მარტა კოსი - მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - მასთან უკვე გავხსენით მოლაპარაკებების ორი კლასტერი და უახლოეს მომავალში კიდევ ორის გახსნას ვგეგმავთ

მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თქვენ იმ ოთხ ქვეყანას შორის ხართ, რომლებიც ამ პროცესში ლიდერობენ, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში, ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვასთან, უახლოეს მომავალში გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნა იგეგმება.

“ჩვენ უკვე გავხსენით მოლაპარაკებების ორი კლასტერი და უახლოეს მომავალში კიდევ ორის გახსნას ვგეგმავთ, ყველა მათგანის კი - წლის ბოლომდე; ამასთანავე, მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას კანონის უზენაესობის კუთხით შუალედური მიზნების მისაღწევად. რეფორმები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. სასამართლო რეფორმა და კანონის უზენაესობის განმტკიცება ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. მეორე მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ მოლდოვის ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე”, - აღნიშნა კოსმა.

მისი თქმით, ევროკომისიამ „ზრდის გეგმის“ ფარგლებში რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესისთვის მოლდოვას 157 მილიონი ევრო გამოუყო.

“დღეს გავიგეთ, რომ მოლდოვას “ზრდის გეგმის” ფარგლებში 157 მილიონი ევრო გადავრიცხეთ, რაც ყველაზე დიდი ფინანსური პაკეტია, რომელიც ქვეყანას მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მიუღია. მოლდოვამ ამ თანხის მისაღებად მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, შესაბამისად, დაფინანსება კონკრეტული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. ახლა კი ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაძლიეროთ, რათა ზრდის გეგმამ რეალური და ხელშესახები ცვლილებები მოიტანოს”, - აღნიშნა კოსმა.

მისი თქმით, თუ მოლდოვა ვალდებულებებს შეასრულებს, მხოლოდ ამ წელს “ზრდის გეგმის” ფარგლებში 500 მილიონ ევროზე მეტ თანხას მიიღებს.

“მართლაც გაფართოების შემოდგომაა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ თქვენ ასრულებთ თქვენს ვალდებულებებს. კომისიაც ასრულებს თავის ვალდებულებებს და წევრი სახელმწიფოებიც ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს”, - აღნიშნა კოსმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა