ავთო დავითაძე - გიორგისთვის ადვილი არ იყო ამ სიბინძურის სააშკარაოზე გამოტანა, მაგრამ ბევრ პატიმარს ეშველებაო, იმ დონემდეა ღირსების შელახვა, ვინც გამოდის, ერთმანეთს ეკითხებიან: „გადაურჩიო?“ - სახალხო დამცველი კი გასულია მომსახურების ზონიდან

იმ დონემდეა იმ მომპალ სისტემაში დაბუდებული ადამიანის ღირსების შელახვა, რომ ყოველი მეორე პატიმარი, ვინც ციხიდან გამოდის, ერთმანეთს ეკითხებიან, გადაურჩიო? ამ დონემდეა დასული არა მარტო ციხის ხელმძღვანელობა, არამედ ხელისუფლების სახე, - ამის შესახებ პატიმარ გიორგი დავითაძის მამამ, ავთანდილ დავითაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ის დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაინტერესდა, სად იყვნენ აქამდე თუ “გაუპატიურების მცდელობის ეს ვითომ ფაქტი, როგორც ამბობენ, 2025 წელს მოხდა”.

კალაძის თქმით, “მთავარი უბედურება ის არის, როდესაც კონკრეტული ადამიანი, პატიმარი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით”.

ავთანდილ დავითაძის თქმით, ის ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

“გიორგისთვის ასეთი ადვილი არ იყო ამ სიბინძურის სააშკარაოზე გამოტანა და რადგან გამოვიდა, მას ჰქონდა ყველაზე დიდი სურვილი - ჩემი ამბის გამოაშკარავებით ძალიან ბევრ პატიმარს ეშველებაო იმიტომ, რომ იმ დონემდეა იმ მომპალ სისტემაში დაბუდებული ადამიანის ღირსების შელახვა, ვერც კი წარმოგიდგენიათ. ყოველი მეორე, ვინც იქიდან გამოდის, ერთმანეთს ეკითხებიან, გადაურჩიო? [იმ სიტყვას ვერ ვიტყვი] - ამ დონემდეა დასული არა მარტო ციხის ხელმძღვანელობა, არამედ ხელისუფლების სახე.

მე მინდა გამოვეხმაურო ჩვენი სახელოვანი დედაქალაქის 20%-იან მერს. რა განცხადებაც მან დღეს გააკეთა, ამას არაკაციც კი არ იკადრებს. ეს პასუხი უნდა ჰქონდეს დედაქალაქის მერს და პარტიის გენერალურ მდივანს და ასეთი განცხადებები უნდა გააკეთოს საქვეყნოდ? პირიქით, მადლობა უნდა გადაუხადოს გიორგი დავითაძეს, რომ ეს სიბინძურე გარეთ გამოიტანა და კიდევ ერთხელ დაანახა მთელ ქვეყანას ამ ხელისუფლების სახე.

მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, სანამ ძირ-ბუდიანად არ მოგთხრით, თქვენ ტროლ-ბოტებიანად იმიტომ, რომ თქვენ კიდევ ერთი დიდი დანაშაული ჩაიდინეთ ჩემი ოჯახის წინაშე. თქვენ უკვე ჩემი ოჯახის პირად ცხოვრებასა და საცვლებში ხართ ჩამძვრალი”, - განაცხადა მან.

დავითაძემ სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანისა და იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებებზეც ისაუბრა, რომლებიც გიორგი დავითაძის კადრებს უკავშირდებოდა და რომლებშიც ნათქვამია, რომ ძალადობის ფაქტი არ გამოკვეთილა. მისივე შეფასებით, ლევან იოსელიანი არა სახალხო, არამედ ხელისუფლების დამცველია, ხოლო პაატა სალიას განცხადება იუსტიციის მინისტრისთვის შეუფერებელი იყო.

“ჩვენ არ გვყავს სახალხო დამცველი. ეს არის ამ ხელისუფლების დამცველი. მე დიდ იმედებს ვამყარებდი ლევანზე, როგორც პროფესიონალ იურისტზე, მაგრამ გასულია მომსახურების ზონიდან, საერთოდ.

დღეს რა განცხადებაც გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, სრულიად უუნარო იყო როგორც მინისტრისთვის. ეს იყო სრულიად შეუფერებელი განცხადება იუსტიციის მინისტრისთვის.

…მაინც მივაღწევ სამართალს, ბოლომდე მოვთხრი, ამოვძირკვავ ამათ თავიანთ ტროლ-ბოტებიანად. როგორც ერთი გავათრიე, ასე გაგათრევთ თქვენც!

მივმართავ მთელ დიპლომატიურ კორპუსს - გთხოვთ, გამოეხმაუროთ ჩემს ოჯახს როგორც დაზარალებულის, როგორც წამებულის მშობლებს, დაგვინიშნეთ შეხვედრა და ყველაფერს მოგიყვებით, თუ რა ხდება ქვეყანაში სამართალთან მიმართებაში და რა ხდება ციხეების მომპალ სისტემაში”, - განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა