სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ საპატიმროში მის მიმართ გაუპატიურების მუქარის, სხვა ტიპის შეურაცხყოფისა და გინების ფაქტებზე ჯერ 2025 წლის 26 დეკემბერს მიმართ. ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "ტვ პირველს" განუცხადა.
ლევან იოსელიანის თქმით, მისი საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა იმავე დღეს დაიწყო.
„ეს არ დაწყებულა 2 ოქტომბერს. პირველად მსჯავრდებულმა 2025 წლის 26 დეკემბერს მოგვმართა. 26 დეკემბერს, მომართვისთანავე, იმავე დღეს, შევედით პენიტენციურში და მსჯავდებული გამოვკითხეთ. მისი ინფორმაციის საფუძველზე მოვითხოვეთ მის მიერ მითითებული ვიდეოჩანაწერის დაარქივება, რომელიც ჩვენს მიერ რამდენიმე დღეში შემოწმდა და გადამოწმდა - ინფორმაცია, რომელიც მან მოგვაწოდა“, - აცხადებს იოსელიანი.
იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის მიერ შემოწმდა, როგორც „მასთან საკანში არსებული ვითარება, ასევე, შემდგომ დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის კადრები - ორი დღე“.
რაც შეეხება შესწავლილ კადრებს, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახურისგან მოითხოვეს 20-21 დეკემბრის მასალის დაარქივება, რადგან გიორგი დავითაძე სწორედ ამ პერიოდზე მიუთითებდა.
ლევან იოსელიანმა ისაუბრა პატიმართან გასაუბრების შინაარსზეც. მისი თქმით, გიორგი დავითაძე მიუთითებდა, რომ „მის მიმართ ჰქონდა ადგილი გაუპატიურების მუქარას, სხვა ტიპის შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ა.შ.“
„არსებობს ამის სპეციალური ოქმი და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ მოვითხოვეთ კადრების დაარქივება და ვნახეთ კადრები, გამოძიების დაწყების მიზნით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას “, - აცხადებს სახალხო დამცველი.
მისივე თქმით, პატიმარი საუბრობდა ძალადობაზე დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის პერიოდში, მათ შორის გინებაზე.
„ხმას სჭირდება გადამოწმება და ამიტომ მოვითხოვეთ გამოძიება. მათ შორის საუბრობდა ისეთი ტიპის სექსუალურ ქმედებაზე, რომელიც რაღაცა ტიპით ღირსების შემლახველი იყო“, - დასძენს იოსელიანი.
სახალხო დამცველის განმარტებით, რისი გადამოწმების საშუალებაც ჰქონდა ომბუდსმენს გადაამოწმა და გაუპატიურების ფაქტი არ დადასტურდა, გამოძიებას თავად ვერ ჩაატარებდა და შესაბამის ორგანოსაც მიმართა.
„საკითხებზე, რაზეც მოგვმართა, რისი გადამოწმების საშუალებაც გვქონდა, გადავამოწმეთ, მოცემულ პერიოდში რაზეც ის მიუთითებდა, არ დადასტურდა, ვიზუალურად. რაც შეეხებოდა დანარჩენ ნაწილზე, რაზეც, ბუნებრივია, გამოძიებას ვერ ჩავატარებდით, მივმართეთ პროკურატურას. მათ დაიწყეს გამოძიება საუბარია შეურაცხყოფაზე და სხვა ტიპის განცხადებაზე, რაც მას აქვს აღწერილი“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
როგორც იოსელიანი აღნიშნავს, პატიმართან გასაუბრების დროს არ ყოფილა საუბარი გაუპატიურებაზე, არამედ სექსუალური ხასიათის მატარებელ ქმედებაზე.
„იქ არ ყოფილა საუბარი გაუპატიურებაზე, იყო საუბარი იმდაგვარ ქმედებაზე, რომელიც რაღაცა სექსუალური ხასიათს ატარებდა, ხელის...როგორც მახსოვს ასე წერია, რომ „ხელი ჩამიყვეს შარვალში“ და ამ საკითხის გადასამოწმებლად მივედით. ესეც გადაგვემოწმებინა. თითზე და გაუპატიურებაზე საერთოდ საუბარი იმ პერიოდში დაწვრილებით...[არ ყოფილა] “, - აღნიშნავს იოსელიანი.
იოსელიანის მტკიცებით, სახალხო დამცველის უპირველესი ინტერესი იყო „ადგილი ხომ არ ჰქონდა ძალადობას, ადამიანის ცემას, წამებას“. მისივე თქმით, სხვა დანარჩენი გამოძიების საკითხია, სახალხო დამცველი კი ვერ გამოიძიებს, რადგან კადრებში არ ჩანს, რომ პატიმარი თითით გააუპატიურეს.
„გამოძიების საკითხია. ჩვენ ხომ ვერ გამოვიძიებთ, რაც კადრებში ვნახეთ, ამგვარი რაღაცა არ ჩანს, რომ თითით გააუპატიურა. ეს ხომ გამოძიების საკითხია“, - განაცხადა იოსელიანმა და გაიმეორა, რომ პენიტენციური სამსახურის კადრებში არ დადასტურდა ის, რაზეც პატიმარი მიუთითებდა.
„კადრებში არ დადასტურდა, ის რაზეც მიგვითითა, რომ პირველ რიგში მის მიმართ განხორციელდა ძალადობა საკანში. ამის შემდეგ, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს გაუპატიურების მუქარას, მათ შორის იმ ტიპის ქმედებას, როგორც ის ეძახის გაუპატიურებას - ამ ნაწილზეც ჩვენ მიერ იქნა დათვალიერებული, არ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა რაღაცა ტიპის ისეთ ქმედებას, რომელიც დანაშაულს წარმოადგენდა“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.
იოსელიანის შეფასებით, კადრებს მიღმა შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაში „მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გასცეს პასუხი“.
„ერთი არის, რომ ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ არ დადასტურდა. ამის მიღმა თუ რაღაცას ჰქონდა ადგილი, თქვით [წამყვანმა] რომ ბევრი ადამიანი იყო [დეესკალაციის ოთახში], გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო“, - აცხადებს იოსელიანი და დასძენს, რომ „მის განცხადებაში პირველად მითითებული გარემოებები, ძალადობის შესახებ, ამ ტიპის ქმედების შესახებ, რაზეც მიუთითებდა, არ დადასტურდა გადამოწმების დროს", - აღნიშნა იოსელიანმა.