28–29 სექტემბერს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, EUROCHAMBRES Congress 2026 გაიმართა. კონგრესში მონაწილეობა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ მიიღო, რომელიც EUROCHAMBRES-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. ის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონგრესი ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტებს, ხელმძღვანელებსა და მაღალი რანგის წარმომადგენლებს აერთიანებს. 2026 წლის ღონისძიებას ვალენსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ — Cámara Valencia-მ უმასპინძლა.
„ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის პლენარული სესიები, თემატური დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები და ქსელური ღონისძიებები. მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპის ეკონომიკისა და ბიზნესგარემოსთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის -ერთიანი ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე, ენერგეტიკაზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე ეკონომიკასა და ბიზნესზე, საერთაშორისო ვაჭრობაზე, მდგრად განვითარებაზე, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ევროპის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებაზე.
კონგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო სავაჭრო-სამრეწველო პალატების როლი თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში - ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის, ინოვაციების დანერგვის, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომისა და ახალი ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის ხელშეწყობის კუთხით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე ევროპის ინდუსტრიული განვითარების გაძლიერებას, ბიზნესისთვის ინვესტირების, ინოვაციისა და ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას და კონკურენტუნარიანი, მდგრადი ევროპული ეკონომიკის განვითარების გზებს.
EUROCHAMBRES Congress 2026 ევროპის პალატების ქსელში გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ბიზნესის მხარდაჭერის თანამედროვე მიდგომების განხილვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.