2025 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მეტად დამძიმდა - გარკვეულწილად, ქუჩიდან პროტესტმა გადაინაცვლა სადღაც სხვაგან. ამან უფრო სხვა ფორმა მიიღო. შიგნით არის ეს, როდის ამოხეთქავს არავინ იცის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რითაც 2025 წლის 4 ოქტომბრიდან გასული 1 წელი შეაფასა.
როგორც ტუღუშმა აღნიშნა, მისთვის ხელისუფლების შეცვლის ყველაზე სწორი გზა არჩევნებიa.
„2025 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. დამოუკიდებელი, თავისუფალი აქტორების მდგომარეობა კიდევ უფრო რთულადაა და დამძიმებულია. ვგულისხმობ დემოკრატიულ სისტემებში ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, როგორიცაა მედია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პარტიები - დღეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე იყო ადრე. მოქალაქის მდგომარეობაც უფრო რთულია, ვიდრე იყო ადრე. იმიტომ, რომ მოქალაქეს უფრო უჭირს, დღეს სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ვითარება ყველა მიმართულებით, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა უფლებების თვალსაზრისით უფრო მძიმეა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ხალხი ამას ხედავს. უბრალოდ, შესაძლოა ქუჩაში ისეთი აქტივობა არაა, მაგრამ ვფიქრობ, არსად წასულა კრიტიკული, ნეგატიური დამოკიდებულება და უფრო მეტად არის დამძიმებული. რა გზა არსებობს იმისთვის, რომ ეს ვითარება შეიცვალოს? ის გზა, რომლითაც ვმოძრაობდით, ნაბიჯებს ვდგამდით, როგორც ერთი წლის წინ ან ადრე, ეს გზაა მისაღები საზოგადოებისთვის თუ უნდა არსებობდეს სხვა გზა, რომელიც შეესაბამება ჩვენს ინტერესებს?!
გარკვეულწილად, ქუჩიდან პროტესტმა გადაინაცვლა სადღაც სხვაგან. ამან უფრო სხვა ფორმა მიიღო. შიგნით არის ეს, როდის ამოხეთქავს არავინ იცის. ქუჩის პროტესტი დარჩა შედარებით ნაკლები ზომით, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს პროტესტი გვაჩვენებს, გარკვეულ დროს, რომ ხალხი ისევ ბრუნდება ქუჩაში. პრობლემა ისაა, როგორ შევცვალოთ სტატუს კვო. ეს არის საკითხი. აქ რა როლი აქვს ქუჩას და როგორ ვუყურებთ მომავალში პროცესს, რასაც არჩევნები ჰქვია.
მე პირადად ყოველთვის ვიხრები არჩევნების გზისკენ. ჩემთვის ხელისუფლების შეცვლის ყველაზე სწორი გზაა არჩევნები. ვფიქრობ, რომ ბევრი ფაქტორის გამო საქართველო, ქართული საზოგადოება დღეს აბსოლუტურად უნარიანია იმისთვის, რომ ბოროტება დაამარცხოს საარჩევნო გზით, ეს არის მთავარი არგუმენტი, როცა ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. ამ მიმართულებასაც, ისევე როგორც სხვა მიმართულებას სჭირდება ძალისხმევა“,- განაცხადა ტუღუშმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ტუღუშის შეფასებით, „რა ძალადობაც ხდება გარეთ, იგივე ხდება ციხეშიც“.
„ის ხდება ციხეებში, რაც ხდება გარეთ, გარშემო, ქუჩაში - სცემენ ახალგაზრდებს, არა ახალგაზრდებს, ურტყამენ უმოწყალოდ და პატრონი არაა, არ იძიებს არავინ წესიერად არაფერს. პარლამენტში ურტყამენ, ცემა-ტყეპა ნორმა ყოფილა. რა მოხდა ახლა პარლამენტარები ერთმანეთს ურტყამენ, ჩვეულებრივი ამბავია. აღმოჩნდა, რომ ციხეშიც იგივე სიტუაციაა. მარტო ეს ფაქტი არაა, სხვა ფაქტებიცაა. გაუგებარი ამბავია, თავი რომ ჩამოიხრჩო მსჯავრდებულმა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები გამოდის ციხიდან. დღეს სტანდარტად იქცა, როდესაც ტროტუარზე დგომისთვის შეიძლება დაგიჭირონ, ეს არ არის ძალადობა? ძალადობა არის დღეს სტანდარტი. აქედან გამომდინარე, გასაგებია რა ხდება ციხეში. ასე თუ გაგრძელდა, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. თუ ჩვენ შევძელით ერთიანად გააზრება თუ რას ნიშნავს 2028 წლის არჩევნები, თუ მანამდე არ ჩატარდა ვადამდელი არჩევნები, მგონია, რომ უნდა გავიხედოთ მომავლისკენ, გვჭირდება სხვა დღის წესრიგი, განსხვავებული პოლიტიკური გარემო, განსხვავებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკაში განსხვავებული მოთამაშეები. შეიძლება დარჩეს ჩვენი პარტიები, მაგრამ განახლებული სურათი გვჭირდება. ჩვენ აუცილებლად უნდა შევიცვალოთ! აუცილებლად უნდა მოძებნონ ძალა ამ პარტიებმა საკუთარ თავში და შეიცვალონ. იმიტომ, რომ უნდა გამოსწორდეს ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული და არ უნდა ვიტრიალოთ ყოველთვის ამ მოჯადოებულ წრეზე - ორი ცუდიდან ნაკლები ცუდის არჩევა. ეს უნდა დავანგრიოთ რამენაირად. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, გაუთავებლად არის ასეთი არჩევანო, კი ესეც ცუდია, ესეც, მაგრამ ნაკლებად ცუდი უნდა ავირჩიოთ. ან მეორე ვარიანტია - რაღაცა საშინელი დემონია და რომელია გმირი, რომელიც დაამარცხებს და არ მაინტერესებს მერე რა იქნება. არ უნდა იყოს არჩევანი ცუდებს შორის, მე მჭირდება არჩევანი კარგებს შორის. რომელი უკეთესია. ქართველებს შეგვიძლია ამის გაკეთება? - დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია. მე ვარ დარწმუნებული, რომ ქართველებს შეგვიძლია არჩევანი ვაკეთოთ კარგებს შორის და არა ცუდებში ნაკლებად უარესს შორის“, - განაცხადა ტუღუშმა.