ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა პროცედურის განხორციელებას, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას.
„სახელმწიფო, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველ მსგავს განცხადებაზე რეაგირებს სათანადოდ, დაუყოვნებლივ და პატიმარ დავითაძის საქმეც ახლა არ დაწყებულა. გამოძიება მყისიერად დაიწყო და მიმდინარეობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კომპლექსური გამოძიებაა და არაერთი საპროცესო მოქმედება ტარდება. იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა მოხდა იმ ეპიზოდში, მნიშვნელოვანია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. იყო გარკვეული ვითარება შექმნილი, რა დროსაც პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ მას სჭირდებოდა დეესკალაციის ოთახში დამშვიდება. არის პრეტენზიები, რომ მოხდა მის წინააღმდეგ ბევრი ადამიანის მიერ ძალის გამოყენება - კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას. თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას, შესაბამისად სახელმწიფომ გამოიყენა იძულება.
რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობას ოთახში, ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობა განხორციელდა. თქვენ ნახეთ, რომ პატიმარი აცხადებდა პროტესტს და არ აძლევდა საშუალებას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს განეხორციელებინათ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. შემოწმების თემა ამოიწურება, როცა გამოძიება დასრულდება.
მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიება დაადგენს იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, იყო თუ არა ნაკლები ადამიანი საჭირო. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა პატიმრის უფლების დარღვევას მოცემულ შემთხვევაში. ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს”, - განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.