კაია კალასი - ევროპაში მკვეთრად გაიზარდა რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების, დივერსიული მცდელობებისა და საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები - კრემლი საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს კონტინენტის მასშტაბით

ბოლო კვირების განმავლობაში ევროპაში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმებისა და დივერსიის მცდელობების, ასევე საჰაერო სივრცის დარღვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ურთიერთობები მოლდოვასთან არასდროს ყოფილა ასე მჭიდრო.

„დღეს ჩვენ გამოვყოფთ დაფინანსების მორიგ ტრანშს 157 მილიონი ევროს ოდენობით. მოლდოვა მტკიცედ მიიწევს წინ ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის გზაზე. თქვენ შეუერთდით ერთიანი ევრო გადახდების სივრცეს (SEPA), ეს გადახდის პროცესს უფრო სწრაფსა და იაფს ხდის, და რეალურ სარგებელს ქმნის. მოქალაქეები გრძნობენ, რას ნიშნავს ევროპის ნაწილად ყოფნა. ამასთან, ევროკავშირის როუმინგის სივრცეში ჩართვა რეალურ სარგებელს მოუტანს მოლდოვის მოქალაქეებსა და ბიზნესს“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი იყო უსაფრთხოებაც.

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროპაში მკვეთრად გაიზარდა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების, დივერსიული მცდელობებისა და საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები. გასულ შაბათ-კვირას რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა კვლავ დაარღვიეს მოლდოვის საჰაერო სივრცე, რაც სრულიად მიუღებელია. კრემლი საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს მთელი კონტინენტის მასშტაბით. ამ ქმედებებით მოსკოვი შიშის დანერგვასა და ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესის პარალიზებას ცდილობს. ჩვენი პასუხია მდგრადობის გაძლიერება და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდა. ევროკავშირი და მოლდოვა უფრო ძლიერნი არიან, როდესაც ამას ერთობლივად ვახორციელებთ”, - აღნიშნა კალასმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა