სოფიო ხორგუანი - გიორგი დავითაძეს ესმის, რომ მისი ბრძოლა სხვა პატიმრების უფლებებისთვის ბრძოლაა - როგორც ჩანს, პენიტენციური დაუბრუნდა ძველ მეთოდებს, რიტუალი, რომელიც ვიხილეთ, სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა

“გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, სოფო ხორგუანმა რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

როგორც მან პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე რამდენიმე პატიმარი შიმშილობს და ის “უცნაურ რიტუალი”, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკამერების ჩანაწერებშია, არაფერია თუ არა “ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.

„საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ძალიან მტკიცედ აპირებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას ესმის, რომ მისი ბრძოლა ნიშნავს სხვა დანარჩენი პატიმრების უფლებებისთვის ბრძოლას. როგორ შეიძლება ვენდოთ დაწესებულებას, რომელმაც რაღაც უცნაურ რიტუალს, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ ჩხრეკა თუ გასინჯვა დაარქვა.

სხვათა შორის ოცნების ხელისუფლების პირობებში, პირველ წლებში ძალიან ამაყობდნენ იმით, რომ მსგავსი ჩხრეკა აღარ ტარდებოდა და რენტგენის აპარატებით ხდებოდა შემოწმება. როგორც ჩანს, დაუბრუნდნენ ძველ მეთოდებს. რა რიტუალი იყო ეს თუ არა ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. რა რიტუალი იყო 10 - კაციანი თავდასხმა ერთ პატიმარზე და ლოგინზე დაწვენა, რა ჰქვია ამას?

რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. მე მინდა ამ პატიმრებს მივმართო და ვთხოვო, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის რა თქმა უნდა გააგრძელონ სამართლებრივი გზებით, მაგრამ ფიზიკური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა სოფო ხორგუანმა.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა სამი მეტალის საგანი და შიმშილობა დაიწყო.

უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. დედის განცხადებით კი მან უარი თქვა მკურნალობაზე, მანამ სანამ დეესკალაციის ოთახიდან საკნებში არ დააბრუნებენ იმ პატიმრებს, რომლებმაც მას თანადგომა გამოუცხადეს. გიორგი დავითაძის დედის განცხადებით, მას შემდეგ რაც მისმა შვილმა ციხის ბადრაგი გარკვეულ ქმედებებში დაადანაშაულა, პატიმრებმა მას თანადგომა გამოუცხადეს, რის გამოც ციხის ადმინისტრაციამ ისინი დეესკალაციის ოთახში გადაიყვანა. მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა გამოიტანა ციხიდან.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა