ჩვენს პარტიას კი არა, ალბათ, რომ დაგჭირდეთ საკუთარ პარტიასა და საკუთარი გუნდის წევრებსაც კი აკრძალავთ - დიდი ხანია თქვენი ქცევები რაციონალურ გადაწყვეტილებებსა და ლოგიკას მოკლებულია! - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ სესიაზე გააკეთა, რითაც ის კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გაუქმების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გამოეხმაურა.
როგორც კერესელიძემ აღნიშნა, მათი პარტიის ცხოვრებაში არაფერი იცვლება და საქმეს უფრო მეტი მოტივაციითა და ღირსებით გააგრძელებენ.
კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა შალვა პაპუაშვილისადმი მიმართვით დაიწყო.
„ბატონო შალვა, თქვენ დეპუტატებს დაბადების დღეებს ყოველთვის ორიგინალურად ულოცავთ ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაზე ორიგინალური მოლოცვა მე მერგო და ჩემი პარტიის აკრძალვით მომილოცეთ.
ბოლო პერიოდში ბევრი გამორჩეული დღე გქონდათ, მაგრამ გუშინდელი დღე განსაკუთრებით გამორჩეული იყო. გუშინ თქვენ ერთი მხრივ უზენაეს სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ მოსამართლეს სრული ნდობა, მხარდაჭერა გამოუცხადეთ და მის უვადოდ არჩევას აპირებთ. მეორე მხრივ, ჩვენი პარტიის აკრძალვის შესახებ გააკეთეთ განცხადება.
„ნაცების“ დროინდელ მოსამართლეებს უვადოთ ირჩევთ და ჩვენს აკრძალვას იმ ადამიანების და მოსამართლეების ხელით აპირებთ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წევრები და მსახურები იყვნენ და დღესაც ხელისუფლებაში ყოფნით ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებენ.
თქვენ საკუთარ ხალხს გადასახადებს უზრდით, პენსიონერებს პენსიას არ უზრდით, მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესებას მხარს არ უჭერთ, თუმცა მხარს უჭერთ და ახალისებთ კორუფციას. ქოლ-ცენტრებით და კორუფციით იმდენი ფული იშოვეთ აღარ იცით სად დამალოთ და ამ დროს მოქალაქეებს ეუბნებით, რომ თურმე ქართველი ერი იმიტომ აღარ მრავლდება, რომ ყველა ძალიან კარგად ცხოვრობს და კარგი ცხოვრების გამო შვილების გაჩენის სურვილი არავის აღარ აქვს.
გვესმის, რომ არ არის მარტივი სიმართლის მოსმენა და ოპონირება განსხვავებულ აზრთან. ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ პარლამენტში მარტო გერჩივნათ ჯდომა, მაგრამ ხელი შეგიშალეთ. გვესმის, რომ შეშინება სცადეთ ხან კომისიებით, ხან ციხით, ხან თავდასხმებით, ხან მუშტი-კრივით, მაგრამ ყველგან წამოგყევით და არსად მარტო არ დაგტოვეთ. ვიცი, რომ თქვენ თვითონაც ვერ ხსნით თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაშიც მოგყვებით და ვნახოთ სადამდე შეხვალთ.
ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა და რა თქმა უნდა, თქვენგან ამას ველოდით. იმიტომ, რომ დიდი ხანია თქვენი ქცევები რაციონალურ გადაწყვეტილებებს და ლოგიკას მოკლებულია. ჩვენს პარტიას კი არა, ალბათ, რომ დაგჭირდეთ საკუთარ პარტიას და საკუთარი გუნდის წევრებსაც კი აკრძალავთ. ბოლო პერიოდში თქვენს გუნდში რა მოვლენებსაც ვადევნებთ თვალს, ეს არის ამ ყველაფრის ნათელი დადასტურება“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს სპიკერატიდან პაპუაშვილმა უპასუხა და როგორც აღნიშნა, საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, პარტია “საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტას არ ითხოვენ.
„ასე რომ, კვლავ კოლეგებად დავრჩებით, იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, - მიმართა კერესელიძეს შალვა პაპუაშვილმა.