საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილესა და ყოფილ პარლამენტარ თეონა აქუბარდიას ესაუბრა.
- ქალბატონო თეონა, გასული კვირა ინფორმაციული თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთულიც კი აღმოჩნდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საუბრის დასაწყებად ჭირს თემის შერჩევა. რადგან, ჩვენთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემები ერთ ერთი ყველაზე აქტუალური საკითხებია, მოდით მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვის გაკეთებული განცხადებით დავიწყოთ.
ლავროვმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ განაცხადა - „გილოცავთ აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი თქვენ პრეზიდენტმა პუტინმა მოგილოცათ. მეც ვუერთდები ამ მილოცვას. ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვება იყო და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს ამ თანამედროვე ისტორიას“.
ლავროვის ეს განცხადება გახლდათ, პრაქტიკულად პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენელმა აღიარა რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთი მხარე იყო.
ახლა როცა, უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთს გარკვეული ეკონომიკური, სამხედრო და ლოჯისტიკური პრობლემები აქვს, რუსეთის უმაღლესი დონის წარმომადგენელმა თქვა ის, რაც აქამდე არასდროს საჯაროდ არ უთქვამს.
ამ განცხადებას რამდენიმე განზომილება აქვს მაგრამ, რატომ იქნა ეს განცხადება გაკეთებული ახლა, მაინც საინტერესოა. ჩემი ვარაუდით ალბათ იმიტომ, რომ ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებისგან პასუხს არ მიიღებდა, დანარჩენი კი დეტალებია.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ლავროვის განცხადება რომ „აფხაზეთის დამოუკიდებლობა“, „ჩვენი (რუსეთისა და აფხაზეთის) ერთობლივი გამარჯვებაა“?
თქვენ როგორ აღიქვით მისი ეს გზავნილი? სავარაუდოდ, მის ამ განცხადებას რატომ არ მოჰყოლია საქართველოს საგარეოს რეაქცია?
- ლავროვის განცხადება მნიშვნელოვანია იმით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის ომის შედეგი პირდაპირ რუსეთისა და აფხაზეთის „ერთობლივ გამარჯვებად“ მოიხსენია. ამით მოსკოვი ფაქტობრივად საკუთარ როლს აღიარებს კონფლიქტში და ადასტურებს, რომ რუსეთი აფხაზეთის საკითხში ნეიტრალური შუამავალი არ ყოფილა.
რატომ გაკეთდა ეს განცხადება ახლა? ჩემი შეფასებით, ეს არის გზავნილი არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის მიმართ. რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ უკრაინის ომისა და დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, საქართველოში თავისი სამხედრო-პოლიტიკური შედეგები შენარჩუნებული აქვს და რეგიონში გავლენის განმტკიცებას კვლავ სტრატეგიულ ამოცანად განიხილავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის ომის შედეგი პირდაპირ რუსეთისა და აფხაზეთის „ერთობლივ გამარჯვებად“ მოიხსენია. ამით მოსკოვი ფაქტობრივად საკუთარ როლს აღიარებს კონფლიქტში და ადასტურებს, რომ რუსეთი აფხაზეთის საკითხში ნეიტრალური შუამავალი არ ყოფილა
ამ ფონზე თბილისის დუმილი განსაკუთრებით პრობლემურია. ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევდა მკაფიოდ ეთქვა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ომის „ერთობლივ გამარჯვებად“ გამოცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის, როლს. ეს კი პირდაპირ პასუხობს მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის მოთხოვნას, საქართველომ ოკუპირებულ რეგიონებთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
როდესაც თავად რუსეთი საკუთარ თავს აფხაზეთის ომის გამარჯვების მხარედ აცხადებს, საქართველო ვერ მიიღებს იმ ლოგიკას, თითქოს აფხაზეთის კონფლიქტი მხოლოდ ქართულ-აფხაზური დაპირისპირება იყო და რუსეთი მასში მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდა. სწორედ ამ რეალობის დაფიქსირება უნდა ყოფილიყო თბილისის პოლიტიკური პასუხი.
მაგრამ თბილისი დუმს. ეს უკვე არა დიპლომატიური თავშეკავება, არამედ პოლიტიკური ფაქტია. მით უფრო, რომ ლავროვის განცხადება პირდაპირ ეხება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელისუფლებას ჰქონდა შესაძლებლობა, თავად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები რუსეთის პასუხისმგებლობის დასაფიქსირებლად გამოეყენებინა.
როდესაც თავად რუსეთი საკუთარ თავს აფხაზეთის ომის გამარჯვების მხარედ აცხადებს, საქართველო ვერ მიიღებს იმ ლოგიკას, თითქოს აფხაზეთის კონფლიქტი მხოლოდ ქართულ-აფხაზური დაპირისპირება იყო და რუსეთი მასში მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდა. სწორედ ამ რეალობის დაფიქსირება უნდა ყოფილიყო თბილისის პოლიტიკური პასუხი
ამიტომ, როდესაც „ქართული ოცნება“ მუდმივად ამტკიცებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს იცავს, ბუნებრივად ჩნდება რიტორიკული კითხვა: რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის საკუთარ „გამარჯვებად“ გამოცხადებისას, რუსეთის როლის აღიარებისას და თბილისის დუმილის პირობებში - ვის სუვერენიტეტს იცავს საქართველოს მთავრობა?
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის საკუთარ „გამარჯვებად“ გამოცხადებისას, რუსეთის როლის აღიარებისას და თბილისის დუმილის პირობებში - ვის სუვერენიტეტს იცავს საქართველოს მთავრობა?
- გასულ კვირას, მოსკოვში წარმოადგინეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის დაკავშირებას სომხეთთან აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის ამოქმედების საშუალებით.
ამ თემაზე მოსკოვის სახელისუფლებო წრეებში დიდი ხანია საუბრობენ, ამავე თემაზე ხან ერევანში აკეთებინებდნენ განცხადებებს, მაგრამ საქმე წინ არ მიიწევდა. როგორც ვხედავთ, ახლა როცა, უკრაინა-რუსეთის ომი გადამწყვეტ ეტაპზეა გადასული, ყოველ შემთხვევაში, ასე საუბრობენ, აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების თემა კვლავ აქტუალური გახდა.
თან იმდენად, რომ ამ გზას მოსკოვში „პუტინის გზას“ უწოდებენ. ძნელი მისახვედრი არაა, რომ პუტინს სურს არ ჩამორჩეს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, რომლის მცდელობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი დასრულდა და ახლა საუბარია ამ ორ ქვეყანას შორის „ტრამპის გზის“ მშენებლობაზე, რომელზეც გაივლიან ტვირთები შუა აზიის ქვეყნებიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით და თურქეთის საშუალებით მოხვდებიან ევროპაში.
აფხაზეთის რკინიგზის აღგენის თემა ჩვენთვის არახალია, მაგრამ, მისი აღდგენის საკითხი მოსკოვმა მაშინ დააყენა, როცა თბილისს მოსკოვთან არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე არც ვაჭრობის და არც რაიმეს კატეგორიულად მოთხოვნის შესაძლებლობა არ აქვს.
რადგან, მდინარე ენგურის მარჯვენა, ანუ აფხაზურ მხარეზე რუსებს სატვირთო ტერმინალიც კი აქვთ აშენებული, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ უახლოეს მომავალში მდინარე ენგურზე სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობა, როგორც ჩანს, აფხაზეთის მიმართულებით გაიხსნება.
თუ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით მოსკოვის გეგმების განხორციელება დაიწყო თქვენი ვარაუდით, რას მიიღებს საქართველო?
და მთავარი - რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ რუსეთ-საქართველოს ფსოუს საზღვარი ენგურზე გადმოინაცვლებს?
- თუ რუსეთი შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლების დაყოლიებას, რომ ოკუპირებული რეგიონების გავლით სატრანზიტო დერეფანი გაიხსნას სტატუს-კვოს პირობებში, ეს უკვე მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლს აღარ ნიშნავს. ეს იქნება რუსეთის ეფექტიანი კონტროლის გავრცელება მთელ საქართველოზე და, ამავე დროს, საქართველოს მიერ არა მხოლოდ რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნების, არამედ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის ეროვნულ ინტერესზე ფაქტობრივი უარი.
სწორედ ეს არის ის შედეგი, რომლის მიღწევაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებით ვერ შეძლო. ამიტომ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარება რუსეთისთვის მხოლოდ ეკონომიკური ან ლოგისტიკური პროექტი არ არის - ეს არის პოლიტიკური და სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც მოსკოვი ცდილობს თავისი კონტროლი საქართველოს ტერიტორიის მასშტაბით გააფართოოს.
ოკუპირებული ტერიტორიების გავლით სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარება რუსეთისთვის მხოლოდ ეკონომიკური ან ლოგისტიკური პროექტი არ არის - ეს არის პოლიტიკური და სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც მოსკოვი ცდილობს თავისი კონტროლი საქართველოს ტერიტორიის მასშტაბით გააფართოოს
რუსეთის ამ სტრატეგიის განხორციელების ნიშნები უკვე ჩანს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში - გალის საბაჟო ტერმინალში, ოჩამჩირის პორტისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რუსული სამხედრო ფლოტის განთავსების გეგმებში, სოხუმის აეროპორტის გახსნასა და მოდერნიზაციაში და სხვა მსხვილ რუსულ ინვესტიციებში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები გააქტიურდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის, შუა დერეფნისა და „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვისის“ პარალელურად.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკის განცხადებაც აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მუშაობის შესახებ. ეს უკვე ცალკეული პროექტების ერთობლიობა კი არა, რუსეთის უფრო ფართო სატრანსპორტო-პოლიტიკური სტრატეგიის ნიშნებია.
თუ ამას დავუმატებთ საქართველოს დასავლეთისგან მზარდ იზოლაციას, რუსეთზე მზარდ ეკონომიკურ დამოკიდებულებას, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის შესუსტებას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პოლარიზაციას, სურათი კიდევ უფრო მკაფიო ხდება: მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას.
მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ამიტომ ამ პროცესის შეფასება მხოლოდ სატრანზიტო ან ეკონომიკურ ჭრილში დაუშვებელია. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
საზოგადოებისთვის ამ საფრთხის გაცნობიერება და დასავლელ პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობა დღეს უკვე არა არჩევითი, არამედ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვის აუცილებელი პირობაა.
- ვისაც პოლიტიკის საკითხები აინტერესებს, არ გამორჩებოდა ვალდაიზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა.
ეს ის შემთხვევა იყო, როცა, ალბათ პრეზიდენტმა პუტინმა თავისი მხარდამჭერებიც კი გააკვირვა. ახლა როცა, ცხადი გახდა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთი უკრაინას ომს ვერ უგებს, ანუ კონტროლს ვერ ამყარებს დონბასის იმ 4 რეგიონზე, რომლებიც პუტინმა ომამდე რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანა. ახლა დაიწყო იმის მტკიცება, რომ ომი რუსეთს დასავლეთმა დაუწყო. არადა, ყველას ახსოვს, მისი განცხადება რომ მან მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში არა ომის, არამედ სპეცოპერაციის დაწყების შესახებ. პუტინმა ვალდაიზე ბევრ რამეზე ისაუბრა და გაამახვილა ყურადღება.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ვალდაიზე პუტინის გამოსვლამ? რა ტიპის საფრთხეები დაინახეთ საქართველოსთვის მის ამ გამოსვლაში?
- პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების ისტორიის გადახედვა ახალი არ არის. საქართველოს გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ რუსეთი საკუთარი აგრესიის პასუხისმგებლობას მუდმივად სხვას აკისრებს.
ახალი და განსაკუთრებით სახიფათო ის არის, რომ დღეს რუსეთის ეს ნარატივი საქართველოში უკვე პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილადაც იკვეთება. ივანიშვილის წინასაარჩევნო განცხადებები ომის დაწყებასთან დაკავშირებით და წულუკიანის კომისიის საქმიანობა სწორედ იმ ნარატივს აძლიერებს, რომლის მიხედვითაც რუსეთის აგრესიის ნაცვლად ყურადღება საქართველოსა და დასავლეთის პასუხისმგებლობაზე გადადის. ეს კი პირდაპირ ემთხვევა კრემლის პროპაგანდისტულ ჩარჩოს.
რაც შეეხება პუტინის მუქარას დასავლეთის მიმართ, აქაც მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა: რუსეთის მიერ დასავლეთის დაშინებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჭიანურების მიუხედავად, დასავლეთმა უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების მხარდაჭერა არ შეასუსტა. პირიქით, ევროპაში უსაფრთხოების გაძლიერების პროცესი დაჩქარდა.
შალვა პაპუაშვილის კომენტარი ბრიტანულ სანქციებზე, რომელიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს შეიცავს, როცა ის აცხადებს, რომ ამ სანქციების დაწესებამდე განხილვა არ ყოფილა მათთან, ამით მოსკოვს ეუბნება - „ჩვენ არაფერ შუაში ვართ“, ხოლო როცა აცხადებს, რომ სანქციებით ცხინვალის დაბრუნება ვერ მოხდება, ამით დასავლეთს ეუბნება - თქვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის არც ისე მნიშვნელოვანია“
პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებისას დასახულ მთავარ მიზნებს ვერ მიაღწია. ამიტომ დღეს მისი რიტორიკა სულ უფრო მეტად ემსახურება ომის შედეგების საკუთარი საზოგადოებისთვის ახლებურად ახსნას და რუსეთის აგრესიის პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას.
საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე კი ის არის, რომ ხელისუფლება ამ დროს არა რუსეთის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაზე, არამედ რუსეთის შესაძლო გამარჯვებაზე აკეთებს ფსონს.
როდესაც ხელისუფლება კრემლის ნარატივს იმეორებს და ამავდროულად დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობებს ასუსტებს, ის ფაქტობრივად იმ გარემოს ქმნის, რომელშიც რუსეთის გავლენის გაძლიერება საქართველოში უფრო მარტივი ხდება.
რუსეთის ოკუპაციის პირობებში საკუთარი მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მოქმედება თბილისის მიერ ფაქტობრივად დანაშაულად ცხადდება. ეს უკვე არა მხოლოდ უკან დახევის, არამედ ოკუპაციის პირობებში დამატებითი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დათმობის პოლიტიკური გზავნილია
- გასულ კვირას ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქეს - ფიფიას, მჟავანაძეს, ირემაძეს, აბულაძეს სანქციები დაუწესა კრემლის პროპაგანდის მხარდაჭერისათვის. ასევე ცხინვალის რეგიონის ყოფილ პრეზიდენტ გაგლოევს, რომელიც ახლა პრეზიდენტ პუტინის მრჩეველია, ამავე რეგიონის პრეზიდენტ კამბოლოვს, და რუს პოლიტტექნოლოგ ტოლმაჩევს.
ვითარებაში, როცა მოსკოვი ცხინვალის რეგიონის რუსეთისთვის მიერთებისთვის ემზადება, ბრიტანეთის მიერ აღნიშნული პირებისთვის სანქციების დაწესებას ოფიციალური თბილისი წესით უნდა მისალმებოდა, მაგრამ, ამის მსგავსი არაფერი ყოფილა.
თქვენ როგორ აღიქვით ბრიტანეთის მიერ ჩვენი და რუსეთის მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესება? სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ოფიციალური თბილისის დუმილი?
- ბუნებრივია როცა დიდი ბრიტანეთი ღიად გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ამას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით აკეთებს, საგარეო უწყების დუმილი საგანგაშოა და საფრთხის შემცველი ამ სუვერენიტეტისთვის, მით უფრო მაშინ როცა მაკა ბოჭორიშვილის უწყებამ ოკუპირებული ცხინვალის ფაქტობრივ ანექსიაზე თავად აცხადებს დაგვიანებული განცხადებაში.
თუმცა მრავლის მთქმელი და სუვერენიტეტის საწინააღმდეგო პოლიტიკის მაჩვენებელი იყო შალვა პაპუაშვილის კომენტარი ბრიტანულ სანქციებზე, რომელიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს შეიცავს, როცა ის აცხადებს, რომ ამ სანქციების დაწესებამდე განხილვა არ ყოფილა მათთან, ამით მოსკოვს ეუბნება - „ჩვენ არაფერ შუაში ვართ“, ხოლო როცა აცხადებს, რომ სანქციებით ცხინვალის დაბრუნება ვერ მოხდება, ამით დასავლეთს ეუბნება - თქვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის არც ისე მნიშვნელოვანია“.
აქვე ის ამბობს, რომ „ბრიტანეთ-რუსეთის დაპირისპირებაში“ საქართველო უბრალოდ „შემთხვევით მოხვდა“, რითაც ფაქტობრივად ცდილობს დააფიქსიროს, რომ თბილისი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის პოლიტიკის მონაწილედ საკუთარ თავს არ განიხილავს. ეს უკვე მხოლოდ ბრიტანეთის სანქციების შეფასება აღარ არის.
თუ საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის პირობებში საკუთარი მოსახლეობის დაცვისთვის განხორციელებულ მოქმედებას დანაშაულად აცხადებს, ხოლო ოკუპირებული რეჟიმის მოთხოვნებსა და ინტერესებს პრაქტიკულად ერგება, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ეროვნულ ინტერესთან
სანქციების მნიშვნელობა ისაა, რომ რუსეთის ოკუპაციასა და ანექსიის პოლიტიკას საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ მისცეს და ფაქტობრივი ანექსიის პასუხისმგებლობისთვის პოლიტიკური ფასი შექმნას იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ოკუპაციის სისტემაში მონაწილეობენ.
დასავლეთის პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობის შემცირება კი საბოლოოდ რუსეთის პოზიციას და ინტერესებს აძლიერებს, მით უფრო იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო სტრატეგია რუსეთის ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ არ გააჩნია.
- გასულ კვირას ვნახეთ რომ სასამართლო შეეცადა ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნაზე განაჩენი გამოეტანა ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთვის. პროცესი გრძლდება, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ განაჩენის გამოტანასაც არ დააყოვნებენ.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ თუ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნაზე გახარიას სასჯელი განესაზღვრა, ეს იქნება ცხინვალისა რუსეთისთვის ერთდროულად საჩუქარიც და საქართველოსთვის არა თუ არასასიამოვნო, არასამართლებრივი პრეცედენტი, რომელსაც ქვეყნის ოპონენტები გამოიყენებენ.
თქვენ რა მოლოდინი გაქვთ სასამართლოში ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით?
- შეიძლება ქვეყნის ნაწილობრივი ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პირობებში, საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქვეყნისა და ხალხის დაცვის მიზნით აღმართული საგუშაგოს გამო, საკუთარი ყოფილი პრემიერის გასამართლება ეროვნული ინტერესების დაცვა იყოს? ბუნებრივია, არა.
ეს საქმე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ რევანშად გიორგი გახარიას წინააღმდეგ არ უნდა განვიხილოთ - მით უფრო, რომ ასეთი პოლიტიკური ანგარიშსწორება ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2024 წელს დააანონსა.
ამ საქმის პოლიტიკური მნიშვნელობა გაცილებით მძიმეა: რუსეთის ოკუპაციის პირობებში საკუთარი მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მოქმედება თბილისის მიერ ფაქტობრივად დანაშაულად ცხადდება. ეს უკვე არა მხოლოდ უკან დახევის, არამედ ოკუპაციის პირობებში დამატებითი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დათმობის პოლიტიკური გზავნილია.
ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს იმ სივრციდან გამოდევნისკენ, რომელსაც ქვეყანა თავისი კონსტიტუციითა და საკუთარი ხალხის არჩევანით ეკუთვნის
ამის კიდევ უფრო მკაფიო დასტურია ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის პოზიციები ერგნეთის შეხვედრებზე - მათი განცხადებები, რომ „რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ არსებული საგუშაგოს აღებაზე ქართულ მხარესთან ურთიერთგაგება არსებობს.
ამას თუ დავუმატებთ მათ მოთხოვნას ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის შესახებ, უკვე ვხედავთ არა უბრალოდ სამართლებრივ დავას, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ხაზს.ამიტომ ეს საქმე მხოლოდ ერთი ადამიანის პოლიტიკური დევნის საკითხი აღარ არის.
თუ საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის პირობებში საკუთარი მოსახლეობის დაცვისთვის განხორციელებულ მოქმედებას დანაშაულად აცხადებს, ხოლო ოკუპირებული რეჟიმის მოთხოვნებსა და ინტერესებს პრაქტიკულად ერგება, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ეროვნულ ინტერესთან
ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ „გარდატეხად“ შეფასებული პერიოდის ფონზე, ევროპული კურსის მხარდამჭერი მოქალაქეების დაპატიმრება და პოლიტიკური პარტიებისთვის საქმიანობის აკრძალვის მუქარა ამ შეფასებას კიდევ უფრო აშორებს რეალობას
მჯერა, რომ როცა ამის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების დრო მოვა, პასუხისმგებლობას ვერც ცრუ ჩვენება, ვერც წინასწარ შეკერილი საქმე და ვერც პოლიტიკური დამკვეთი ვერ გაექცევა.
- ცნობილი გახდა, რომ გასულ კვირას გერმანიის ადენაუერის ფონდმა, ასევე ბიოლის ფონდებმა საქართველო დატოვეს.
მათივე განმარტებით, საქართველოში მიღებული კანონმდებლობით მათ ფონდებს აღარ ეძლეოდათ საქართველოში საქმიანობის შესაძლებლობა. მათ შორის ახალგაზრდების სწავლისთვის ხელშეწყობის პროგრამების რეალიზება.
ამ ფონდების ქვეყნიდან გასვლაზე ხელისუფლების რეაქცია ბევრი თვალსაზრისით გაუგებარი იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას რომ გერმანიის ფონდებმა ქვეყანა დატოვეს?
