ფიქრია ჩიხრაძე - რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! - სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია ფაქტობრივი შეცდომებით, გაურკვეველი შინაარსობრივი პასაჟებით და გამიზნულად გამრუდებული შეფასებებით - ამ სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანები და მათ ეს შესაძლებლობა პირდაპირ გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოების ნაწილი, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და ისე სწრაფად მოხდა მათი შეცვლა და ამ პროცესის მენეჯმენტი იმდენად არაკომპეტენტური იყო, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრეც კი არ ჰქონდათ ისინი მასწავლებლებს ნანახი.

„რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში გამოქვეყნდა ნახევრად შედგენილი ისტორიის სახელმძღვანელო; სამწუხაროდ, გამართლდა მოლოდინი, ასე ნაჩქარევი, უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი რეფორმის, პირობებში, შეუძლებელი იყო რამე ღირებული და მომავალი თაობისათვის სასარგებლო შექმნილიყო. ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია ფაქტობრივი შეცდომებით, გაურკვეველი შინაარსობრივი პასაჟებით და გამიზნულად გამრუდებული შეფასებებით.

განსაკუთრებით საგანგაშოა ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს მოვლენაზე, გეორგიევსკის ტრაქტატზე აბსოლუტურად არაობიექტური და რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი შეფასებები. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატის თემა თავად ირაკლი კობახიძემ და რუსულმა პროპაგანდამ გაააქტიურეს.

რაც მთავარია, არ შეიძლება ახალმა თაობებმა არ იცოდნენ რას უკეთებდა რუსეთი საქართველოს 2 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში: ოკუპაცია, მოტყუება, დამცირება, სამეფო ტახტის და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მუდმივი ბრძოლა. ეს არის ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა ქართველმა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს!

ე.წ. რეფორმამდე არსებულ სახელმძღვანელოში გეორგიევსკის ტრაქტატი ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით უარყოფითად იყო შეფასებული. ციტატა - „1783 წ. 24 ივლისის ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებლობა არა მოუტანია რა. ზიანი კი – აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა“. ახალ ვერსიაში გამქრალია და ვკითხულობთ ზოგად, არაფრის მომცემ და რაც მთავარია, პოლიტიკურად ამოტრიალებულ შეფასებას, რომ ტრაქტატმა უზრუნველყო ქართველი ერის გადარჩენა.

სახელმძღვანელოს ამ ნაწილში არ აღმოჩნდა არც ერთი საეკლესიო მოღვაწე, არც ძველი პერიოდიდან და არც ულმობელი საბჭოთა რეპრესიების დროიდან, არადა, თითქოს სახელმძღვანელოს მთავარ ღირებულებით საყრდენად - „ენა, მამული, სარწმუნოებაა“ - გამოცხადებული.

სახელმძღვანელოში უამრავი ფაქტობრივი შეცდომაა:

საქართველოს ეროვნული მოძრაობისა და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის შესახებ: კერძოდ, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიერ 1956 წელს გავრცელებული პროკლამაციების შინაარსი და მათი გავრცელების მიზეზები.

დავით აღმაშენებლის ეპოქაზე: არ არის დეტალური ინფორმაცია მის რეფორმებზე, თურქ-სელჩუკების დასუსტებაში ჯვაროსნული ლაშქრობების როლზე, მისი და გიორგი II-ის პოლიტიკაში არსებულ განსხვავებებზე.

არაფერია ნათქვამი გიორგი სააკაძის სამხედრო წარმატებებზე, მის კონტროვერსულ ნაბიჯებზე და დაპირისპირებაზე მეფე თეიმურაზთან.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოები ისე სწრაფად შეიცვალა და ამ პროცესის მენეჯმენტი იმდენად არაკომპეტენტური იყო, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრეც კი არ ჰქონდათ ისინი მასწავლებლებს. ნანახი. სახელმძღვანელოები, ისიც ნაწილობრივ, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

რაც მთავარია, ამ სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანები და მათ ეს შესაძლებლობა პირდაპირ გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად.

საგანგაშოა, რომ საერთოდ გაქრა ალტერნატიული სახელმძღვანელოებით სწავლების შესაძლებლობა და ახლა ყველა სკოლაში მხოლოდ ის ნარატივები უნდა გავრცელდეს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას მიაჩნია მისთვის სასარგებლოდ.

ამის პარალელურად განათლების სისტემაში უმძიმესი პრობლემებია:

PISA 2025-ის კვლევის თანახმად, მოსწავლეების 61% წაკითხულის გააზრებაში საბაზო დონეს ვერ აღწევს, მათემატიკაში - 53%, ხოლო საბუნებისმეტყველო მიმართულებით - 45%.

2020-2025 წლებში, სხვა ქვეყანაში ემიგრაციის გამო 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა;

დანგრეულია ათობით სკოლა, რომელთა რეაბილიტაციის ფულიც ოცნებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შეჭამეს, სკოლების რეაბილიტაცია კი არც კი მიმდინარეობს.

Unicef-ის და საქსტატის კვლევის თანახმად, ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.

„ქართული ოცნება” განათლების პარტიული რეფორმით რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ჩვენს შვილებს ნამდვილ ისტორიას პარავს!“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში