ექიმის შერჩევა, ვიზიტის დაჯავშნა, კვლევის პასუხების ნახვა და სამედიცინო ისტორიის მართვა - „თოდუას კლინიკამ“ უკვე ერთ ციფრულ სივრცეში გააერთიანა. ახალი მობილური აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია Todua AI-ია, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც პაციენტს საჭირო სამედიცინო მიმართულების შერჩევასა და ექიმთან ვიზიტის დაგეგმვაში კვირის ნებისმიერ დღეს, 24-საათიან რეჟიმში ეხმარება.

მომხმარებელი ჩატში სიმპტომებს უბრალოდ საკუთარი სიტყვებით აღწერს, Todua AI მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს და შესაბამის სპეციალისტს სთავაზობს. ამის შემდეგ პაციენტს ვიზიტზე ჩაწერაც ონლაინ, დამოუკიდებლად შეუძლია.
ასისტენტი ხელმისაწვდომია როგორც მობილური აპლიკაციიდან, ისე ვებგვერდის საშუალებით. მისი მთავარი დანიშნულება იმ პირველი ეტაპის გამარტივებაა, როდესაც ადამიანს ხშირად უჭირს იმის განსაზღვრა, თუ საიდან დაიწყოს.
აპლიკაცია მხოლოდ ექიმთან ჩაწერის ფუნქციით არ შემოიფარგლება. მომხმარებელს ერთ სივრცეში აქვს წვდომა ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევების პასუხებზე, სამედიცინო დოკუმენტებსა და ექიმის დანიშნულებებზე. სისტემაში ინახება წინა წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებიც, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს, საკუთარი სამედიცინო ისტორია ნებისმიერ დროს ნახოს და ძველი და ახალი მონაცემები ერთმანეთს შეადაროს.
აპლიკაციაში ინტეგრირებულია მედიკამენტების მიღების შეხსენების ფუნქციაც. კლინიკაში აცხადებენ, რომ პლატფორმის განვითარება გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში მას შეტყობინებების ახალი სისტემაც დაემატება, რათა მომხმარებელმა მისთვის საჭირო ინფორმაცია პირდაპირ აპლიკაციაში მიიღოს.
აპლიკაციაში რეგისტრაცია ახალ პაციენტებსაც შეუძლიათ. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც „თოდუას კლინიკაში“ აქამდე არ ყოფილა, ანგარიშის შექმნა და ვიზიტის დაჯავშნა პირველ ვიზიტამდე, კლინიკაში მიუსვლელად შეუძლია.
ციფრული სერვისების პარალელურად შეიცვალა ექიმთან წინასწარი დაჯავშნის მოდელიც. ახალი სისტემის მიზანია, შემცირდეს გაცდენილი ვიზიტების რაოდენობა და ექიმების გრაფიკში თავისუფალი დრო სხვა პაციენტებისთვის დროულად გახდეს ხელმისაწვდომი.
ახალი ციფრული მოდელით „თოდუას კლინიკა“ ცდილობს, პაციენტისთვის კლინიკასთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპი ერთ სივრცეში გააერთიანოს. საჭირო სპეციალისტის შერჩევიდან და ექიმთან ჩაწერიდან დაწყებული, კვლევის შედეგებისა და სამედიცინო ისტორიის მართვით დასრულებული.
(R)