სანამ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიღწევა შეუძლებელია, რუსეთი მთელი ძალით იბრძოლებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რა თქვა პუტინმა? ჩვენ გვინდა მშვიდობა და ჩვენთვის მისი მშვიდობიანი გზით მიღწევა უფრო სასურველია. მაგრამ სანამ ეს შეუძლებელია, ვიბრძოლებთ, მთელი ძალით ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, მან უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიის 0.01%-ისთვისაც კი იბრძოლოს.
„თუნდაც ნახევარი პროცენტი იყოს, თუნდაც პროცენტის ერთი მეასედი. ეს რუსეთის ფედერაციაა. აქ განსახილველი არაფერია“, - აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიის 11%-ს აკონტროლებს და რუსული ჯარები „მთელ რესპუბლიკას“ იმაზე უფრო სწრაფად გაათავისუფლებენ, ვიდრე უკრაინას და ევროპას წარმოუდგენიათ.