიანებს, ამას ვუყუროთ კარგი ფელეტონივით,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის გელა გელაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
თაზო დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელდება კლანური დაპირისპირება და „შავი ღრუბლების კამარა შეიკრა მამუკა მდინარაძის და მისი კლანის თავზე“.
„კრიზისი არის ისტერიული, კრიზისი არ არის უბრალოდ პოლიტიკური და კონცენტრირებული, კრიზისი არის ისტერიული, ტოტალური და ყოვლისმომცველი და ამას აჩვენებს, ეს რაღაც „დაღლილი“ ხალხის სახლში გასტუმრება, ისე, რომ თითქოს გუშინ აბსოლუტურად სრულ ჯანზე თანამდებობაზე არ იყვნენ, ერთ დღეში „იღლებიან“ და მერე მიდიან. გეკა გელაძემ რა აჩვენა კარგი ან ცუდი იმ რამდენიმე თვეს სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას, ეს ხომ არასერიოზულია - ვერც ცუდს გააკეთებდა და ვერც კარგს, რომ რაღაც გვეთქვა, რომ განგრძობადობაში კარგი ხელმძღვანელი იყო ან ცუდი ხელმძღვანელი იყო. ჩვენ ვხედავთ კლანური დაპირისპირების კიდევ ერთ ფაზას და ვხედავთ ძალიან ნათლად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარანოიას, რომელიც ერთ დღეში ღლის ადამიანებს. დაიღალეთ -წადით! დაიღალეთ-წადით! ამას გაგრძელება, ალბათ, მოჰყვება, არ არის ეს ჰაერიდან მოტანილი ამბები, რასაც ჩვენ ვხედავთ ჟურნალისტურ გამოძიებებში. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ შავი ღრუბლების კამარა შეიკრა მამუკა მდინარაძის და მისი კლანის თავზე, ამიტომ ღმერთმა უწყის ბატონი ამ თავის ახალ აგონიაში როგორ სასჯელს დაუწესებს ამ ადამიანებს. თანამდებობიდან რომ მოაშორა, ეს ცხადია და აბა, გაგრძელება რა იქნება, ამას ვუყუროთ კარგი ფელეტონივით“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გელა გელაძე სუს-ის უფროსად, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით, მიმდინარე წლის 28 აპრილს დაამტკიცა. გელაძემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ასევე ვადაზე ადრე გადადგა. პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მდინარაძე 2025 წლის 3 სექტემბერს აირჩია, რომელმაც სუს-ი 2026 წლის აპრილში დატოვა. ასევე ხანმოკლე იყო სუს-ის უფროსის პოსტზე “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ანრი ოხანაშვილის ყოფნა. ოხანაშვილი სუს-ს დაახლოებით 5 თვე ხელმძღვანელობდა და 2025 წლის აგვისტოში ისიც ვადაზე ადრე გადადგა.