დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს მხრიდან ამ კონკრეტული ადამიანის ან ბიზნესის მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება ვერ და არ იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობა ხელშეუხებელია, რაც მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„საკითხს არ ვიცნობ და გამიჭირდება, რაიმე კონკრეტული ვთქვა, თუმცა ამდენი წელია ხელისუფლებაში ვართ და ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ „ქართულ ოცნებას“ ბიზნესი დაერეკეტებინოს, ვინმესთვის რამე წაერთმია, ვიღაცასთან არასამართლიანი დამოკიდებულება ჰქონოდა. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს მხრიდან ამ კონკრეტული ადამიანის ან ბიზნესის მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება ვერ და არ იქნება. შემიძლია, ჩამოგითვალოთ უამრავი ადამიანი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებს, შეიძლება პოლიტიკაშიც იყოს, თუმცა ჩვეულებრივად განაგრძობს ბიზნესსაქმიანობას. ბიზნესი ხელშეუხებელია ამ ქვეყანაში. 2012 წლიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, პრინციპულია, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი და ხელშეუხებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუმცა კანონის ფარგლებში, შეურაცხყოფის გარეშე.
„ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება, გამოხატოს თვისი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამაზე შეზღუდული არავინაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეს გააკეთოს ზომიერების ფარგლებში, შეურახყოფის და ბულინგის გარეშე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.