გაუპატიურების დროს ექიმი იქ არის, მაგრამ ექიმმა რომ შეგატყობინოს ასეთი მგდგომარეობააო, არა! განცხადებით უნდა ვგებულობდეთ, სოციალური ქსელიდან ჩვენ? მართლა არაკაცები!! , - ასე ეხმაურება "ინტერპრესნიუსთან" მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულმა სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი საგანი.
ასევე, "ინტერპრესნიუსთან" პატიმრის დედამ, ირმა დავითაძემ განუცხადა, რომ ოჯახი ახლა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გეგმავს მისვლას.
მათ მოხმდარის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს.
პატიმრის დედა სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოუწოდებს, მისი პატიმარი შვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
"სახალხო დამცველს ვერ დავუკავშირდი, სამუშაო დრო არ არის, მაგრამ ის ვალდებულია, აიღოს ყურმილი, როცა ვიღაც ურეკავს, ბოლოს ძლივს ვიღაცას დავუკავშრიდი, პიარსამსახურს და მოვითხოვე, სასწრაფოდ წავიდნენ იქ-მეთქი. არავინ დაგვკავშირებია, არავინ ინფორმაციას ჩვენ არ გვაძლევს. საოპერაციოდ გადაჰყავთ, ცუდადაა, თუ რა, არასდროს არაფერი ვიცით, შემდეგ ვგებულობთ.
ჩვენ ახლა ციხესთან მივდივართ. რაღაც საგანი გადაყლაპაო, პროტესტის ნიშნადო, არ ვიცი ამას წინ რა უძღვოდა, რა იყო, რა უთხრეს. გამოიტანენ კი ხმოვანს, იქ რაც იწერება? რა თქმა უნდა, არ გამოიტანენ! როგორც ჩანს, ეს არის მორიგი ზეწოლა, აშკარად ზეწოლაა, არ ვიცი რა შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც პროტესტის ნიშნად გააკეთა. მოვითხოვ, სასწრაფოდ, სახალხო დამცველმა პასუხისმგებლობა აიღოს გიორგის ჯანმრთელობაზე",- განაცხადა პატიმრის დედამ ირმა დავითაძემ.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.