თქვენ ნახეთ ძალადობა? გავრცელებულ კადრებში სექსუალური ძალადობა არ ჩანს - რა თქმა უნდა, იბრალებს, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან, რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “საზოგადოებამ ნახა ვიდეოკადრები და იხილა ის, რომ მსჯავრდებული, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, იტყუება.”
“ჩვენ ვნახეთ ვიდეოკადრები - ეს ამბავი კი აღმოჩნდა ტყუილი. რეალურად, არანაირ სექსუალურ ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია. ასევე სახალხო დამცველიც იყო ჩართული ამ საკითხის შესწავლაში და გაკეთდა შესაბამისი განცხადებები. საზოგადოებამ ნახა ვიდეოკადრები, იხილა ის, რომ მსჯავრდებული, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, აღმოჩნდა, რომ იტყუება. მას ჰქონდა იმედი, რომ ეს ვიდეოკადრები არ იარსებებდა, წაშლილი იყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.
იბრალებს, რა თქმა უნდა.
საზოგადოებამ ნახა ვიდეოკადრები, გავრცელდა ვიდეოკადრები, რაზეც თავად მსჯავრდებული საუბრობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხომ? და აღმოჩნდა ტყუილი, რა თქმა უნდა. ვერ ვნახეთ ძალადობა. თქვენ ნახეთ ძალადობა?
გავრცელებულ კადრებში სექსუალური ძალადობა არ ჩანს. რა თქმა უნდა, იბრალებს. მე მგონი, რა ვიცი, ყველას გვაქვს ორი თვალი და შეფასების უნარი”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.