კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.
გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დღევანდელ სხდომაზე კი მხარეები რეპლიკების უფლებით ისარგებლებენ, ასევე, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს გრიგოლ ლილუაშვილი. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე ნინო თარაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.