კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილუაშვილის ადვოკატები წარმოთქვამენ დასკვნით სიტყვას.
როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, სუს-ის ყოფილი უფროსი მზად არის, საბოლოო სიტყვაც დღესვე თქვას. თუკი, ეს ასე მოხდება, არ არის გამორიცხული, მოსამართლე ნინო თარაშვილმა განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.