სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, მაგრამ სასამართლოს ვთხოვთ, რომ ეს იანვარს არ გადასცდეს. ეს უბრალოდ ჩვენი პოზიცია იქნება, სასამართლოს ჩვენ ვერაფერს ვერ ვუბრძანებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან ასაკრძალ პარტიათა სიაში “გახარია საქართველოსთვის” დამატებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტიები, რომლებიც არაკონსტიტუციურ ქმედებებს ჩადიოდნენ და ახლაც ჩადიან, უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, რათა გზა გაეხსნათ იმ პარტიებს და იმ ორგანიზაციებს, რომელთაც „ესენი ხელს უშლიდნენ, რომ შესულიყვნენ პოლიტიკურ ველზე“.
„დაახლოებით, იანვრისთვის გადიოდა ვადა სარჩელის იმ წინა დამატებას და თხოვნა გვექნება სასამართლოსადმი, რომ იქნებ მოხერხდეს და ამავე ვადებში იქნას განხილული. ჩვენი ტაქტიკა ცნობილია: პარტიები, რომლებიც არაკონსტიტუციურ ქმედებებს ჩადიოდნენ, აგრძელებენ და ახლაც ჩადიან, უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, რათა გზა გაეხსნათ იმ პარტიებს და იმ ორგანიზაციებს, რომელსაც ესენი ხელს უშლიდნენ, რომ შესულიყვნენ პოლიტიკურ ველზე.
სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, მაგრამ სასამართლოს ვთხოვთ, რომ ეს იანვარს არ გადასცდეს. ეს უბრალოდ ჩვენი პოზიცია იქნება, სასამართლოს ჩვენ ვერაფერს ვერ ვუბრძანებთ”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ამოცანა ახლა ის არის, რომ პარტიები, რომლებიც სარჩელში არიან, არაკონსტიტუციურად იყვნენ ცნობილი.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პარტიები იყოს არაკონსტიტუციურად ცნობილი. სამი თვის შემდეგ იქნება თუ ახლა, რა მნიშვნელობა აქვს? ახლა რომ იყოს ორი თვე დარჩენილი ან რაღაცა არჩევნებამდე, კიდე რაღაცა შეიძლება მიაბა, მოაბა ამ საკითხს. ახლა არავითარი საარჩევნო წელი არ არის, მომდევნო წელიც არავითარი საარჩევნო წელი არ არის. ამდენად, ამ ერთ თვეს, ორ თვეს და სამ თვეს მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ხვალ დილითაც რომ ჩანიშნონ, ჩვენ მზად ვართ”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
კითხვაზე, ვინ რჩება ახლა ოპოზიციურ ფლანგზე, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ ეს მათ არ აინტერესებთ.
„ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ დარჩება და ვინ არ დარჩება. არ უნდა დარჩეს არცერთი არაკონსტიტუციური პარტია პოლიტიკურ ველზე. შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ეს პარტიები არის არაკონსტიტუციური. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, მათ თავისი დაიცვან”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ამასთან, შარმანაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, მოატყუეს თუ არა პარტიები მაშინ, როცა თქვეს, რომ თუ პარლამენტში შევიდოდნენ, მათ აკრძალვაზე არ შეიტანდნენ სარჩელს, რაზეც შარმანაშვილმა უპასუხა, რომ მათ არ მოუტყუებიათ.
„ჩვენ არაფერი არ მოვატყუეთ. რას მიჯერებ მე, კაცო? შენი ტვინი ხომ გაგაჩნია, გააკეთე ის, რასაც აკეთებ! ჩემზეა დამოკიდებული, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? თუ ჩემზეა დამოკიდებული, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ამოიღეთ ფურცელი და ახლავე ჩაგაწერინებთ, რას ვისურვებდი, რომ თქვენ მიიღოთ ეგეთი გადაწყვეტილება”, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.