მიხეილ სააკაშვილი - მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა „ქოცების“ დივერსიაა და შეგნებული მავნებლობების შედეგია ის, რომ ამას მე მაბრალებენ - ჩემი პოლიტიკა ეფუძნებოდა რუსი ტურისტების შეზღუდულად შემოყვანას მკაცრი კონტროლის ქვეშ

მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა ”ქოცების” დივერსიაა და შეგნებული მავნებლობების შედეგია ის, რომ ამას მე მაბრალებენ - სრული სისულელეა! ჩემი პოლიტიკა 2008 წლის შემდეგ ეფუძნებოდა რუსი ტურისტების შეზღუდულად შემოყვანას მკაცრი კონტროლის ქვეშ, - ამის შესახებ განცხადებას პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, რუსი ტურისტების შემოყვანას ის პოლიტიკურ ფუნქციას ანიჭებდა. სააკაშვილის ინფორმაციით, 2012 წელს ტურისტების საერთო რაოდენობაში რუსი ტურისტების რაოდენობა 20%-ზე ნაკლები იყო.

“ამას მე ვანიჭებდი ძირითადად პოლიტიკურ ფუნქციას, რომ აღვირახსნილი ანტიქართული პროპაგანდის ფონზე შემოსულ რუსებს, უკან ჩაეტანათ ისტორია ქართული რეფორმების წარმატებაზე.

ამავე მიზანს ემსახურებოდა ჩვენი რუსულენოვანი „პირველი კავკასიური“ (პიკ) ტელეარხი და მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით გვქონდა დიდი წარმატება და რუსი პროპაგანდისტები და ხელისუფლები მედვედევის სახით იძულებული გახდა თავი ემართლებინა თუ რატომ არაა რუსეთში საქართველოსავით არაკორუმპირებული პოლიცია და საქართველოსავით სწრაფი განვითარება.

ამავე დროს ჩვენ ძალიან სწრაფად ვავითარებდით ტურიზმს დანარჩენი მსოფლიოს, პირველ რიგში ევროპის და ამერიკის მიმართულებით. ამაზე მეტყველებს ციფრები. 2012 წელს ტურისტების საერთო რაოდენობაში, რუსი ტურისტების რაოდენობა 20%-ზე ნაკლები იყო.

რით მივაღწიეთ ასეთ თანაფარდობას მაშინ? პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და აქ არ ვიქნები ძალიან მოკრძალებული, პირადად ჩემი ძალიან პოზიტიური იმიჯით, მსოფლიოში ჩვენი რეფორმების სახელი მსოფლიოში გაიტანეს ამერიკის პრეზიდენტმა, სხვადასხვა სახელმწიფო მდივნებმა, ევროპელმა ლიდერებმა, სხვადასხვა ბიზნესმენებმა დონალდ ტრამპის ჩათვლით. თვითონ მსოფლიო პრესამ. ჩვენ ვაკეთებდით ჩვენი ქვეყნის რეკლამირებას სხვადასხვა ტელეარხებზე CNN-ზე, BBC-ზე და ა.შ. ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება Royal Caribbean საკრუიზო კომპანიასთან, ბათუმში წლის განმავლობაში 1 მილიონი ამერიკელი ტურისტის შემოსაყვანად, სტამბოლი-ბათუმი-ოდესა საკრუიზო გემებით.

ჩვენ ვქმნიდით განსაკუთრებულ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც ძირითადად დასავლეთის მომხმარებელზე იყო გათვლილი. ჩვენი ექსკლუზიური ნიშის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უნდა ყოფილიყო თეთნულდის ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სათხილამურო კურორტი. რომელიც ლეჩხუმთან გაჭრილი გვირაბით უნდა ჩავსულიყავით ქუთაისის აეროპორტიდან, რომელიც თავიდან ბოლომდე ევროპული მარშრუტებისთვის ავაშენეთ. დასავლეთის ტურისტებზე იყო გათვლილი ასევე ჩვენი მოდერნისტული არქიტექტორული ნაგებობები.

რა ქნეს ქოცებმა თავიდანვე:

  1. ჩაშალეს „როიალ კარიბეანის“ კონტრაქტი.
  2. შეაჩერეს „თეთნულდის“ კურორტის მშენებლობა.
  3. შეწყვიტეს რეკლამები დასავლურ ტელეარხებზე.
  4. დედა უტირეს რეფორმებს და გაანადგურეს ქვეყნის პოზიტიური იმიჯი.
  5. ახლა მთელს მსოფლიოში უკვე სახელგანთქმულ არქიტექტურას მიადგნენ და ანგრევენ თალიბებივით.
  6. ქუთაისის აეროპორტი გადაორიენტირეს ძირითადად რუსეთზე.

ჩვენ არა მხოლოდ ტურისტულად მიგვაბეს რუსეთზე, არამედ მთლიანი ეკონომიკითაც. ის რაზეც დიქტატურის ე.წ. პრემიერი საუბრობს, რომ ტურიზმი ჩამოგვენგრევა თუ რუსები არ შემოვიდნენ. ამას უნდა დავუმატოთ, რომ მთლიანად ლოგისტიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკაც ჩამოგვენგრევა თუ ერთ დღეს რუსებმა გადაწყვიტეს აღარ მოგვცენ ისედაც ძვირი ელექტროენერგია, ან აღარ შემოიტანონ ავტომობილები საქართველოს გამოყენებით. ეს სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ჩემი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში.

და კიდევ არ შემიძლია არ ვთქვა ერთი რამ, რატომ არ შეუძლია სხვა “ექსპერტებს“, პოლიტიკოსებს, აი, ასევე კონკრეტულად უპასუხოს დიქტატურის ამ კატასტროფულ გამონათქვამებს, როგორც ახლა მე ეს გავაკეთე? ხოდა, ვინც მე იმაში მადანაშაულებს, რომ „ერთადერთობა“ მინდა, იქნებ გაძლიერდეს, ცოდნით შეიარაღდეს და თვითონ შეძლოს ამ დებატების უჩემოდ წარმოება, არა? ვერ წარმოიდგენთ ეს როგორ გამახარებდა?

ხოდა ახლა მაინც იაქტიურეთ იმათ ვინც თავის დროზე გიჟად მაცხადებდა, როცა ტურისტების რაოდენობის 50 ათასიდან 10 მილიონამდე გაზრდაზე ვსაუბრობდი“, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა