იემენის სამთავრობო ძალებმა ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე კონტროლი დაამყარეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იემენის ინფორმაციის მინისტრის, მოამარ ალ-ერიანის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ბაბ-ელ-მანდების სტრატეგიულ სრუტეზე კონტროლი მოიპოვეს, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე „ჰუსიტებთან“ ბრძოლა გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, იემენის სამთავრობო ძალებმა საუდის არაბეთის საჰაერო ძალების მხარდაჭერით, დუბაბის რაიონში სტრატეგიული პოზიციები დაიკავეს.
„ჰუსიტების“ განცხადებით, ცნობები იმის შესახებ, რომ იემენის სამთავრობო ძალები წინ მიიწევენ „სრული სიცრუეა“.
ამასთან, იემენის მთავრობასთან დაახლოებულმა წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ „ჰუსიტებმა“ ქალაქ თაიზის მახლობლად სამთო გზის მონაკვეთები დაიკავეს და სამთავრობო ძალები ალყაში მოაქციეს.
ცნობისთვის, აშშ-ირანის კონფლიქტის ფონზე იემენში სამოქალაქო ომი ინტენსიური ბრძოლებით განახლდა. „ჰუსიტები“ ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე კონტროლის მოპოვებას უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობენ, ასევე, საუდის არაბეთის ქალაქებისა და ნავთობის ინფრასტრუქტურის მიმართულებით რაკეტებსა და დრონებს უშვებენ.
საერთაშორისოდ აღიარებულმა იემენის მთავრობამ 4 ოქტომბერს ტერიტორიების დაბრუნების მიზნით მასშტაბური შეტევის წამოწყების შესახებ გამოაცხადა. იემენის პრეზიდენტმა რაშად ალ-ალიმიმ პირობა დადო, რომ ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანა „ტერორისტული დაჯგუფების კონტროლისგან“ არ გათავისუფლდება.