ქალთა ეკონომიკური და ტექნოლოგიური გაძლიერება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 10 წლის განმავლობაში BTU-მ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შექმნა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ქალებსა და გოგოებს ციფრული უნარების განვითარებაში, ტექნოლოგიურ პროფესიებში შესვლასა და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებაში ეხმარება.
ამ მიმართულების მნიშვნელოვანი ეტაპი 2019 წელს „კოდინგის სკოლის ქალებისთვის“ შექმნა იყო. ინიციატივა თავდაპირველად ტექნოლოგიებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურებოდა, შემდგომ კი ფართო საგანმანათლებლო პლატფორმად ჩამოყალიბდა. დღეს პროგრამა 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს და ხელოვნური ინტელექტის, პროგრამირების, კიბერუსაფრთხოების, ციფრული დიზაინის, ტექნოლოგიური მეწარმეობისა და სხვა მიმართულებებს მოიცავს.
კოდინგის სკოლის გარშემო წლების განმავლობაში შეიქმნა არაერთი მასშტაბური პროექტი. მათ შორისაა „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“, „500 ქალი ტექნოლოგიებში“, „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ და „ქალების მენტორობა ტექ სექტორში“. ინიციატივები განხორციელდა ევროკავშირის, UN Women-ის, USAID-ის, ნორვეგიის მთავრობისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.
პროგრამები მონაწილეებს სთავაზობს არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღებას, არამედ პროფესიული ინგლისურის, კარიერული განვითარების, მენტორობის, ლიდერობისა და მეწარმეობის შესაძლებლობებს. მათი მიზანია, ქალებმა მიღებული ცოდნა რეალურ პროფესიულ გამოცდილებად გარდაქმნან, დასაქმდნენ ტექნოლოგიურ სექტორში ან საკუთარი ინიციატივები განავითარონ.
BTU-მ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ ქალების მხარდაჭერასაც, რომელთათვის განათლებასა და დასაქმებაზე წვდომა დამატებით გამოწვევებთან არის დაკავშირებული. უნივერსიტეტმა განახორციელა უკრაინელი ლტოლვილი ქალების ტექნოლოგიური გაძლიერების პროექტი, რომელიც ციფრული უნარების განვითარებასა და ახალ პროფესიულ გარემოში ინტეგრაციას ემსახურებოდა.
ქალთა გაძლიერების მიმართულებით შექმნილმა ინიციატივებმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. BTU-ს გადაეცა UN Women-ის სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობისთვის. უნივერსიტეტმა ასევე მიიღო UN Global Compact-ის კორპორაციული მდგრადობის ჯილდო „ხარისხიანი განათლების“ კატეგორიაში, ხოლო ქალთა ტექნოლოგიური განათლების პროგრამა გრეის ჰოპერის ჯილდოთი აღინიშნა.
ათი წლის განმავლობაში BTU-ს ინიციატივები ცალკეული სასწავლო პროგრამებიდან ქალთა ტექნოლოგიური გაძლიერების მასშტაბურ მიმართულებად ჩამოყალიბდა. 10 000+ ქალმა და გოგომ მიიღო შესაძლებლობა, შეეძინა ახალი ცოდნა, განევითარებინა პროფესიული უნარები, დაკავშირებოდა მენტორებსა და დამსაქმებლებს და საკუთარი კარიერული გზა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში დაეწყო.
BTU-ს მიზანია, ქალებისთვის ტექნოლოგიურ განათლებაზე, პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობებზე წვდომა კიდევ უფრო გააფართოოს და უკვე შექმნილი პროგრამები ახალი მიმართულებებით განავითაროს.
(R)