გიგი გიგიაძე - 2012 წელს საქართველო იყო ევროკავშირისა და ნატო-ს ახლო პარტნიორი, ნათელი წერტილი აღმოსავლეთ ევროპაში, “კარგი მოსწავლე”- დღეს საქართველო ჩამორჩენილია დასავლეთისგან, ირანი, ჩინეთი და რუსეთი კი აძლიერებენ გავლენებს

2012 წელს საქართველო იყო ევროკავშირის, ევროპის, ნატო-ს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლო პარტნიორი, ყველაზე მოწინავე ქვეყანა ბევრი მიმართულებით, დღეს კი ჩვენ გვაქვს სრულიად საპირისპირო რეალობა , - ამის შესახებ დიპლომატმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიგი გიგიაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” “ქართული ოცნების” 14-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველოს აღარავინ აღიქვამს სერიოზულად და მასთან დაკავშირებით ძალიან ნეგატიური გადაწყვეტილებები მიიღება.

“2012 წელს საქართველო იყო ევროკავშირის, ევროპის, ნატო-ს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლო პარტნიორი, ყველაზე სწრაფად ტრანფსორმირებადი ქვეყანა. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოსწავლე გუნდში, რომელსაც ერქვა “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრები”. საქართველო იყო ყველაზე მონდომებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამხდარიყო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა, საქართველო იყო რეალურად ევროკავშირისა და ნატო-ს დასაყრდენი ამ რეგიონში, საქართველო ყველაზე აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო-საწვრთნელ სამშვიდობო მისიებში, რომელსაც ახორციელებდა როგორც ერთი ორგანიზაცია, ასევე, მეორე და საქართველო იყო ყველაზე დიდი ნათელი წერტილი აღმოსავლეთ ევროპაში იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც რეალურად ჰქონდა სურვილი, რომ გამხდარიყვნენ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები.

დღევანდელი დღის გადმოსახედიდან ჩვენ გვაქვს სრულიად საპირისპირო რეალობა - საქართველო არის ყველაზე ჩამორჩენილი, ყველაზე დისტანცირებული, ყველაზე მეტად შორს მყოფი ქვეყანა ევროკავშირისა და დასავლეთისგან. ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც საქართველომ დაკარგა ყველა მონაპოვარი, რომელიც გვქონდა ამ გზაზე. საქართველოს აღარავინ აღარ აღიქვამს, როგორც რეალურ კანდიდატს, რეალურ რეფორმატორს, რეალურ მოწინავე ჯგუფში მყოფ ქვეყანას.

საქართველოსთან მიმართებით, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მიიღება საკმაოდ მკაცრი სანქციები და საკმაოდ უარყოფითი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვაქვს ძალიან უარყოფითი შეფასება უამრავი მაჩვენებლის მიხედვით და ეს სიახლე არ არის, ეს დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უკუსვლა”, - აღნიშნა გიგიაძემ.

დიპლომატმა ასევე შეაფასა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ ხშირად გაკეთებული განცხადებაც, რომლის მიხედვითაც დღეს ქვეყნის სუვერენიტეტი ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და ქართულ სახელმწიფოს უკვე ზემოდან ვეღარავინ შეხედავს. როგორც გიგიაძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რომელ სუვერენიტეტზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში რუსეთი, ჩინეთი და ირანი გავლენებს აძლიერებენ.

“ამ განცხადებაზე ალბათ ყველაზე ნათელი პასუხი იქნება ის განცხადებები და ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ბოლო პერიოდში ირანის ელჩისგან, რომელიც ზოგადი შეურაცხყოფებიდან და დაშინებიდან გადავიდა ისეთი წმინდა საკითხების განხილვაზე, რომელიც ქართველებისთვის არის უკიდურესად ფასეული და ემოციური.

ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველოში ძლიერდება რუსეთის, ირანისა და ჩინეთის გავლენები, რასაც აქამდე არასდროს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველო არის მარტოდ დარჩენილი. სუვერენიტეტზე საუბრის დროს, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ცალსახად იზიარებდნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ჩვენნი არჩევანის თავისუფლებას, ამ ქვეყნებთან მიმართებით “ქართულ ოცნებას” დაწყებული აქვს გამალებული ბრძოლა, მათი ყოველდღიური შეურაცხყოფა. საქართველო უკვე რეალურად არის მოწყვეტილი ჩვენი ტრადიციული პარტნიორების სივრცეს და დარჩენილი ვართ იმ რეალობაში, როდესაც ირანი, ჩინეთი და რუსეთი განსაკუთრებით აძლიერებენ საკუთარ ყოფასა და გავლენებს საქართველოში.

ასეთ ვითარებაში, რომელ სუვერენიტეტზეა საუბარი,სრულიად გაუგებარია”, - აღნიშნა გიგიაძემ.

მან საქართველო-ირანის ურთიერთობებსა და ქვეყანაში ირანის ინტერესებზეც ისაუბრა, განიხილა ირანის ელჩის განცხადება, რომელიც ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით ალი მოჯანიმ რამდენიმე დღის წინ გააკეთა და განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ მსგავსი რიტორიკით საუბარს ვერავინ გაბედავდა.

გიგიაძის თქმით, დასავლეთთან დაშორების შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა ვაკუუმი, რომლის შევსებაც ირანმა საკუთარ თავზე აიღო, რადგან, მისივე თქმით, ირანი კარგად ხვდება, რომ ახლა არის საუკეთესო დრო თავისი გავლენების გასაძლიერებლად.

“ჩამოყალიბდა ვაკუუმი, რომელიც არასდროს არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს საგარეო კურსი ყოველთვის იყო ძალიან ცხადი, ყოველთვის განსაზღვრული იყო, საით ვმოძრაობდით. ეს ყველასთვის ცხადი იყო, განსაკუთრებით ირანისთვის. აქამდე ვერასდროს ვერავინ, ვერც ირანის ელჩი და ვერც ვერცერთი წარმომადგენელი ვერ გაბედავდა მსგავსი რიტორიკით საუბარს საქართველოსთან, ვერავინ გაბედავდა მსგავსი განცხადებების გაკეთებასა და მსგავსი მუქარების გაჟღერებას იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცოდა, ვის გვერდით ვიდექით ჩვენ, ვინ იყვნენ ჩვენი პარტნიორები და ვის გუნდში მოვიაზრებოდით.

მას შემდეგ, რაც მოხდა საქართველოს დაშორება და კატასტროფული დისტანცირება ევროპისგან, ევროკავშირისგან და დასავლეთისგან, გაჩნდა ძალიან ბუნებრივი ვაკუუმი, რომლის შევსებასაც ახლა ირანი თავისი გავლენით ცდილობს.

ირანი ძალიან კარგად ხვდება, რომ ახლა არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისათვის, რომ აქ საკუთარი ყოფნა გააძლიეროს.

ირანის ელჩი უკვე აღარ ერიდება აღარაფერს. მას ჰგონია, რომ ყველაფრის თქმა და გაკეთება შეუძლია, საკუთარ თავს შებოჭილად აღარ თვლის და ანგარიშს აღარავის უწევს. ეს ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს. ეს გამოიწვია “ქართული ოცნების” იმ უგუნურმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც 14 წელია, ჩვენ თვალს ვადევნებთ”, - განაცხადა გიგიაძემ.

დიპლომატმა ასევე შეაფასა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ირანის ელჩის დაბარების ფაქტი, რომელიც სწორედ ქეთევან დედოფლის შესახებ ალი მოჯანის განცხადებას მოჰყვა და აღნიშნა, რომ უწყებამ, მაშინ გადაწყვიტა ელჩის დაბარება, როცა საზოგადოების მწვავე რეაქცია დაინახა.

“ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, თუ რის შემდეგ გადადგა ნაბიჯები ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ - მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში მოხდა ძალიან მკაცრი რეაგირება, როდესაც ხალხმა ძალიან ნეგატიურად შეაფასა ეს განცხადება. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვეტილება, რომ მიეყვანათ ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და მასთან საუბარი გაემართათ.

ჩვენ არ გვახსენდება იგივე რეაქცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როდესაც მანამდე ელჩი რამდენჯერმე დაემუქრა საქართველოს სხვადასხვა პოსტით, თუ საქართველო შეუერთდებოდა სანქციებს, რომელიც ამერიკამ ირანს დაუწესა. მან პირდაპირ, სრულიად შეუნიღბავად მუქარის ენითა და მუქარის ტონით ესაუბრებოდა ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში მისი დაბარება უწყებაში არ მომხდარა”, - აღნიშნა მან.

გიგიაძემ დიდი ბრიტანეთის მიერ „რუსეთის სანქციების რეჟიმის“ ფარგლებში 31 პირის დასანქცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის გზავნილი იმის შესახებ, რომ სანქცირების პროცესი არ შეჩერებულა.

“ეს არის გზავნილი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ სანქციების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, სანქცირების პროცესი არ შეჩერებულა და როგორც ბრიტანეთი, ასევე ევროკავშირი თავიანთ დღის წესრიგში განიხილავენ “ქართული ოცნების”, ასევე მათი რეჟიმის გამაძლიერებლების, ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ რეჟიმის სამსახურში დგას, სანქცირების შესაძლებლობას.

თუ ბოლო წლებს დავაკვირდებით, ერთადერთი მხარე, რომლის დიდწილად დარჩა სრულიად პირნათელი და რაციონალური საკუთარ ქმედებებთან, ეს არის ევროკავშირი. ევროკავშირს არცერთ მომენტში, არცერთ საკითხში არ უღალატია თავისი ღირებულებებისთვის. რაც თქვა, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში, ყველაფერი აღასრულა.

ასევე დიდმა ბრიტანეთმა ძალიან მკაფიოდ გააკეთა განაცხადი, რომ ის მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებს დიდი ბრიტანეთი იღებს. ანუ რეალურად, ევროკავშირი უემოციოდ აგრძელებს თავის მიზანმიმართულ პოლიტიკას, მათ შორის, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან მიმართებით და მე მგონია, რომ უახლოეს მომავალში დღის წესრიგში დააყენებენ საქართველოსთან მიმართებაში საკითხს და მოხდება შეფასება, რა მომავალი ექნება მას.

მე არ გამოვრიცხავ სანქციების პროცესის გაგრძელებას, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან, როგორც ორგანიზაციის მხრიდან”, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია