რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ოჯახის წევრის ნაამბობზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 2 ოქტომბერს მოხდა.
პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ პენიტენციურ სამსახურში და აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის "მყისიერი მიმართვის საფუძველზე" გამოძიება დაწყებულია.
პატიმრის მამიდის განცხადებით, ოჯახს პარასკევს შეატყობინეს, რომ მსჯავრდებული იაკობ გულედანი საკანში გარდაცვლილი ნახეს. მამიდა პატიმრის მიერ სუიციდის ფაქტს უარყოფს.
„მე მამიდა ვარ. პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია. იძახიან, რომ თავი მოიკლაო, ბიჭებს უთქვამთ იქ, ტუალეტში შევიდაო, ლურსმანზე ყოფილა "კაპრონის ძაფი" და თავი ჩამოიხრჩოო. დილას კიდევ ყავა დაულევია. ან მოწამლეს... არ ვიცი ექსპერტებმა რა დაადგინეს და რა არა, თავს არაფრით არ მოიკლავდა, ძალადობის კვალიც აქვს, მგონი", - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
მისივე თქმით, მას საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე თვეში უნდა დაეტოვებინა.
"თავს არ მოიკლავდა. სამწელიწად-ნახევარი ციხეში იყო და თავი არ მოუკლავს და ახლა, 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა? თან ვარაუდია ახლა ეს. ციხის თანამშრომლებმა თქვეს, რომ დილით ყავა დალია, მერე ტუალეტში შევიდა და რომ შეაგვიანდა და აღარ გამოვიდა, მივაკითხეთ, კარი დაკეტილი იყო, შევამტვრიეთო და ლურსმანზე იყო ჩამოკიდებული ამ კაპრონის ძაფით“ ,- აცხადებს მამიდა "ტვ პირველთან".