კაზრეთში, „არემჯის“ სათავო ოფისში, კომპანიის სტუდენტური მხარდაჭერის პროექტის - საზაფხულო სკოლა 2026-ის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში, აგვისტოში, „არემჯის“ საწარმოებში ქართველ სტუდენტებთან ერთად პირველად გაიარეს ერთთვიანი სტაჟირება უცხოელმა სტუდენტებმაც.
კომპანიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საზაფხულო სკოლა უკვე მერვე წელია სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. წელს პროგრამამ პირველად მიიღო საერთაშორისო ფორმატი.
„წელს საზაფხულო სკოლის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა. პირველად შემოგვიერთდნენ სტუდენტები უცხოეთიდან და მონაწილეებს შორის მჭიდრო, პროფესიული კომუნიკაცია ჩამოყალიბდა.
ძალიან მნიშვნელოვანია პროექტში ჩართული სტუდენტების კომპეტენცია, რომელიც ყოველ წელს იზრდება. ამის დამადასტურებელია მათ მიერ დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში წარდგენილი პრეზენტაციები.
საზაფხულო სკოლა ჩვენი კომპანიისა და ქვეყნის პროფესიულ მომავალში განხორციელებული ინვესტიციაა. გვჯერა, რომ სწორედ ეს ახალგაზრდები შექმნიან დარგის ხვალინდელ დღეს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მის განვითარებაში“, - განაცხადა „არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.
სტაჟირების პერიოდში მონაწილეები პროფესიული ინტერესებისა და სპეციალიზაციის შესაბამისად სხვადასხვა მიმართულებაზე გადანაწილდნენ. ერთი თვის განმავლობაში მათ ინტენსიური პრაქტიკული სწავლება გაიარეს გეოლოგიის, რესურსული გეოლოგიის, გეოტექნიკის, სამარკშეიდერო საქმის, მიწისქვეშა სამთო მოპოვების, მადნის გამდიდრებისა და ქიმიური ტექნოლოგიების მიმართულებებით. საზაფხულო სკოლის გერმანელი, ხორვატი და ეგვიპტელი მონაწილეები საქართველოში ევროპული საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის - TIMREX-ის (T-Shaped Master Programme for Innovative Mineral Resource Exploration) ფარგლებში იმყოფებოდნენ.
„მე ხორვატიიდან ვარ, მაგისტრატურის სტუდენტი, ვსწავლობ სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მიმართულებას. საქართველოში ერთთვიანი სტაჟირების ფარგლებში ჩამოვედი. საქართველო ძალიან მომწონს, აღფრთოვანებული ვარ აქაური ხალხით, გარემოთი და ვაფასებ იმ ცოდნას, რაც აქ მივიღე.
მომავალში ამ სტაჟირებას აუცილებლად ვურჩევ სხვა სტუდენტებსაც, რომლებსაც ამის შესაძლებლობა ექნებათ. ჩემს მეგობრებსაც ვეტყვი, რომ აუცილებლად უნდა ჩამოვიდნენ, რადგან აქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, გავიცანი საოცარი ადამიანები, რაც მთავარია, საკუთარი საქმის პროფესიონალები“, - აღნიშნა საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტმა ლარისა ბოშნიაკმა.
„ამ პროექტმა პირველ რიგში მომცა კარგი პრაქტიკული გამოცდილება. უკეთ დავინახე სამთო პროცესი, რაც საკმაოდ კომპლექსურია - აქ გეოლოგი, მარკშეიდერი, სამთოელი - ყველა ერთად მუშაობს. აქ მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება მომავალში“, - განაცხადა საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტმა სანდრო ავქოფაშვილმა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე სტუდენტებმა ჯგუფური პრეზენტაციები წარადგინეს და პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შეაჯამეს. „არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებთან ერთად მონაწილეებს სტაჟირების წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
კომპანიის ცნობით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „არემჯის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ხარისხიანი განათლების მხარდაჭერაა, რაც გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს ეხმიანება. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობით კომპანია ახორციელებს საზაფხულო სკოლის, სასტიპენდიო, ინდივიდუალური განვითარების და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს.