მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა - ეს იყო თიბისის მასშტაბური მდგრადი განვითარების ღონისძიების მთავარი თემა, რომელმაც 18 სექტემბერს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 100-ზე მეტი მონაწილე და სტუმარი გააერთიანა.
ღონისძიება თიბისის რისკების მართვის დირექტორმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა გახსნა. მან ისაუბრა თიბისის ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ინოვაციებზე, რომლებიც დადებით ზეგავლენას ახდენს ბიზნესზე, მომხმარებლებზე, თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე. მაკა ბოჭორიშვილმა, თიბისის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების კოორდინატორმა, წარადგინა კომპანიის მიღწევები მდგრადი განვითარების მიმართულებით, მათი წვლილი მწვანე და სოციალური დაფინანსების, განახლებადი ენერგიის, ქალთა გაძლიერების, მრავალფეროვნებისა და მდგრადი განათლების მხარდაჭერაში.
ღონისძიების ძირითად ნაწილს შეადგენდა ბრიტანეთის ინჟინერიის სამეფო აკადემიის საწარმოთა და სივრცითი განვითარების დირექტორის ანა ავალიანის მოხსენება, პანელური განხილვა წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით და ცნობილი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის ინტერვიუ მდგრადობისა და ხელოვნების კავშირზე. დასკვნით ნაწილში ფოტოგრაფმა ღონისძიების სტუმრებს მისი გამოფენის ტურზე უმასპინძლა.
პანელური განხილვა დაეთმო ღონისძიების მთავარ თემას და სტუმრებმა მდგრადი ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განხილვაში მონაწილეობდნენ პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები - დოქტორი გრაცია ფრონტოზო Databricks-დან და შოთა ელყანიშვილი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციიდან (GAIA), ასევე თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების წამყვანი სპეციალისტები - ნუცა აბაზაძე და კონსტანტინე ხოფერია. მათ ყურადღება გაამახვილეს ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე, AI-სა და ინკლუზიურობის ურთიერთკავშირსა და ხელოვნური ინტელექტის იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, ბიზნესსა და მთლიანად საზოგადოებაზე.

დოქტორი გრაცია ფრონტოზო Databricks-ის საველე ინჟინერიის დირექტორია შვეიცარიის, ავსტრიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებისთვის. ფიზიკის დოქტორის ხარისხითა და Google Cloud-სა და Moody's-ში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის C-დონის ხელმძღვანელებს მდგრადი მონაცემებისა და AI ეკოსისტემების მასშტაბირებაში უწევს კონსულტაციას, რაც ლიდერებს რეალური ბიზნეს-ღირებულებისა და გრძელვადიანი მდგრადი სარგებლის შექმნაში ეხმარება.
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიებაზე გრაცია ფრონტოზომ ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის რესურსების ეფექტიან და პასუხისმგებლობიან გამოყენებაზე. მისი თქმით, ტექნოლოგიის დადებითი თუ უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიყენებთ მას ადამიანები.
„საზოგადოების ღელვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით სრულად საფუძვლიანია, მონაცემთა ცენტრების მუშაობა დიდი ოდენობით ელექტროენერგიასა და სუფთა წყალს მოითხოვს. AI-ს ხარჯები მუდმივად იზრდება. საჭიროა პროცესების კონტროლი, რადგან ორგანიზაციები ხშირად ყოველი ამოცანისთვის დიდი მოდელის გამოყენებას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა უფრო მარტივი და სწრაფი გამოსავალი იყოს მართებული. ეს მიდგომა არც ეკონომიკური და არც გარემოსდაცვითი კუთხით არის მდგრადი.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამრეწველო სექტორებში (ენერგიის წარმოება, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა) იმდენად ეფექტური და შედეგიანი შეიძლება იყოს, რომ მიღებული მაჩვენებლები გადაფარავს AI-ს გარემოსდაცვით კვალს. ის, თუ როგორ იმოქმედებს ხელოვნური ინტელექტი გარემოზე, იქნება დამღუპველი თუ მდგრადობის პოზიტიური მამოძრავებელი, დამოკიდებულია მონაცემების სწორ ანალიტიკაზე, არქიტექტურულ დიზაინსა და მის მიზნობრივ გამოყენებაზე“, - განმარტა გრაცია ფრონტოზომ.

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) თანადამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ელყანიშვილმა მთავარი აქცენტები ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელების მნიშვნელობაზე გააკეთა. შოთა მანქანური სწავლების ინჟინერია, კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Google, Pinterest და Microsoft. 2025 წელს ის Forbes Georgia-ს „30 Under 30“-ის გამარჯვებული გახდა ტექნოლოგიების კატეგორიაში.
„ჩვენი საგანმანათლებლო პროექტების მიზანია, საქართველო არა მხოლოდ AI-ს კარგი მომხმარებლების, არამედ მისი შემქმნელების ქვეყანა გავხადოთ. საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერი თიბისია. ჩვენ ერთად არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას ვახორციელებთ. მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადა, რომელმაც წელს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მოგვიტანა - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს ძალიან დიდი წარმატებაა საქართველოსთვის და ამ შედეგის მიღწევა თიბისის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, - აღნიშნა შოთა ელყანიშვილმა.
GAIA საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში AI-ს გამოყენების კულტურის განვითარებას, რისთვისაც სწავლების პროცესი სკოლებიდან უნდა დაიწყოს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად, ხელოვნური ინტელექტი საცდელ რეჟიმში თბილისის 20 სკოლაში, ცალკე საგნის სახით დაემატება. GAIA-ში შეიქმნა AI კლუბების პროექტი, რომელიც აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და მათ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულად გამოყენებას ასწავლის. ორგანიზაციის სურვილია, ეს პროექტები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანონ და მსოფლიოს აჩვენონ, რომ საქართველო ტექნოლოგიური ტალანტების ქვეყანაა.
შოთა ელყანიშვილი: „ინტერაქციული AI-ს განვითარებამ ახალი მოცემულობა გააჩინა. პასუხის მიღება გაიაფდა, კითხვის დასმა კი გაძვირდა. ამიტომ მომავალში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი სწორი კითხვების დასმა და AI-ს პასუხების გადამოწმება იქნება“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღონისძიებაში თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ, მათ სტუმრებს AI-ს ორგანიზაციულ დონეზე დანერგვის მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაუზიარეს.
ნუცა აბაზაძე თიბისის AI გარე ინტერაქციების განყოფილების უფროსია. ბანკს 2019 წელს შეუერთდა, დღეს გუნდთან ერთად მომხმარებლებისთვის ქმნის გენერაციულ AI ჩატბოტსა და AI ხმოვან ასისტენტს. ნუცა Women in Data Science (WiDS)-ის პირველი ელჩია საქართველოში.
„ხშირად გვგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მხოლოდ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებთანაა დაკავშირებული, თუმცა რეალურად მთავარი გამოწვევა მომხმარებლისთვის სანდოობაა. ამ პრობლემის საპასუხოდ, მრავალი მიდგომა არსებობს. საუბრის დაწყებამდე აუცილებელია, მომხმარებელი ინფორმირებული იყოს, რომ მას ხელოვნური ინტელექტი ესაუბრება. არ უნდა ვცადოთ იმის დამალვა ან შეპარება, თითქოს ამ არხის უკან ადამიანია, რადგან როგორც კი მომხმარებელი სიცრუეს აღმოაჩენს, ნდობა პირველივე ინტერაქციის შემდეგ დაიკარგება. დიდი შესაძლებლობების მიუხედავად, დიალოგის მიმდინარეობისას AI-ს ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებიც აქვს. პასუხების გამოგონებისა და სავარაუდო ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად, ჩატბოტმა ღიად უნდა აღიაროს, როცა კომპეტენცია არ ჰყოფნის და მომხმარებელი ადამიანთან გადაამისამართოს. საჭიროა დიალოგების შენახვა და მათი სწორად დამუშავება. იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტი საინტერესო მოსაუბრე იყოს და რეალურად დაეხმაროს მომხმარებლებს, მას მონაცემებზე წვდომა სჭირდება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები ზუსტად, უსაფრთხოების მოთხოვნებისა და სტანდარტების მკაცრი დაცვით იყოს შენახული და გამოყენებული.
ამ ყველაფრის გათვალისწინება საბოლოო ჯამში სწორედ ნდობაში აისახება. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის ჩატბოტი ჯერ კიდევ სიახლეა, თავდაპირველად მათი დიდი ნაწილი პირველივე შეტყობინებაში ადამიანთან საუბარს ითხოვდა. დროთა განმავლობაში ეს მაჩვენებელი 10%-მდე შემცირდა, რაც ცალსახად გაზრდილი ნდობისა და გამოცდილების შედეგია“, - ნუცა აბაზაძე.

კონსტანტინე ხოფერია თიბისის AI და მონაცემთა მართვის დირექტორია. ის ხელმძღვანელობს ბანკის მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიას, ასევე 200-ზე მეტი პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს, რომელიც მონაცემთა ინჟინერიის, ანალიტიკის, მონაცემთა მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტისა და მმართველობის მიმართულებებს აერთიანებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა AI-ტრანსფორმაციას თიბისიში.
კონსტანტინე ხოფერიამ სტუმრებს დიდი ორგანიზაციის შიგნით ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და მართვის გამოცდილება გაუზიარა:
„ხელოვნური ინტელექტის სისტემური დანერგვისა და წარმატებით გამოყენებისთვის ორ ფაქტორს გამოვყოფდი: პირველი - თუ მონაცემები, რომელზეც ხელოვნური ინტელექტის მოდელები მუშაობენ, არ არის ხარისხიანი, სანდო, დაცული და მოწესრიგებული, სწორი შედეგების მიღება პრაქტიკულად გამორიცხულია. მეორე ნაწილი არის პასუხისმგებლობა - ფინანსური ინსტიტუტისთვის ცდომილება დაუშვებელია, ამიტომ აუცილებელია სათანადო მმართველობითი ჩარჩო: ყველა იმ გადაწყვეტილების უკან, რომლის მისაღებადაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება, უნდა იდგეს პასუხისმგებელი პირი ან ადამიანთა ჯგუფი, რათა მკაცრად განისაზღვროს, სად შეიძლება და სად არა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.
სანამ გენერაციული AI გამოჩნდებოდა, თიბისიში გვქონდა მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით რაღაც უფრო მასშტაბური უნდა მომხდარიყო. ამიტომ, დაახლოებით 5-6 წლის წინ, ჩვენს ძალიან საამაყო პარტნიორთან, Databricks-თან ერთად, მონაცემთა მიგრაციისა და მოწესრიგების პროექტი დავიწყეთ. პირველი ფინანსური ინსტიტუტი ვართ საქართველოში, რომელმაც საკუთარი ანალიტიკური მონაცემები სრულად ღრუბლოვან პლატფორმაზე გადაიტანა. დღეს თიბისიში ნებისმიერ ადამიანს, ყოველგვარი ტექნიკური გამოცდილების გარეშე, შეუძლია ქართულ ენაზე დაუსვას კითხვები ბანკში არსებულ მონაცემთან დაკავშირებით, ხელოვნური ინტელექტი კი მათ წამებში უბრუნებს პასუხს და საკითხის სიღრმისეულ ანალიზს. საქართველოს ფინანსურ სექტორში გვაქვს ყველაზე ძლიერი AI-მონაცემთა მართვის პლატფორმა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, AI-პროდუქტები, სერვისები და გადაწყვეტილებები გაცილებით უფრო სწრაფად განვავითაროთ, ვიდრე ამას სხვა შემთხვევაში შევძლებდით“, - კონსტანტინე ხოფერია.

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება მთელი წლის მთავარი მიღწევების შეჯამებასა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური თემების განხილვას ემსახურება.
როგორც ღონისძიებაზე მრავალჯერ აღინიშნა, თიბისისთვის ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და პროცესების ავტომატიზაცია განვითარებისკენ მიმავალი გზის განუყოფელი ნაწილია. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები სწორად და მდგრადად იმართოს, რათა საუკეთესო შედეგები და გამოცდილება მოუტანოს თანამშრომლებს, მომხმარებლებს, პარტნიორებსა და საზოგადოებას.
(R)