ეს არის გამონაკლისი, როდესაც მოწმის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმე, თანაც იქამდე, ვიდრე მოწმე მიიღებდა მოწმის სტატუსს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე „სამართლებრივი ანომალიაა“.
„ამ კონკრეტული ბრალდებისათვის, რაც გულისხმობს სასამართლოს უპატივცემულობას, მოიაზრება ის, რომ შეურაცხყოფა მიყენებული უნდა იყოს პროცესის მონაწილისათვის. პროცესის მონაწილე, მოწმე კანონით ხდება მას შემდეგ, რაც ის მიიღებს განმარტებას უფლებების შესახებ და დადებს ფიცს. უფლებების განმარტებამდე და ფიცის დადებამდე ადამიანს არ აქვს არც მოწმის უფლებები და არც მოწმის მოვალეობები. შესაბამისად, ის არ არის პროცესის მონაწილე და შეუძლებელია ამ დანაშაულის ჩადენა მოწმის მიმართ, სანამ ის ფიცს დადებს. ეს არის ფორმალური მხარე და სამართლებრივი ზღუდე იმისათვის, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში შეწყვეტილიყო დევნა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს სასამართლოს, არაერთი პრობლემის პარალელურად, აქვს კიდევ ერთი პრობლემა წინა სასამართლო სხდომის მოსამართლეებს აქვთ ნულოვანი სტატისტიკა სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტისა. ბუნებრივია, არც ეს საქმე იქნებოდა გამონაკლისი, თუმცა კონკრეტული საქმე ჩვენი მართლმსაჯულების ისტორიაშიც კი არის სამართლებრივი ანომალია. თუ გადახედავთ სასამართლო პრაქტიკასა და სხვა საქმეებს, ის ეხება პროკურორებისა თუ მოსამართლეების მიმართ გაკეთებულ განცხადებებსა და შეურაცხყოფას. ეს არის გამონაკლისი, როდესაც მოწმის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმე, თანაც მანამ, სანამ მოწმე მიიღებდა მოწმის სტატუსს",- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.