„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი პარტია, „საქართველოსთვის“, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს დაამატა, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
“მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ ყველა არჩევნებში მუდმივად ვმონაწილეობდით, რაც პოლიტიკური ცვლილებებისკენ მიმავალ ერთადერთ მშვიდობიან და დემოკრატიულ გზად მიგვაჩნია. ჩვენი პარტია ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად რჩება, რომელიც ამჟამად პარლამენტში მუშაობს. ჩვენი მიზანში ამოღებით ივანიშვილი ცდილობს ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიცია აკრძალოს. საპარლამენტო უმრავლესობის მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტიაც კი ვერ აიტანა, რადგან მათ კრიტიკული ხმისთვის პასუხის გასაცემად არაფერი აქვთ“, - წერს გახარია X-ზე.
მისი თქმით, „ეს ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამყარებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად“.
„მიუხედავად იმისა, აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღსადგენად და მისი ევროპული და ევროატლანტიკური გზის დასაცავად“, - აცხადებს გახარია.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის გუშინდელი სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.