პატიმრები ნელ-ნელა ალაპარაკდნენ. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ერთმანეთს უჭერენ მხარს და ინფორმაცია გამოდის სააშკარაოზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენგანაც იგრძნონ მხარდაჭერა, რომ ჩვენ მათი უფლებებისთვის ვიბრძვით , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ადვოკატმა მარიკა არევაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პატიმარ გიორგი დავითაძესა და სხვა პატიმრებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ციხეში არსებულ ძალადობაზე სახელმწიფომ რეაგირების მოახდინოს ნაცვლად გიორგი დავითაძისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ პროპაგანდა ააგორა.
„პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარება დაძაბულია. აღმოჩნდა, რომ სხვა პატიმრები დასაჯეს იმიტომ, რომ სოლიდარობა გამოუცხადეს გიორგი დავითაძეს. სწორედ ეს გახდა პროტესტის მიზეზი, რის გამოც მან [გიორგი დავითაძემ] რაღაც გადაყლაპა.
დეესკალაციის ოთახში გადაყვანასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის, რომ იმ ნორმატიული აქტების კი და კონკრეტული დებულების ფარგლებში, რომლის საფუძველზეც უნდა იმოქმედოს მე-6 პენიტენციურმა დაწესებულებამ, იკრძალება პატიმრის დასჯის მიზნით მისი მოთავსება დეესკალაციის ოთახში. მეტიც, პირდაპირ არის განსაზღვრული, როდის არის შესაძლებელი და როდის დგება გადაყვანის საჭიროება. ეს არის, როდესაც პატიმარი საკუთარი ან სხვის ჯანმრთელობასა, სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და ამ შემთხვევაშიც მთელი რიგი პროცედურები უნდა არსებობდეს. ამიტომ, საინტერესოა, როდესაც სახალხო დამცველმა თუნდაც ეს ნაწილი შეისწავლა, დოკუმენტაციაც თუ შეისწავლა და ფორმალურად მაინც თუ იყო გამართული ეს ყველაფერი ან რით ასაბუთებს მე-6 პენიტენციურმა დაწესებულება გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის საჭიროებას.
იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ გვაჩვენოს, რომ მართლა რეაგირებს, ფაქტის დამალვას ცდილობენ და ამის გადაფარვას ცდილობენ ისე, რომ აამოქმედეს პროპაგანდა პატიმრისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ეს პროპაგანდა ორი მიმართულებით მუშაობს. ერთი ის, რომ თითქოს საერთოდ ადგილი არ ჰქონია ამხელა ძალადობას და ქართველმა კაცმა ეს ამხელა ამბავი დაიბრალა და მეორე არის ის, თურმე რა დანაშაულისთვის ზის ეს ადამიანი ციხეში. დანაშაულის ჩამდენი პირი ისჯება თავისუფლების აღკვეთით და თავისუფლების აღკვეთა იმას არ ნიშნავს, რომ ის უნდა დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და მითუმეტეს ძალადობას.
ნებისმიერ ვითარებაში, ყველაფერი ის, რაც ხდება, არის ძალიან მძიმე, მითუმეტეს, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2012 წელს ეს პოლიტიკური ძალა ადამიანის უფლების დაცვის ლოზუნგითა და ციხის კადრებით მოვიდა სათავეში. ამიტომ უნდათ გადაფარვა და ამიტომ იბრძვიან განსაკუთრებით, რომ თითქოს და ციხეებში ასეთი რამ არ ხდება.
პატიმრები ნელ-ნელა ალაპარაკდნენ. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ერთმანეთს უჭერენ მხარს და ეს ინფორმაცია გამოდის სააშკარაოზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენგანაც იგრძნონ მხარდაჭერა, რომ ჩვენ აქ მათი უფლებებისთვის ვიბრძვით“, - განაცხადა მარიკა არევაძემ.