გიგა ლემონჯავა - მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, აბა, აკრძალოს პარტიები, თუ ამის შნო აქვს! - „პოლიტიკური მიწისძვრის“ დაწყების ნიშნებს ვხედავ, ოქტომბერშიც და ნოემბერშიც იქნება დიდი, ფართომასშტაბიანი, მწვავე, ხისტი პროტესტი

მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, აბა, აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, თუ მაგის შნო აქვს! ბიძინამ იცის, რომ ამით ჩვენთვის არაფერი პრინციპულად არ იცვლება, მისთვის კი ბევრი რამ უარესობისკენ შეიცვლება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვა არის ერთი რეგისტრით მაღალი ავტორიტარული განაცხადი

„ქართულ ოცნებას“ ამით ორი ტიპის პრობლემა ექნება, პირველი არის საერთაშორისო სანქციები პირადად ივანიშვილის, მისი ოჯახისა და მისი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ. პარტიების აკრძალვა არის ერთი რეგისტრით მაღალი ავტორიტარული განაცხადი და მან ეს იცის კარგად. მეორე - ეშინია იმის, რომ პარტიების მიმართ, რომლებსაც აკრძალავს, საზოგადოებაში აუცილებლად გაიზრდება სოლიდარობა. [რაც შეეხება იმას, არჩევნების წინ ხომ არ ასუფთავებს „ოცნება“ პოლიტიკური ოპოზიციისგან ველს], არჩევნები არ არის. 2028 წელს რომ იგივე წესით არჩევნები ჩაატაროს, ეს არჩევნები იქნება? რაც შეეხება უშუალოდ კონსტიტუციურ სარჩელს პარტიების აკრძალვის შესახებ, ამ სარჩელის განხილვას 9 თვიანი ვადა აქვს, ერთხელ ამოიწურა ვადა და გადაწყვეტილება ვერ დაწერეს. მერე სპეციალურად დაამატეს სხვა პოლიტიკური პარტიები, რომ კიდევ გაეწელათ ეს 9 თვე, რომლის ვადაც იანვარში გადიოდა. ახლა კიდევ დაამატეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კიდევ გაწელეს 9 თვე. ამათ რომ პარტიების აკრძალვის თავი ჰქონდეთ, აქამდე არ აკრძალავდნენ? ძალიანაც სურთ, რომ გააქრონ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ორი რამ იცის, პირველი, თუ ამ ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინც დაზარალდება, არის პირადად ივანიშვილი იმიტომ, რომ ბევრი ახალი საერთაშორისო სანქცია წამოვა და მეორე - იციან, რომ ჩვენი ბრძოლა სინამდვილეში არ დგას მაგ რეგისტრაციაზე.

ახალი პოლიტიკური პარტია, „ჯერ საქართველოც“ ამბობს, რომ ეს ფარსი, ლოჯისტიკური რუსული სპეცოპერაცია არ არის არჩევნები და აი, რა უნდა აკრძალონ? რადგანაც ბიძინამ იცის, რომ ჩვენთვის არაფერი პრინციპულად არ იცვლება და სამაგიეროდ, მისთვის ბევრი რამ უარესობისკენ იცვლება, ეშინია და ვერ ბედავს. მივიდეს, აკრძალოს აბა. მინდა რომ მოვუწოდო ივანიშვილის - აბა, აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, თუ მაგის შნო აქვს, ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

პოლიტიკოსმა ისაუბრა პროტესტის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ „უნდა გაკეთდეს საპროტესტო ტალღა მთელი შემოდგომის მანძილზე“. როგორც ლემონჯავამ განაცხადა, ამასთან დაკავშირებით პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს არამხოლოდ იდეები, არამედ ძალიან კონკრეტული გეგმები. როგორც ის ირწმუნება, „დიდი, ფართომასშტაბიანი, მწვავე, ხისტი პროტესტი და წინააღმდეგობა იქნება ოქტომბერშიც და ნოემბერშიც“.

გარდა ამისა, მან სამთავრობო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის შიშებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი წელიწადნახევრის განმავლობაში, ოთხჯერ შეიცვალა.

„როდესაც უწყების ხელმძღვანელი ამდენჯერ იცვლება, ეს ნიშნავს იმას, რომ პირადად ივანიშვილი პირადად თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, ხალხის ეშინია და სწორად ეშინია იმიტომ, რომ ხალხი გამოუტანს წერას მაგ კაცს, აუცილებლად. ასევე, უფროსის ამდენჯერ ცვლილება ნიშნავს იმას, რომ შიგნით ნდობის კრიზისი არსებობს“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში „პოლიტიკური მიწისძვრა იწყება“, სუს-ში ისეთი ტექნიკური გადაწყვეტილება, როგორიცაა ხელმძღვანელის ცვლილება, სისტემას არ შველის.

„როდესაც „პოლიტიკური მიწისძვრა“ იწყება ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად დაიწყება, ვგულისხმობ, სახალხო მღელვარებას, ქუჩაში ხალხის პროტესტს. რეჟიმის ცვლილების სუნი როგორც კი დგება ჰაერში, ასეთი ტექნიკური გადაწყვეტილებები ამ სისტემას ვერ შველის, ამიტომ, მე ჯამში, პოზიტიურად ვაფასებ ამ ცვლილებას. „პოლიტიკური მიწისძვრის“ დაწყების ნიშნებს კი ვხედავ.

ყველა ადეკვატური ადამიანისთვის ცალსახად ჩანს, რომ რეჟიმში შიგნით არის ძალიან მწვავე კრიზისი, დაპირისპირებები. გიორგი ბარამიძის დაკავება და პარტიების აკრძალვაზე საუბრის განახლება უკავშირდება რეჟიმის შიგნით არსებულ კრიზის, რომლის გადაფარვასაც რეჟიმი ცდილობს ძალის დემონსტრირებით. ეს ორი ამბავი არის იმის ნაწილი, რომ რეჟიმი ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ თითქოს ის აკონტროლებს ვითარებას, თითქოს ის შეტევაზეა ოპოზიციის წინააღმდეგ. ამას იმიტომ შვრება, რომ შიგნით აქვს ბზარები და მნიშვნელოვანი კრიზისი. ახლა ნამდვილად არის მომენტი, როდესაც რეჟიმი აჩვენებს სისუსტეს, ამ ტიპის ავტოკრატიული რეჟიმების შემთხვევაში სისუსტის ჩვენებიდან რეჟიმის ჩამოშლამდე არის ერთი ნაბიჯი. რაც ახლა სწორი და ამ ყველაფერზე პასუხია - რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ქუჩაში. ახლა უნდა გაკეთდეს საპროტესტო ტალღა მთელი შემოდგომის მანძილზე, სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერშიც. ამასთან დაკავშირებით პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს არამხოლოდ იდეები, არამედ ძალიან კონკრეტული გეგმები. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს უკვე გამოცხადდა ფართომასშტაბიანი მსვლელობა თბილისში. გარწმუნებთ, რომ იქნება დიდი, ფართომასშტაბიანი, მწვავე, ხისტი პროტესტი, წინააღმდეგობა იქნება ოქტომბერშიც და ნოემბერშიც. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაინახოს, რომ მათ რიგებში არსებული კრიზისის კვალდაკვალ ქართული საზოგადოება ფეხზე დგას, აგრძელებს ბრძოლას და მათ იმედებს, რომ ჩვენ მხარეს ვინმეს დაასრულებენ, ახდენა არ უწერია. როდის უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რა ლოზუნგით და როგორ, ამაზე საზოგადოებას მომავალ დღეებში ჩავაყენებთ საქმის კურსში“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა