რაც გიორგი ბარამიძემ თქვა, ეს არის მისი მოსაზრება. ჩვენ გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აძლევს ადამიანს უფლებას სისულელეც თქვას. რუსეთისთვის მთავარი არის შემდეგი - ის არ დასდევს ამ დონეზე - “ეს დააპატიმრე” და “ის დააპატიმრე”, მისთვის მთავარია, რომ საქართველო არ მიდიოდეს ევროკავშირსა და ნატოში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძის დაკავებას და შეფასებებს მათ შორის იმის თაობაზე, რომ ბარამიძის დაპატიმრება “რუსული გეგმაა”.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არანაირი ბმა და საერთო 90-იანები წლების კონფლიქტს, რაც არ უნდა მომხდარიყო იქ, დღევანდელ საქართველოსთან და საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან, სამართლის და მართლმსაჯულების დღეს არსებულ სისტემასთან, არ შეიძლება ჰქონდეს.
„გია ბარამიძის დაკავების თემა მეც მეხება ემოციურად. იმ დროს მე და გია ერთად ვიყავით, ვმეგობრობდით. უშუალოდ ვხედავდი, რა ხდებოდა და რა ხდება დღეს. ვერაფრით წარმომედგინა, რომ 30-წლიანი მოვლენების შემდეგ ასეთ ექოს თუ გამოისროდა ისტორია ჩვენი მიმართულებით და ეს გახდებოდა დღევანდელობის ნაწილი, მეც ვიქნებოდი ამაში ჩართული.
არაა გამორიცხული ან პროკურატურის მხრიდან, ან ადვოკატურის მხრიდან დაბარებული ვიყო სასამართლოზე მოწმის სახით. იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაცია მაქვს. ამიტომ არ მინდა დავაზიანო საქმე და გამოყენებულ იყოს გია ბარამიძის წინააღმდეგ ჩემი უნებლიე და ისე არ თქმული სიტყვები. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს განცხადება არ მომეწონა, რომელიც თავის დროზე გააკეთა, ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს რაც ხდებოდა. ამაზე შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სხვა არანაირი.
ჩემთანაა თავმოყრილი ყველაზე მეტი ინფორმაცია, ოფიციალური პროტოკოლების, დოკუმენტების ხელმოწერების დონეზე. რა კომისიები არსებობდა, როგორ მუშაობდა ეს კომისიები. ყველგან ჩართული ვარ, ყველგან ხელს ვაწერ, არსად გია არაა. გია იყო როგორც პარლამენტის წევრი ჩართული პროცესებში. ხშირად ჩამოდიოდა აფხაზეთში თბილისიდან, ესწრებოდა თითქმის ყველა გაცვლას. ყოველდღიურ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა კულუარებში არსებული ინფორმაცია, თუ მე არ მოვუყვებოდი, ან ვინმე სხვა იმავე კომისიიდან. თუ სასამართლო მართლა კეთილსინდისიერად მიუდგება ამ საქმეს, უნდა ამოიღოს ყველა დოკუმენტი და ნახოს, რომ გია არსად არაა, გარდა ოფიციალური სიისა. იქ გიას გარდა არის უამრავი ადამიანი. ბევრი ადამიანია ამ სიაში, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, რომ ამ კომისიის წევრები იყვნენ. სულ სხვა იყო ქაღალდები და სულ სხვა ადგილზე მუშაობა. რომ ვნახე დოკუმენტები, ხუთი სხვადასხვა სტატუსი მაქვს. აღმოვაჩინე ჩემ ხელთ არსებული 15-მდე საშვი. მილიონი სტატუსი მქონდა, მხოლოდ მე. იმდენად აჭრილი იყო სიტუაცია. ამ დროს მერქვა “ტყვეთა გაცვლის კომისიის თავმჯდომარე” და ასეთი ბუნებაში არ არსებობდა. გია არ იყო ამ ყოველდღიურობაში ჩახარშული, რაც მან თქვა, ეს არის მისი მოსაზრება. ჩვენ გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აძლევს ადამიანს უფლებას სისულელეც თქვას. მან თავისი მოსაზრება თქვა, რომელსაც არაფერი საერთო რეალობასთან არ ჰქონდა. არანაირი ბმა და საერთო 90-იანები წლების კონფლიქტს, რაც არ უნდა მომხდარიყო იქ, დღევანდელ საქართველოსთან და საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან, სამართლის და მართლმსაჯულების დღეს არსებულ სისტემასთან, არ შეიძლება ჰქონდეს“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, „რუსეთს საქართველოსთვის თავისი დღის წესრიგი აქვს და ამ დღის წესრიგს ჰქვია სამი სახელი: ნატო, ევროკავშირი და თურქეთი“.
„ჩვენთან ყველგან და ყველაფერში რუსეთს რომ ხედავენ, ამით აკნინებენ საქართველოში არსებულ მძიმე მდგომარეობას. რატომღაც ჰგონიათ, რომ ქართველები რობოტები ვართ და ყველაფერში რუსეთი გვმართავს. საქართველოში არსებობს პოლიტიკური ცხოვრება და შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები. თვითონ პარტიებშიც კი. ეს არის ერთ-ერთი ფორმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აგორებული კამპანიისა. მე ამას უფრო ვხედავ, შიდა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. მაგრამ ფაქტია, რომ ყველა იმ პირს, ვისაც შეეფარდა რუსეთში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ ისინი მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში, უკრაინაში უკრაინის სასარგებლოდ, ყველა ციხეშია. ეს იძლევა საფუძვლიან არგუმენტს, რომ ჩათვალონ, რომ ეს არის რუსეთიდან წამოსული დაკვეთა.
რუსეთისთვის მთავარი არის შემდეგი - ის არ დასდევს ამ დონეზე ეს დააპატიმრე და ის დააპატიმრე, მისთვის მთავარია, რომ საქართველო არ მიდიოდეს ევროკავშირსა და ნატოში. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც არ ემორჩილება დღეს რუსეთს არის აზერბაიჯანი. რუსეთს ელაპარაკება როგორც პარტნიორი და კარნახობს პირობებს და ა.შ. დანარჩენი ყველა სახელმწიფო, უკრაინა სხვა სპეციფიკაა, მაინც ანგარიშს უწევს რუსეთს ამ მიმართულებით და საქართველოც არის მათ შორის. რუსეთს საქართველოსთვის თავისი დღის წესრიგი აქვს და ამ დღის წესრიგს ჰქვია სამი სახელი: ნატო, ევროკავშირი და თურქეთი. სხვა არაფერი აინტერესებს რუსეთს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
რაც შეეხება აფხაზეთში საწვავის შეტანას, მიმაჩნიო, რომ ბენზინის შეტანა არის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში იმისა, რამდენად არის მზად აფხაზური საზოგადოება ქართულ საზოგადოებასთან ითანამშრომლოს კრიზისულ ვითარებაში, რომელიც შექმნა უკრაინამ და არა „ქართულმა ოცნებამ“. ის რომ ბენზინი შედის აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს უკრაინის დამსახურებაა, შეუქმნა რა ენერგეტიკული კრიზისი რუსეთს მთლიანად რუსეთში და კერძოდ, აფხაზეთის მიმართულებით. თუ ეს სეგმენტი შენარჩუნებული იქნება, როგორც ენგურჰესი, ჯანდაცვა და სხვა სიკეთეები, იქნება კარგი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აფხაზები ფულს იხდიან ქართულ ბიუჯეტში. როგორც წესი ყველაფერი უფასოდ აქვთ ხოლმე“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.