საქართველოს საპენსიო ფონდმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: ბრიტანულმა ფინანსურმა გამოცემა Wealth & Finance International-მა ფონდი Investment Excellence Awards 2026-ის გამარჯვებულად დაასახელა და ჯილდო - Excellence in Pension Fund Investment Performance 2026 - Europe - მიანიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ჯილდოს მინიჭებისას Wealth & Finance International-მა ხაზი გაუსვა ფონდის ძლიერ საინვესტიციო შედეგებს, პორტფელის დისციპლინირებულ მართვას, გამართულ მმართველობით ჩარჩოსა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში შეტანილ წვლილს.
„ეს ჯილდო ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და იმ დისციპლინირებული მიდგომის შედეგია, რომლითაც მონაწილეთა საპენსიო დანაზოგებს ვმართავთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა საპენსიო აქტივების დაცვა და მათი გრძელვადიანი ზრდა. შესაბამისად, თითოეული საინვესტიციო გადაწყვეტილება მკაფიოდ განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის, რისკების მართვის ჩარჩოსა და მაღალი სტანდარტების ფარგლებში მიიღება.
დღეს საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10 მილიარდ ლარს აღემატება, ხოლო საინვესტიციო საქმიანობით მიღებული ჯამური სარგებელი 3.0 მილიარდ ლარზე მეტია. ფონდის საინვესტიციო შედეგები საერთაშორისო შედარებითაც გამოირჩევა. OECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია დინამიკური პორტფელი, რომლის რეალურმა ამონაგებმა 10.8% შეადგინა და ამ მაჩვენებლით მე-4 ადგილი დაიკავა.
ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი საინვესტიციო საქმიანობის შედეგებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რადგან ეს წარმატება მათი პროფესიონალიზმისა და თანმიმდევრული მუშაობის შედეგია“, - განაცხადა საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ.
ინფორმაციისთვის, Wealth & Finance International ბრიტანული ფინანსური გამოცემაა, რომელიც საინვესტიციო, ფინანსურ და აქტივების მართვის სექტორებს აშუქებს. Investment Excellence Awards ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსურ ორგანიზაციებსა და პროფესიონალებს და მათ საინვესტიციო საქმიანობისა და მიღწევების მიხედვით გამოარჩევს.