ვახტანგ ძაბირაძე - “დიახ, ოპოზიციის სისუსტის გამო პროცესები შესაძლოა სახიფათო სცენარით განვითარდეს”
პრეზიდენტ ყაველაშვილის ყოფილი მწვრთნელი და თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ვალერი გაზაევი “სამხრეთ ოსეთის ელჩად” ინიშნება
გუგა ბესელია - “თამაშდამოკიდებულება ფსიქიკური დაავადებაა, რომლის ტირაჟირებასაც სათამაშო ბიზნესი ახდენს”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “დიახ, ოპოზიციის სისუსტის გამო პროცესები შესაძლოა სახიფათო სცენარით განვითარდეს”
“ამ ხალხს, ვინც დასაქმებულია სახელისუფლებო ვერტიკალში, ყოველთვის აქვს განცდა, რომ უმაღლესი ხელისუფალი მათ არ გაწირავს. არა მხოლოდ მათ, ეს განცდა საზოგადოებაშიც არის. შესაბამისად, ამ ატმოსფეროს ჩვენ როგორღაც ვეგუებით. ასეთ ვითარებაში, როცა არც საზოგადოების მხარდაჭერაა მოსალოდნელი და ხელისუფლებასაც არ სურს მძიმე რეფორმების გატარება, ძალიან რთულია პოზიტიური შედეგის მიღება. მართვის ის სისტემა, რაც დღეს არის დამკვიდრებული ქვეყანაში, იგივეა, რაც იყო “ნაცმოძრაობის” დროს. უბრალოდ, მისი ოდნავ ტრანსფორმირება მოხდა, მეტი არაფერი. როდესაც მართვის სტილი არ იცვლება, როცა იგივე ხალხია ხელისუფლებაში, სასამართლოში, ბიზნესზე აღარაფერს ვამბობ, ვინ და რატომ შეცვლიდა პენიტენციარულ სისტემას?! თოთხმეტი წლის წინ ვამბობდი, რომ თუ არსებული სისტემა არ შეიცვლება, მისი მართვა შეუძლებელი იქნება რეპრესიებისა და კორუფციის გარეშე-მეთქი. სამწუხაროდ, მივიღეთ როგორც რეპრესიული მიმართულება, ისე კორუფციული”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “დიახ, ოპოზიციის სისუსტის გამო პროცესები შესაძლოა სახიფათო სცენარით განვითარდეს”.
“რეალობა ასეთია: ვიდრე მართლაც არ შევცვლით მართვის სისტემას და არ შევქმნით დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სულ ასეთ ვითარებაში ვიქნებით - “ქართული ოცნება” იქნება ეს თუ მოვა ოპოზიცია. რაც შეეხება დავითაძეს, მესმის, რომ აუცილებელია ამ საქმის ისე გამოძიება, რომ კითხვები არ დარჩეს, მაგრამ ამ ხელისუფლების, ამ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის პირობებში ვინმეს სჯერა, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება? მე არ მჯერა... როდესაც “ნაცმოძრაობის” დროს ციხის კადრები გამოქვეყნდა და საზოგადოება აღშფოთდა, უკვე არსებობდა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქონდა მიზიდულობა და რომელიც იმჟამინდელ ელექტორალურ ოპოზიციასა და ძირითად მასას აერთიანებდა. კადრები ამას დაემატა და ამან გამოიწვია “ნაცმოძრაობის” ვერტიკალის ცვლაც და “ნაცმოძრაობის” გარკვეული ნაწილის ტრანსფორმირებაც “ქართულ ოცნებაში”. დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციაში არ გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლისადმიც ოპოზიციურ ელექტორატს ლოიალური დამოკიდებულება ექნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ოპოზიცია დაყოფილია ჯგუფებად. თავად ელექტორატიც არ არის ერთიანი. ყველაზე რთული და სახიფათო ის არის, რომ უარყოფითი მუხტი საზოგადოებაში იზრდება, ხოლო მისი რეალიზაციის შესაბამისი პოლიტიკური სპექტრი არ არსებობს. მუხტი გაიზრდება, მაგრამ რადგან პოლიტიკური სპექტრი ამას ვერ პასუხობს, არის საშიშროება, რომ ამან შეიძლება სპონტანურად, რაღაც ფაქტორის გამო კულმინაციას მიაღწიოს და უმართავ პროცესებში გადაიზარდოს. ეს ძალზე სახიფათოა არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. რეალობა ასეთია და მისი გამოსწორების საშუალება ჯერ არ ჩანს, რადგან არ არსებობს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციური ამომრჩევლისთვის. დიახ, ოპოზიციის სისუსტის გამო, პროცესები შესაძლოა სახიფათო სცენარით განვითარდეს”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“რაც შეეხება გასულ კვირას “ნაციონალური მოძრაობის” აქციას, ჩემი დამოკიდებულება “ნაციონალებისადმი” დიდი ხანია ცნობილია, მიუხედავად ამისა, მეც კი არ ველოდი პროტესტანტების ასეთ მცირე რაოდენობას. ეს ნიშნავს, რომ “ნაცმოძრაობა” კარგავს ერთგულ ელექტორატს. თუ წინა არჩევნებში მათ ორასი ათასის ფარგლებში შეძლეს ხმების აღება, დღეს, გამომდინარე იქიდან, რაც ვნახეთ, გამოდის, ძალიან რთული ვითარება აქვთ. ვფიქრობ, მიზეზი კომპლექსურია. ძალიან ცუდი პროცესი მიდის თავად `ნაცმოძრაობაში~. ვგულისხმობ თავმჯდომარეების გაუთავებელ ცვლას. სხვათა შორის, აქციას მედიასაშუალებებით შევხედე და გამიჩნდა კითხვა, სააკაშვილის ახალი ფავორიტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, რატომ არ იყო აქციაზე? რამე შეიცვალა ისევ? მოკლედ, აღარც ძველი იყო, აღარც ახალი... რამდენიც არ უნდა იძახოს სააკაშვილმა, რომ გრაფი მონტე-კრისტო და მანდელაა, სამწუხაროდ, არც ერთია და არც მეორე... ასეთი განცხადებები და სააკაშვილის ხშირი აქტიურობა თვით მასა და “ნაცმოძრაობას” ხელს უშლის იმის მიღწევაში, რასაც ცდილობენ”, - განაგრძობს ექსპერტი.
“ისევე, როგორც სააკაშვილი, ღარიბაშვილიც ცდილობს რამენაირად თავი დააღწიოს პატიმრობას, ოღონდ სხვადასხვა გზითა და მიმართულებით. ღარიბაშვილი ისევ და ისევ ცდილობს ივანიშვილს თავი შეაცოდოს, რათა მან გაიღოს მოწყალება და გაათავისუფლოს. ღარიბაშვილის მთელი ეპისტოლარული ჟანრი სწორედ ამას ემსახურება. ჩემი ღრმა რწმენით, ის ცდილობს დაუმტკიცოს ივანიშვილს, რომ მისი ერთგული იყო და არის. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს ეს საზოგადოებაზე, ჩემი აზრით, არანაირად... არ ვლაპარაკობ იმ ჯგუფზე ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების გარეთ (ბიზნესჯგუფებზე), რომელიც ღარიბაშვილთან იყო მიბმული და, ფაქტობრივად, იკვებებოდა ღარიბაშვილის ხელიდან - ისინი, რა თქმა უნდა, გაღიზიანებული არიან, მაგრამ ხმას არ ამოიღებენ, ვიდრე არ გაიგებენ ივანიშვილის გადაწყვეტილებას. ღარიბაშვილმა, უბრალოდ, ჩათვალა, რომ ივანიშვილს ახლა სჭირდება, რომ ვიღაცამ კობახიძესა და მდინარაძეს შეუტიოს, და აი, აქედან გამომდინარე დაიწყო აქტიურობა. ჩემი აზრით, ეს არასწორი პოლიტიკური გათვლაა, იმიტომ, რომ ივანიშვილს არც ღარიბაშვილი სჭირდება და არც არავინ”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
“ბერა ივანიშვილის მიმართვაში კი არის ერთი საინტერესო მომენტი: იქ ნათქვამია, რომ მან თავისი უფლებების დაცვა მიანდო პროფესიონალსა და ერთ-ერთ ცნობილ ადვოკატს დავით ასათიანს. მე ასათიანის პროფესიონალიზმზე არაფერს ვიტყვი, მართლაც კარგი ადვოკატია, მაგრამ ამ ვითარებაში არანაირი იურიდიული განათლება არ არის საჭირო იმისთვის, რომ თუ ივანიშვილი სარჩელს შეიტანს სასამართლოში, ის მოიგოს. რა აუცილებელია ამ პროფესიონალის დაკავება და მოწყვეტა რეალურ საქმეზე? იყოს ნებისმიერი - რომელი მოსამართლე იტყვის დღეს უარს და გაამტყუნებს ბერა ივანიშვილს? ასე რომ, თავისთავად ეს წერილიც და ეს პროცესიც ჩემთვის იუმორისტული ჟანრია, იმიტომ, რომ ბერა ივანიშვილის გამტყუნება საქართველოში წარმოუდგენელია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ წერილით ზეგავლენას მოახდენს საზოგადოებაზე, ცდება. დარწმუნებული ვარ, მისი, სულ ცოტა, 90%, მათ შორის “ქართული ოცნების” მომხრეებიც, ზუსტად ჩემსავით ფიქრობენ”, - დასძენს ძაბირაძე.
პრეზიდენტ ყაველაშვილის ყოფილი მწვრთნელი და თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ვალერი გაზაევი “სამხრეთ ოსეთის ელჩად” ინიშნება
“რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის “ელჩად” ცნობილი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ვალერი გაზაევი ინიშნება, რასაც ცხინვალური “ტელეგრამ” არხები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ. გაზაევი საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი იყო და კარიერის ბოლოს თბილისის “დინამოშიც” თამაშობდა. შემდეგ წვრთნიდა ვლადიკავკაზის “ალანიას”, რომელშიც იმ პერიოდში საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თამაშობდა. ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, კრემლის ეს ნაბიჯი რეგიონში გავლენის გაძლიერებასა და საქართველოს მმართველ ძალასთან “სახალხო დიპლომატიით” საერთო ენის გამონახვის მცდელობაზე მიუთითებს. გაზაევის “ელჩად” დანიშვნის ინფორმაცია “ტელეგრამ” არხმა “ნეზიგარმა” გამოაქვეყნა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ “ოფიციალურად” დადასტურებული არ არის. მათი წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება უკვე შეთანხმებულია კრემლთან და გაზაევი მალე შეუერთდება დე ფაქტო პრეზიდენტ მარატ კამბოლოვის გუნდს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პრეზიდენტ ყაველაშვილის ყოფილი მწვრთნელი და თბილისი “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი “სამხრეთ ოსეთის ელჩად” ინიშნება.
“გაზაევი შეცვლის ზნაურ გასიევს, რომელიც რუსეთში “სამხრეთ ოსეთის საელჩოს” ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. წყაროს შეფასებით, “ელჩად” ისეთი პერსონის დანიშვნა, როგორიც გაზაევია, შესაძლოა გახდეს რუსეთთან სამხრეთ ოსეთის შეერთების პროცესის დაწყების ტრიგერი. “გაზაევი ძლიერი მედიური ფიგურაა, რომელსაც შეუძლია აქტიურად დაიცვას და წამოწიოს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ინტეგრაციის იდეები. მისი დანიშვნით, ფაქტობრივად, იქმნება საინტეგრაციო შტაბი”, - მიიჩნევს ადგილობრივი წყარო. ვალერი გაზაევი საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული პერსონაა. მას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აკავშირებს ძველი თაობის 70-80-იანი წლების ყოფილ ქართველი ფეხბურთელებთან. გარდა ამისა, იყო რუსეთის სეროვნული ნაკრების მწვრთნელიც და წლების განმავლობაში წვრთნიდა ვლადიკავკაზის ალანიას, რომელშიც მაშინ საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თამაშობდა. 1995 წელს კი ყაველაშვილი “ალანიას” შემადგენლობაში, გაზაევთან ერთად, რუსეთის ჩემპიონიც გახდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ მან გულთბილად მიულოცა ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა: “ვულოცავ მიხეილ გურამის ძეს! ეს არის ადამიანი, რომელმაც სპორტში ბევრს მიაღწია და ეჭვგარეშეა, რომ ის წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც. მიხეილმა თავისი სპორტული გზა “ალანიაში” დაიწყო. ის ჩემთან თამაშობდა და საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენდა თავს - იყო მაგალითი სპორტსმენის და ადამიანის სახით. გახდა ჩემპიონი! აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის გაართმევს თავს ამ ძალიან მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობას, რადგან მიხეილი თავისი ქვეყნისა და ხალხის ნამდვილი პატრიოტია, რომლის ინტერესებსაც ყოველთვის დაიცავს. ვულოცავ მიხეილ გურამის ძეს და ქართველ ხალხს ასეთ არჩევანს!” - თქვა გაზაევმა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ კრემლი ცდილობს დღევანდელ ქართულ ხელისუფლებასთან ურთიერთობები აღადგინოს", - დასძენს გამოცემა.
“გაზაევის დანიშვნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩად ნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, რუსეთი აძლიერებს, თავის გავლენას. გაზაევმა ქართული კარგად იცის, ის თავის დროზე თბილისის “დინამოშიც” თამაშობდა. შესაბამისად, როგორც ჩანს, კრემლი აპირებს გარკვეულწილად ურთიერთობები აღადგინოს დღევანდელ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან - მმართველ პოლიტიკურ ძალასთან, ან შეეცადოს გამონახოს საერთო ენა და გამოიყენოს ეგრეთ წოდებული სახალხო დიპლომატიის ელემენტები. რა თქმა უნდა, ეს რუსული, კრემლის გაგებით. როგორც ჩანს, რუსეთს აქვს რაღაც გათვლები ცხინვალის რეგიონზე და ეს მალე გამოჩნდება. ჩრდილოეთიდან რაღაც სიუპრიზებს უნდა ველოდოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
გუგა ბესელია - “თამაშდამოკიდებულება ფსიქიკური დაავადებაა, რომლის ტირაჟირებასაც სათამაშო ბიზნესი ახდენს”
“აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა ყოველწლიურად დაახლოებით ერთი და იმავე პროპორციით იზრდება, რაც ნიშნავს, რომ რეგულაციებს ეფექტი არა აქვს და არც მისი მონიტორინგი მიმდინარეობს. ახლა თამაშდამოკიდებულების პრობლემა გადანაწილებულია ოთხ სამინისტროში: ჯანდაცვის, განათლების, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში. ამ ოთხმა სამინისტრომ ამ საკითხზე ერთიანი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს და ერთიანი ძალებით მუშაობა შეძლოს, რათა, ასე ვთქვათ, პერიოდული და ყოველდღიური მუშაობის ხასიათი ჰქონდეს. წარმოიდგინეთ, ოთხი სამინისტრო მუდმივად უნდა იკრიბებოდეს და მსჯელობდეს, რა უყონ თამაშდამოკიდებულებას, როგორ გადაინაწილონ პასუხისმგებლობები. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია იმიტომ, რომ თამაშდამოკიდებულება თითოეული სამინისტროსთვის არის ერთ-ერთი რიგითი საკითხი”, - აცხადებს “აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” დამფუძნებელი, ექსპერტი გუგა ბესელია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “თამაშდამოკიდებულება ფსიქიკური დაავადებაა, რომლის ტირაჟირებასაც სათამაშო ბიზნესი ახდენს”.
“ თამაშდამოკიდებულება ვერასდროს იქნება მუდმივ პრიორიტეტში და ეს ოთხი სამინისტრო ვერასდროს იმუშავებს ერთდროულად. საბოლოო ჯამში, ამ სამინისტროებს ოპონირებას თვითონ სათამაშო ბიზნესი უწევს, რომელიც 24/7-ზე იცავს საკუთარ ინტერესებს, რათა ამ გარემოში თავი გადაირჩინოს, რაც ბიზნესისთვის ლოგიკურია. აქედან გამომდინარე, სათამაშო ბიზნესი მუდმივად გამარჯვებული გამოდის. მთავარი პრობლემა ზუსტად ის არის, რომ არ არსებობს მარეგულირებელი ორგანო. ევროპული გამოცდილება მუშაობს იმ პრინციპზე, რომ თამაშდამოკიდებულების საკითხი სრულად არის ათვისებული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, რომელიც სრულად იღებს პასუხისმგებლობას პრობლემის მოგვარებაზე, სხვა მოვალეობა ამ ორგანოს არა აქვს. ის პრევენციულ და საგანმანათლებლო პროექტებს კურირებს, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ამუშავებს სარეაბილიტაციო პროცესებს, აინიცირებს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც ამჟამად არის ქვეყანაში. მარეგულირებელი ორგანო თუ არ იქნება, სათამაშო ბიზნესის ფინანსური ბრუნვა წლიდან წლამდე მხოლოდ გაიზრდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუგა ბესელია.
“ამ საკითხზე 2024 წელს ვიმუშავე პარლამენტში, თემატური მოკვლევის ავტორი გახლავართ. ბრიტანეთიდან ჩამოყვანილი მყავდა მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებმაც ამ საკითხზე საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს. უშუალოდ პარლამენტშიც მქონდა ამასთან დაკავშირებით შეხვედრა და ჩემი, როგორც ექსპერტის მოვალეობა, სწორედ ის იყო, რომ უნდა გამეცა რეკომენდაცია, თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. სულ ორი რეკომენდაცია შევიმუშავე: შეიქმნას მარეგულირებელი ორგანო და დაითვალოს, რა დაჯდება მისი მუშაობა. ორივე რეკომენდაცია თაროზეა შემოდებული და, როგორც თქვენ არ განგიხილავთ ეს საკითხი, ისე პარლამენტს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თამაშდამოკიდებულება ფსიქიკური დაავადებაა, რომლის ტირაჟირებასაც, ბუნებრივია, სათამაშო ბიზნესი ახდენს. ფსიქიკურ დაავადებას აქვს ორი გამომწვევი მიზეზი: ერთი შიდაპიროვნული და მეორე - გარეგანი ფაქტორები. გარეგანი ფაქტორებია, მაგალითად, ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე, დაბალი განათლების ხარისხი, ცნობიერების პრობლემები, ის, რომ ახალგაზრდებში და მოწყვლად სეგმენტში ეს საკითხი ტრენდულია. მაგრამ მხოლოდ გარემო ფაქტორები არ არის მთავარი - არის შიდაადამიანური ფაქტორებიც, მაგალითად, დაბალი თვითშეფასება, რომ ოჯახმა არ იცის, როგორ გაზარდოს შვილი. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით რეგიონებში, მშობლები თვითონ ათამაშებენ შვილებს, ვინაიდან თავად თამაშდამოკიდებული მშობლები თვლიან, რომ ახალბედა მოთამაშეს იღბლიანი ხელი ექნება. ასეთი ფაქტი არაერთია. ამ ხალხის ცნობიერების ამაღლებაზე არავინ ზრუნავს. ამაში ჯანდაცვის სამინისტროს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ფსიქიკური დაავადებაა. განათლების სამინისტროს როლიც ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და ა.შ. უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, სამოქალაქო განათლების საკითხებში უნდა ჩაიდოს ეს საკითხი”, - განმარტავს ექსპერტი.
“როცა ლაპარაკი იყო ასაკის 25 წლამდე აწევაზე, ამის გვერდით ეფექტებს ვხედავდი, სხვები კი არ ხედავდნენ და დღეს გამოვიდა ისე, რომ 25 წლამდე პირებს აუკრძალეს თამაში - მათ, ვინც უკვე ისედაც თამაშდამოკიდებული იყო. საბოლოო ჯამში ისინი ახლა სხვისი ექაუნთით თამაშობენ, ზოგიც “ხელზე” და ეს ყველაფერი კრიმინალის ზედამხედველობით ხდება, ზოგიც, საერთოდ, საზღვარგარეთულ ონლაინკაზინოებში თამაშობს... არ შეიძლებოდა ასე ასაკის დაწესება. ამას სჭირდება კვლევა, ნიადაგის მომზადება და ასე შემდეგ. ჰოლანდიის მაგალითი მოვიყვანოთ: სანამ ჰოლანდიაში მარიხუანას ლეგალიზება დაიშვებოდა, სახელმწიფომ რამდენიმე წლით ადრე შეიმუშავა მასობრივი პოლიტიკა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, რათა მის ლეგალიზებას მძიმე უკუშედეგები არ გამოეწვია, რომ ჰოლანდიის მთელი მოსახლეობა მარიხუანაზე დამოკიდებული არ გამხდარიყო. ჩვენ რა ვქენით? 25 წლამდე ავწიეთ ასაკობრივი ზღვარი. საქართველოში კიდევ უამრავი 25 წლამდელი მოქალაქეა, რომელიც თამაშდამოკიდებულია და როცა მათ თამაშზე წვდომას წაართმევ, აუცილებლად მონახავენ ალტერნატიულ გზას”, - დასძენს გუგა ბესელია და შეკითხვაზე: “რეკლამასაც დიდი ძალა აქვს... ამ მხრივ როგორ არის საქმე?” - პასუხობს:
“ქუჩის ბანერები, სატელევიზიო რეკლამა, მასმედიას სრულად აქვს აკრძალული სათამაშო ბიზნესის რეკლამა, თუმცა ძირითადი დატვირთვა მაშინაც და ახლაც მაინც ინტერნეტზე მოდის. ინტერნეტში რეკლამის აკრძალვა შეუძლებელია, უფრო სწორად, არ არის აკრძალული იმიტომ, რომ Yოუთუბე-ს, ონლაინსტრიმს, სათამაშო ბიზნესის რეკლამას ვერავის ავუკრძალავთ. აქედან გამომდინარე, რეკლამის შეზღუდვა არ არის იმ მასშტაბის, რა მასშტაბიც სჭირდება...”