საქართველო არაფერს დაუთმობს იმ რადიკალურ ძალებს, რომლებისთვისაც დესტაბილიზაცია პროგრამაა, მშვიდობა - პრობლემა, აფხაზეთი და ცხინვალის ისტორიული რეგიონები კი მოსაშორებელი ტრავმული მეხსიერება. საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში და ის გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის იდეოლოგიურ ომში ჩაერთოს.
„გამოვეხმაურები მარტა კოსის განცხადებასაც, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველ სახელმწიფოებს ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს ამერიკის ე.წ. MAGA-სთან. ამით ევროკავშირის გაფართოების კომისარი ამერიკის შეერთებული შტატების მმართველ პოლიტიკურ ძალას იმავე კატეგორიაში აყენებს, რომელშიც რუსეთს. ასახელებს როგორც მოწინააღმდეგეს და მტერს გაფართოების პროცესში. ეს განცხადება მიუღებელი და საქართველოსთვის პირდაპირ საზიანოა. სწორედ ასეთმა გაუგებარმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა ბრიუსელი იქამდე, სადაც ის დღეს იმყოფება. ბრიუსელის მხრიდან ამ ორის გაიგივება არის სტრატეგიული პოლიტიკური შეცდომა. როდესაც პარტნიორობას აღარ ზომავ ინტერესებით, არამედ იდეოლოგიური სიწმინდით, ადრე თუ გვიან საკუთარ მოკავშირესაც მტრად გამოაცხადებ და დღეს ეს უკვე მოხდა. ტრანსატლანტიკურ სივრცეში უკვე მიმდინარეობს შიდა ჩუმი გეოპოლიტიკური დაპირისპირება ვაჭრობაში, ტექნოლოგიებში, გავლენის სფეროებში, კანდიდატ ქვეყნებშიც კი. საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ ჩაებას ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის იდეოლოგიურ ომში. ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ ჩვენი საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირებების საგნად. არასწორია ეს მოწოდება იმიტომაც, რომ ეს ბრიუსელის სისუსტეს უფრო ამჟღავნებს, ვიდრე სიძლიერეს. თუ ევროპული პროექტი იმდენად მყიფეა, რომ მას ამერიკელი ამომრჩევლის არჩევანი ანგრევს, პრობლემა არა MAGA-ში, არამედ თავად ბრიუსელში და იმ მცდარ პოლიტიკაში, რომელმაც ევროპა ინტერესებიდან იდეოლოგიაზე გადაიყვანა“, - განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, დიდი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისადმი მოსახლეობის ნდობის სისტემური დეფიციტია, რაც მახაშვილის განმარტებით, მათ შორის განპირობებულია იმით, რომ ხილული ხელისუფლება უხილავ სცენარებს ემორჩილება.
„ამ ქვეყნებში ადამიანები ითხოვენ ხელმისაწვდომ ცხოვრებას, საზღვრის კონტროლს, საზოგადოებრივ წესრიგს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ღირსეულ სამუშაო ადგილებს, მშვიდობას. ამის ნაცვლად ხშირად იღებს გაუთავებელ გეოპოლიტიკურ მობილიზაციას, ომის დღის წესრიგს, ბიუჯეტის სამხედრო პრიორიტეტებზე გადაწყობას და იმ განცდას, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა მათ ეროვნულ დედაქალაქებში, არამედ სადღაც არაფორმალურ კაბინეტებში. როცა ხილული ხელისუფლება უხილავ სცენარებს ემორჩილება, როცა ქვეყანა მუდმივი კონფლიქტის ინსტრუმენტად იქცევა, როცა დიპლომატია ლოზუნგებით იცვლება და როცა კრიტიკა არასწორ მხრეს დგომად ცხადდება, ასეთ დროს იშლება ლეგიტიმაცია და ამომრჩეველში იზრდება გაუცხოება. ევროპული ოჯახი ჩვენთვის ცივილიზაციური არჩევანია, მაგრამ ევროპულობა არ ნიშნავს ბრმა მიბაძვას იმ შეცდომებისა, რომელსაც დღეს ფრანგი, ბრიტანელი თუ გერმანელი ამომრჩეველი რეიტინგებით აფასებს. ამ რეიტინგებში ჩანს ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტის მცდარი პოლიტიკის ანარეკლი. ეს რეიტინგები არის ხალხის მკაფიო ხმა, რომ მშვიდობა, სუვერენიტეტი და მოქალაქეების კეთილდღეობა ერთმანეთის ალტერნატივა არ არის და ვინც ერთს სწირავს მეორეს, ჯერ კარგავს ხალხის ნდობას, შემდეგ კი პოლიტიკურ მომავალს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.