დღევანდელი საკადრო ცვლილება ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო იყო. სახეზეა კადრების დეფიციტი „ქართული ოცნების“ გუნდში , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დეა მეტრეველმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ კულტურის სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მეტრეველის თქმით, კულტურის სფეროში უამრავი პრობლემაა დაგროვილი, მაია ბითაძის გამოცდილება და კომპეტენცია კი ამ თანამდებობისთვის შეუსაბამოა.
„ერთის მხრივ, ავტორიტეტისა და რეპუტაციის მქონე ადამიანები კულტურის სფეროდან სავარაუდოდ, უკვე თავს იკავებენ და აღარ უნდათ „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირება და მეორეს მხრივ, თავად „ქართული ოცნება“ მაინც ცდილობს თავისი წიაღიდან შიდა პარტიული მკაცრი ვერტიკალის ფარგლებში მოძებნონ ერთგული წევრები ასეთ საკვანძო თანამდებობაზე.
მე მაია ბითაძეზე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ მას კარგად არ ვიცნობ, თუმცა შეხება მქონია. პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და მისი სახელი ერთ-ერთ ხმაურიან გადაწყვეტილებასთან ასოცირდება, როდესაც პარლამენტმა მიიღო და დაამტკიცა ცხოველების შესახებ კანონი. ეს პროცესი ძალიან ხმაურიანი იყო, ძალიან ბევრი ხარვეზითა და პრობლემით შევიდა ძალაში. როდესაც ასეთი გამოცდილებითა და ასეთი კომპეტენციით იბარებ კულტურის სფეროს, უწყებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პასუხისმგებელია ეროვნულ განძზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, სადაც ძალიან ბევრი პრობლემა არის დაგროვილი მისი წინამორბედი კოლეგების დამსახურებით, როგორ უნდა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება?
კულტურის სფერო ძალიან სპეციფიკურია. ადამიანები აპირებენ, ამ სფეროში ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც დარჩნენ და საქმიანობა გააგრძელონ. არავის არ უნდა, ასოცირებულები იყვნენ ძალადობრივი სისტემის მსახურებასთან.
კულტურის სამინისტრო ისეთი საკვანძო უწყებაა, ასეთი ცვლილებების ფონზე ძალიან ზიანდება და მე მეშინია, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც პროფესიონალი ადამიანები გადაიბარებენ ამ სფეროს არაერთი პრობლემით, ძალიან რთული იქნება ამ პრობლემების გამოსწორება.
ქალბატონი მაია ბითაძე იურისტია, როდესაც ის კულტურის სამინისტროში მივა, იქ ძალიან ბევრი იურისტი დახვდება იმიტომ, რომ ეს უწყება პროფესიონალი კადრებისგან დაცალეს. ყველ;ა საკვანძო დეპარტამენტი იურისტებსა და სასჯელაღსრულების სფეროდან გადმოყვანილ ადამიანებს ჩააბარეს.
მე მას მოვუწოდებ, რომ ზვიად რატიანთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გაგვაცნოს. ზვიად რატიანი, ანდრო ჭიჭინაძე უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და რა პოზიციაზეა, რას ფიქრობს ამაზე?“, - აღნიშნა დეა მეტრეველმა.