- ეს არის კიდევ ერთი მკაფიო შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქვეყანას ახვევს თავს — საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციისა და რუსული მოდელისკენ სვლის.
გერმანული ფონდების ქვეყნიდან გასვლა ამ პროცესის პირდაპირი გაგრძელებაა. „რუსული კანონის“ მიღებისას უკვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება ზღუდავდა დასავლურ ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას.
დღეს კი შედეგს ვხედავთ — ორგანიზაციები, რომლებიც ორ ათეულ წელზე მეტია საქართველოში მუშაობდნენ და მათ შორის ახალგაზრდების განათლებას, დემოკრატიულ განვითარებასა და საქართველოს ევროპულ გზას უწყობდნენ ხელს, საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ. ამიტომ ეს მხოლოდ ორი გერმანული ფონდის წასვლა არ არის. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს იმ სივრციდან გამოდევნისკენ, რომელსაც ქვეყანა თავისი კონსტიტუციითა და საკუთარი ხალხის არჩევანით ეკუთვნის.
თუ საზოგადოება ვერ შეძლებს საკუთარი სუვერენული არჩევანის დაცვას, არჩევანს მის ნაცვლად სხვები გააკეთებენ
სახელმწიფოსთვის რეალური შედეგი შემდეგია - იკლებს დასავლური კავშირები, შესაძლებლობები და მხარდაჭერა, ხოლო იზრდება იზოლაცია. საბოლოოდ ქვეყანას ევროპული სივრციდან აცალკევებ.
- 1 ოქტომბერს 14 წელი შესრულდა რაც „ქართული ოცნებამ“ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ 14-წლიან მმართველობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. კარგიც და ცუდიც.
მესმის რომ დიდი და რთული თემაა, მაგრამ, კარგი იქნება თუ შეძლებისდაგვარად მოკლედ შეძლებთ „ქართული ოცნების“ მმართველობის 14 წკლიანი მმართველობის შეფასებას. მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან გვესმის შეფასებები რომ ეს წლები იყო „დემოკრატიული გარდატეხის წლები“.
თუ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს გავიხსენებთ რომელიც ქუჩაში შეკრებებს ეხება, ასევე ციხეებს, რომლებშიც მრავლად ზიან ევროპული გზის მხარდამჭერი აქციების მონაწილეები, ძნელია იმის მტკიცება, რომ ქართული დემოკრატიისთვის ეს წლები გარდამტეხი იყო.
თუ ნათქვამს იმასაც დავამატებთ რომ ბარიერგადალახულ პარტიებს აკრძალვა ემუქრება, დემოკრატიის თვალსაზრისით კარგ სურათს ნამდვილად ვერ ვიღებთ. თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ მმართველობის 14-წლიან მმართველობას?
- „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობა ეტაპებად შეიძლება დავყოთ, თუმცა 2023 წლიდან მისი პოლიტიკური კურსი განსაკუთრებით მკაფიო გახდა. ჩემი შეფასებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ასეთი მასშტაბის გამოწვევა სუვერენული პოლიტიკური არჩევანისთვის არ ჰქონია.
დღეს საქმე მხოლოდ საგარეო პოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილებას აღარ ეხება. საუბარია დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებაზე, პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვაზე, სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შევიწროებასა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესებაზე.
ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ „გარდატეხად“ შეფასებული პერიოდის ფონზე, ევროპული კურსის მხარდამჭერი მოქალაქეების დაპატიმრება და პოლიტიკური პარტიებისთვის საქმიანობის აკრძალვის მუქარა ამ შეფასებას კიდევ უფრო აშორებს რეალობას.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ პროცესს ეროვნული უსაფრთხოების განზომილება აქვს. როდესაც ქვეყანა ასუსტებს დასავლეთთან კავშირებს მაშინ, როდესაც მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ეს უკვე მხოლოდ პოლიტიკური კურსის საკითხი აღარ არის — ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხია.
ამიტომ დღეს საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც დაიცავს არა მხოლოდ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არამედ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მკაფიოდ განსაზღვრავს ქვეყნის ადგილს ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურაში.
ამისთვის აუცილებელია საზოგადოების და პოლიტიკური ძალების ფართო ერთობა. დღეს ეს შეიძლება ძალიან რთული ჩანდეს, მაგრამ თუ საზოგადოება ვერ შეძლებს საკუთარი სუვერენული არჩევანის დაცვას, არჩევანს მის ნაცვლად სხვები გააკეთებენ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი