ნანა კაკაბაძე - ჩორჩანას საგუშაგომ დადო შედეგი, რომ ჩვენ უზარმაზარ ტერიტორიაზე კონტროლი დავკარგეთ

ჩორჩანას საგუშაგომ დადო შედეგი, რომ ჩვენ უზარმაზარ ტერიტორიაზე კონტროლი დავკარგეთ, - ეს განცხადება დღეს მედიასთან „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ნანა კაკაბაძემ გააკეთა, რომელმაც ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე სასამართლოს ჩვენება მისცა.

როგორც კაკაბაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, როცა „ნეიტრალურმა საქართველომ“ საბოტაჟთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა, მათ განაცხადში ჩორჩანას საგუშაგო ნახსენები არ იყო და ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდათ. კაკაბაძის თქმით, ჩორჩანას საგუშაგოს თემაზე ინფორმაცია თეა წულუკიანის საპარლამენტო კომისიის ჩამოყალიბების შემდეგ მიიღეს, ხოლო კომისიის შექმნამდე ერთი თვით ადრე გახმაურდა, რომ საგუშაგოს გახსნას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეულობით ჰექტარ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგა მოჰყვა.

„სასამართლო პროცესი იმ პოლიტიკური რეალობის ასახვა იყო, რაც დღეს ქვეყანაშია. ადვოკატების კითხვებში იყო არა ინტერესი იმისა, რომ საგუშაგოს არსებობამ ის შედეგი გამოიწვია რა შედეგიც დადგა - რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამხელა ტერიტორიაზე დაკარგა კონტროლი, არამედ მათი ინტერესი იყო ის, რომ გიორგი გახარია არაფერ შუაში იყო. ადვოკატმა იკითხა, თუ რატომ გამიჩნდა ეს ეჭვი. მე მას ვუთხარი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ხელისუფლებას მოუწია დაეთმო ტერიტორიები საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, როდესაც ეს „ქართულ ოცნებაში“ არც ომით და არც ომის გარეშე მომხდარი არ იყო, უცბად საგუშაგო გაჩნდა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდ ნაწილზე კონტროლი დაგვაკარგვინა. დავინტერესდი ეს იყო გიორგი გახარიას შეცდომა თუ იყო გარედან ნაკარნახევი. ადვოკატებს პირდაპირ ვუთხარი, რომ პრობლემაა რომ მათნაირი პოლიტიკოსები არიან მოსული პოლიტიკაში, რომელთაც ის კი არ აინტერესებთ, რა შედეგი დააყენა ამ გადაწყვეტილებამ, არამედ როგორც ნაძვის ხეზე სათამაშო ასე ჩამოეკიდებიან კულტებს და მნიშვნელოვანია ვიღაც პიროვნება და არა ის, რა შედეგიც დაიდო“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა