„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ 2.4 მილიონი ლარი შესწირეს, რაც პარტიის ამ პერიოდში მიღებული შემოწირულებების 41%-ია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ - აგვისტოში აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ 2.4 მილიონი ლარი შესწირეს, რაც პარტიის ამ პერიოდში მიღებული შემოწირულებების 41%-ია.

ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, „ქართული ოცნება” მსხვილ ბიზნესმენებთან ჩართულია სახელმწიფოს მიტაცების იმგვარ მოდელში, სადაც მოქმედებს პრინციპი Quid pro Quo - „მომეცი, რომ მოგცე”.

„2026 წლის იანვარ-აგვისტოში „ქართული ოცნების” პარტიულ სალაროში ჩარიცხული 5,812,000 ლარიდან 2,403,000 ლარი (41%) აჭარის წილია. ბოლო პერიოდის არასაარჩევნო წლებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოწირულებების ჯამი 2 მილიონ ლარამდე იყო, 2024 წელს - 2,1 მილიონი, 2025 წელს კი - 4,000,000 ლარამდე. 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა.

საკვლევ პერიოდში „ქართული ოცნების” 63 შემწირველიდან 55 ფიზიკური პირი ერთ ან რამდენიმე კომპანიასთან არის დაკავშირებული. ამ კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებში ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით მიიღეს 870 მილიონი ლარი, შემწირველ კომპანიებზე კი 3 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობის ნებართვა გაიცა, ძირითადად, ბათუმსა და ქობულეთში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2026 წლის იანვარ-აგვისტოში განხორციელებული შემოწირულებების შესწავლისას გამოიკვეთა კოორდინირებული დონაციის ტენდენცია. ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 2026 წლის 26 მარტის შემთხვევა, როდესაც 8 ფიზიკურმა პირმა „ქართული ოცნების” ანგარიშზე დიდი თანხები გადარიცხა. 23-24 აპრილს შპს „ნოვას“ მეწილეებმა 278,000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“. იგივე მოხდა 23 მარტს, 13 და 25 მაისსაც, როცა 4-4 ფიზიკურმა პირმა ივანიშვილის პარტიისთვის ასეულობით ათასი ლარი გაიღო. ჯამში ამგვარი სინქრონული გადარიცხვების შედეგად „ქართულმა ოცნებამ” 1,278,064 ლარი მიიღო.

წელსაც თვალშისაცემია მსხვილი სამშენებლო, სამედიცინო, სავაჭრო და თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების მეწილეების შემოწირულებების ტენდენცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მორიგი კვლევა, წინამორბედის მსგავსად, ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება” მსხვილ ბიზნესმენებთან ჩართულია სახელმწიფოს მიტაცების იმგვარ მოდელში, სადაც მოქმედებს პრინციპი Quid pro Quo - „მომეცი, რომ მოგცე”. შემომწირველებს შორის არიან როგორც სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელი თანამდებობის პირები, ასევე, მსხვილი სამშენებლო კომპანიების მეწილეები, რომელთაც ათეულობით ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნებართვა აქვთ აღებული ბათუმის ტერიტორიაზე. შემომწირველებს შორის არიან ბათუმში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მფლობელები და ხელმძღვანელები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად