ძალიან სამწუხარო ფაქტია - ამ საკითხზე მყისიერად დაიწყო გამოძიება, სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სალიამ აღნიშნა, “მომხდარზე თუ რაიმე არის პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე მიწოდებულია გამოძიებისთვის”.
“მყისიერად დაიწყო გამოძიება ამ საკითხზე. სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. თუ რაიმე არის პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე მიწოდებულია გამოძიებისთვის, მაქსიმალურად ღია ვართ და მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და ცუდია, რომ ასეთი რამ ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში, სამწუხაროდ. ძალიან რთულია გადააზღვიო მსგავსი შემთხვევები. ჩვენ არაერთ ღონისძიებას ვატარებთ და მომავალშიც დაგეგმილი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი მეთვალყურეობა იყოს იმ პირებზე, ვისაც შეიძლება სუიციდისკენ ჰქონდეს მიდრეკილება. დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა პაატა სალიამ.
ცნობისთვის, რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს.