ესპანეთის მთავრობის განცხადებით, ესპანეთის პოლიციამ ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ანკლავ სეუტაში მიგრანტთა ბანაკი დაშალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ ივლისის ბოლოს მაროკოდან სეუტაში 72 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ მიგრანტთა უმეტესობა მოგვიანებით უკან დაბრუნდა, ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ანკლავში სულ მცირე 10 000 ადამიანი რჩება, რაც ადგილობრივ რესურსებზე დიდ დატვირთვას ქმნის და დაძაბულობას აძლიერებს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ პოლიციამ მიგრანტები„ტრამპოლინის სანაპიროდან, სადაც ისინი ორი თვის განმავლობაში კარვებსა და სახელდახელოდ გაკეთებულ თავშესაფრებში ცხოვრობდნენ, დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა, სადაც შესაბამის პროცედურებს გაივლიან ან მაროკოში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემენ.
დაძაბულობა გრძელდება იმ მიგრანტების გამო, რომლებიც ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს ამ ანკლავში; აღნიშნულ ტერიტორიაზე 80 000 ადამიანი ცხოვრობს. შაბათს ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მიგრანტების ტერიტორიიდან გასვლა მოითხოვა.
მეფე ფელიპე და დედოფალი ლეტიცია სეუტას 13-14 ოქტომბერს ეწვევიან; ეს იქნება მეფის პირველი ვიზიტი ამ ტერიტორიაზე მისი 12-წლიანი მმართველობის პერიოდის განმავლობაში.
ვიზიტი მაროკოსთან არსებული ხანგრძლივი დაძაბულობის ფონზე ხორციელდება; მაროკო სუვერენიტეტს აცხადებს როგორც სეუტაზე, ისე ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკის კიდევ ერთ ანკლავზე - მელილიაზე.