დაჯი კოვზირიძე შალვა პაპუაშვილს - სცადეთ დემოგრაფიული შემცირება უკუღმა აგეხსნათ - ზედმეტად კარგად ცხოვრობს ხალხი და ამიტომ აღარ ვმრავლდებითო - სიღარიბის გამო ვმცირდებით, ბატონო შალვა, სინამდვილეში

სცადეთ დემოგრაფიული შემცირება უკუღმა აგეხსნათ - ზედმეტად კარგად ცხოვრობს ხალხი და ამიტომ აღარ ვმრავლდებითო. სიღარიბის გამო ვმცირდებით, ბატონო შალვა, სინამდვილეში! - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

მისივე თქმით, „დემოგრაფიის კრიზისი იწყება დაბალი ხელფასიდან, ძვირი საკვებიდან, საცხოვრებლის უქონლობიდან, ჯანდაცვის ხარჯებიდან, ბავშვთა კვების ფასებიდან, ხარისხიანი განათლების მიუწვდომლობიდან“.

„გასულ წელს 6400 ადამიანით ნაკლები დაიბადა ვიდრე გარდაიცვალა. შემთხვევითი არ არის, რომ “ოცნების” მუშაობის ბოლო წლებში დემოგრაფიული მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება იმიტომ, რომ თქვენ ეკონომიკურ პოლიტიკას პირდაპირი გავლენა აქვს ამ დემოგრაფიული მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებაზე. სცადეთ ბატონო შალვა, დემოგრაფიული შემცირება უკუღმა აგეხსნათ - ზედმეტად კარგად ცხოვრობს ხალხი და ამიტომ აღარ ვმრავლდებითო. სიღარიბის გამო ვმცირდებით, ბატონო შალვა, სინამდვილეში, თქვენ კი უკუღმა ხსნით.

თქვენ იცით ბავშვის გაზრდა რა უჯდება ოჯახს? ორსულობის და მშობიარობის ხარჯები, ბავშვის მოვლა, ექიმი, წამალი, საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი პირობები, განათლება... მშობლები ხშირად ვერც ახერხებენ ამ ყველა ხარჯის დაფარვას ახლობლების დახმარების გარეშე. ამავდროულად, ბევრ ახალგაზრდას შვილებზე ზრუნვის პარალელურად პენსიონერი მშობლების დახმარებაც უწევს, რადგან “ოცნებამ” მათთვის მხოლოდ 370 ლარიანი პენსია გაიმეტა და ამ თანხით,ნახევრად მშიერი იქნებოდნენ შვილების დახმარების გარეშე. რამდენი სიცრუე გითქვამთ, მაგრამ, ის, რომ საქართველოში ადამიანები შვილებს იმიტომ არ აჩენენ, რომ დალხენილად ცხოვრობენ, ეს უბრალოდ მოსახლეობის შეურაცხყოფა და დაცინვაა.

ქართველი ერი ოჯახის და შვილების მოყვარული ერია, მათ თქვენგან არ ესწავლებათ არც ოჯახური ღირებულებები და არც შვილებზე ზრუნვა. მაგრამ ისეთ ქვეყნად აქციეთ დღეს ჩვენი სამშობლო ადამიანებს სიმშვიდის და სტაბილურობის განცდა აღარ აქვთ, ამიტომ ვეღარ აჩენენ შვილებს.

საჯარო განათლება ამ ქვეყანაში უხარისხოა, სურსათი ევროპულ ფასებზე ძვირია - საგამოძიებო კომისია ჰქონდა პარლამენტს შექმნილი ამ საკითხზე და შედეგიც ვერ დადეთ, არ იცით როგორ უნდა გადაჭრათ პრობლემები, როგორ გახადოთ სურსათი და მედიკამენტები ხელმისაწვდომი, როგორ გაზარდოთ ხელფასები და პენსია. ყველაზე დიდი დაბრკოლება, რაც დღეს დემოგრაფიულ ზრდას აქვს, არის თქვენი შექმნილი რეპრესიული პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, სიღარიბე და უსამართლობა - ადამიანებს ეშინიათ, რომ ვერ გაუმკლავდებიან იმ ფინანსურ პასუხისმგებლობას, რომელიც ბავშვის გაჩენას მოაქვს. დემოგრაფიის კრიზისი იწყება დაბალი ხელფასიდან, ძვირი საკვებიდან, საცხოვრებლის უქონლობიდან, ჯანდაცვის ხარჯებიდან, ბავშვთა კვების ფასებიდან, ხარისხიანი განათლების მიუწვდომლობიდან...

როგორ შეიძლება თან კორუფციაში იყოთ ჩაფლული და თქვენგან გაღარიბებულ მოსახლეობას უმტკიცებდეთ, რომ შობადობის შემცირების მიზეზი კარგი ცხოვრებაა. თუ გვინდა შევაჩეროთ დემოგრაფიული შემცირება, რაც ასე ემუქრება ჩვენს ერს და ქართულ სახელმწიფოს, უნდა დავიწყოთ ამის გამომწვევ პრობლემასთან გამკლავება. და ეს პრობლემა უსამართლო, უთანასწორო, პოლიტიკურად არაჯანსაღი და ეკონომიკურად მტაცებლური სისტემაა. ქართველებს სჭირდებათ სამშობლო, სადაც იცხოვრებენ თავისუფლად, ღირსეულად და დაცულად, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა მოქალაქეების ტერორზე კი არ იქნება მიმართული, არამედ დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს, იზრუნებს მათზე, და ფინანსურ, სოციალურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას შეუქმნის მოსახლეობას. სწორედ ასეთ პირობებში დედები მშვიდად გააჩენენ შვილებს და ახალგაზრდები შეძლებენ ღირსეულად იზრუნონ საკუთარ ოჯახებზე“,- განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება“. მისივე თქმით, კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად