ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების ერთ უწყებად გაერთიანების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე პარლამენტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ორი უწყების გაერთიანების გარდა, გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და მესამე მოსმენით 83-ხმით (1 - წინააღმდეგი) დაამტკიცეს.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, მთავრობის ადმინისტრაციას სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაციის და ხელშეწყობის ფუნქცია გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებების მიმართულებით მთავრობის მეთაურს სულ სხვა ინიციატივა და გეგმები ჰქონდა. პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას, ბიუროს პირველივე სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი გავიდა, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებას და მთავრობის შემადგენლობაში ახალი თანამდებობის - რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნას ითვალისწინებდა. როგორც ცნობილია, რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა. მდინარაძემ მთავრობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის თაობაზეც გააკეთა განცხადება, მთავრობამ კი პარლამენტში ინიცირებული პროექტი უკან გაიტანა.