დავით უსუფაშვილი - სკანდალია ქვეყანაში და იუსტიციის მინისტრს ჩვენ უნდა ვუკარნახოთ, წაიკითხოს მუხლი, რა არის დეესკალაციის ოთახი - 4 ოქტომბერი კი იყო ორგანიზატორების ტრაგიკული ავანტიურა და ხელისუფლების მზაკვრული მახე, სასიამოვნოა მათი გარეთ ნახვა

[4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება] ძალიან კარგია და სასიამოვნოა მათი გარეთ ნახვა - ვერ ვხედავ იქ დამნაშავეებს, ვერ ვხედავ დანაშაულს, მე ვხედავ ავანტიურას, უაზრო თავგანწირვას, ემოციურ ამჩატებას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ტრაგიკული ავანტიურა იყო ორგანიზატორების მხრიდან, ხოლო ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტოდ მზაკვრულად დაგებული მახე.

„4 ოქტომბრად წოდებული მოვლენათა ერთობლიობა სამწუხაროდ იყო, ალბათ, საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ტრაგიკული ავანტიურა მისი ორგანიზატორების მხრიდან. ასევე, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ერთ-ერთი უპრეცედენტოდ მზაკვრულად დაგებული მახე და ამ მახეში შესული, შეტყუებული თუ გაბმული ადამიანების ისე მოპყრობა, როგორც ამას დღეს ვხედავთ. 4 ოქტომბრის სამზადისი, შემდგომ მოვლენები, რაც იქ მოხდა, ეს ყველაფერი თეატრის სცენაზე რომ გვენახა, ეს იქნებოდა კომედია, მაგრამ ეს რეალურ ცხოვრებაში მოხდა და ეს არის უზარმაზარი ტრაგედია ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ამის შედეგებს ვიმკით და ვიმკით. ეს იყო უზარმაზარი ტრაგედია ასი ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც ძალიან დიდი იმედით და მოლოდინით განიმსჭვალნენ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ ესმოდათ. მერე იყო უზარმაზარი იმედგაცრუება. ამ ტიპის იმედგაცრუებები საკმაოდ ხანგრძლივი ეფექტის მქონეა ხოლმე. ეს ძალიან კარგად იცის და იცოდა მზაკვარმა ხელისუფლებამ და ამიტომ შეუწყო ბევრ რამეს ხელი.

რაც შეეხება, ე.წ. საპროცესო გარიგებებს. დავიწყებ იმით, რომ ეს ადამიანები ციხეში არ უნდა ყოფილიყვნენ. ძალიან კარგია და სასიამოვნოა მათი გარეთ ნახვა. სამართალთან არაფერი საერთო არ აქვს ამ ყველაფერს. მე არ ვაღიარებ არცერთ აღიარებას იმ ადამიანების, ვინც ამ თავგანწირვაზე წავიდნენ. მე ვაფასებ მათ თავგანწირვას, მათ გამძლეობას და პატივს ვცემ მათ არჩევანს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ამ ქვეყნისთვის გააკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე დღემდე აკეთებდა. ვერ ვხედავ მე იქ დამნაშავეებს, ვერ ვხედავ მე დანაშაულს; მე ვხედავ ავანტიურას, უაზრო თავგანწირვას, ემოციურ ამჩატებას, რომ „დეკლარაციას წავიკითხავ და მორჩა, გადამდგარია მთავრობა“. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით კითხვები არის აბსოლუტურად ზედმეტი. მე ვერ ვხედავ რამის ამღიარებელ ადამიანს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა.

უსუფაშვილის თქმით, პატიმრის მამას, ავთო დავითაძეს კარგად იცნობს და ის არის ადამიანი, რომელსაც კერძო და საზოგადო ინტერესი ერთმანეთში არ ერევა, ამიტომ დარწმუნებულია, რომ „ის არ ლაპარაკობს თავისი შვილის გამო, ის ლაპარაკობს ყველა შვილის, ყველა მამის გამო და ამ ქვეყნის გამო“.

„მამამისს, ავთო დავითაძეს ძალიან კარგად ვიცნობ. შემიძლია თავი დავდო, რომ ეს არ არის ის კაცი, რომელსაც შეიძლება კერძო და საზოგადო ერთმანეთში აერიოს და კერძო ანუ შვილის პრობლემა, ისე აქციოს საზოგადო პრობლემად, რომ საზოგადო სიკეთეზე არ ფიქრობდეს. ამ კაცს ასეთად ვიცნობ ათწლეულებია და ასეთ ადამიანს ბევრს არ შევხვედრივარ. როდესაც ავთო ლაპარაკობს, ის არ ლაპარაკობს თავისი შვილის გამო, ის ლაპარაკობს ყველა შვილის, ყველა მამის გამო და ამ ქვეყნის გამო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის განცხადებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის თაობაზე.

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ თუკი პაატა სალიამ არ იცის, რა მიზეზით გახდა საჭირო მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა, უნდა წაიკითხოს შესაბამისი კანონის მუხლი, სადაც წერია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა შედგეს ოქმი.

„ამხელა სკანდალია ამ თემაზე და ამ სფეროს მთავარი პოლიტიკური ხელმძღვანელი კაცი, რომელსაც ახალგაზრდობაში ვიცნობდი, სალია, რომელიც მეგონა, რომ ამ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი, პროფესიონალი ყალიბდებოდა, [ამბობს, არ ვიცი, რა მიზეზით გახდა მისი დეესკალაციის ოთახში გადაყვანა]. თუ არ იცის, აქედან ჩვენ ვუკარნახოთ, პატივცემულ მინისტრს, რომელიც არ არის ასეთი არაკვალიფიციური, წაიკითხოს შესაბამისი კანონის მუხლი 27, სადაც წერია, რა არის დეესკალაციის ოთახი, რა არის წინაპირობები, როდის შეიძლება იქ გადაიყვანონ პატიმარი, რომ ეს არის ის შემთხვევა, როცა პატიმარი არის აგრესიული, სამედიცინო დახმარება სჭირდება და ა.შ. იქ მთავარი რა წერია? ყველა ნაბიჯი ოქმში უნდა იყოს აღწერილი. მივმართავ მინისტრს, თუ აქამდე არ იცოდი, ოქმი უნდა იყოს შედგენილი ყველაფერზე, რაც იქ მოხდა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა