უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მადლობა გადაუხადა უცხოური დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან დაბომბვისა და მუქარის მიუხედავად, კიევში მუშაობას აგრძელებენ.
“მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ უცხოელი კოლეგის მიმართ, რომლებიც ამ რთულ პერიოდში უკრაინაში რჩებიან და მუშაობენ, და არ ნებდებიან რუსულ დაშინებას”, - დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რუსეთის მიერ კიევში დიპლომატიური კორპუსის დაშინების მცდელობა ექვსი თვის წინაც ჩავარდა და ახლაც ჩავარდება.
"უსასრულოდ შეიძლება სამ რამეს უყურო: როგორ იწვის ცეცხლი, როგორ მიედინება წყალი და როგორ ცდილობენ რუსი კრიმინალები კიევში დიპლომატიური კორპუსის დაშინებას. ეს კამპანია ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ ჩავარდა და ახლაც ჩავარდება”, - აღნიშნა სიბიგამ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს, მოუწოდა, თავი შეიკავონ უკრაინაში ყოფნისგან, ან იქ გამგზავრებისგან, რადგან, უწყების მტკიცებით, “რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სისტემატურ და მუდმივ დარტყმებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო ობიექტებზე”. უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა კატარინა მატერნოვამ დღეს განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის მიუხედავად, კიევში ევროკავშირის ყველა საელჩო მუშაობას განაგრძობს.