ყველა პატიმარი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თავის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში მორალისტობა არავის მხრიდან არ მგონია, რომ სწორი იყოს, თუმცა ერთია შენი პირადი უფლება, რომ თავისუფლებისთვის იბრძოლო, მაგრამ მეორეა, რამდენად რჩები ლიდერად იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს ახმოვანებ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორების, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართვის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ჰგავს ორლესულ დანაზე სიარულს და თუ ლიდერი საპატიმროში ყოფნას უძლებს და ბრძოლას აგრძელებს, ის შეიძლება გმირად გადაიქცეს.
„ნამდვილად აქვს ამას მეორე მხარე - პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ სრულიად განსხვავებული პასუხისმგებლობა იმ ამბებთან დაკავშირებით, რომლებშიც ისინი მონაწილეობდნენ და რომელში მონაწილეობისკენაც მოუწოდებდნენ სხვა ადამიანებს. მე მიმაჩნია, რომ იმ ასი ათასობით ადამიანს, რომელიც გამოდის თბილისის ქუჩებში და მათ შორის, გამოვიდა 4 ოქტომბერს, მოსანანიებელი არაფერი არ აქვს. პოლიტიკური პატიმრები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკუთარ ბედთან დაკავშირებით, ეს მათი გადაწყვეტილებაა, თუმცა მიმაჩნია, რომ მათ სხვა და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ.
ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ეს პოლიტიკური ლიდერები მოუწოდებდნენ წინააღმდეგობისკენ, ქუჩაში გამოსვლისკენ, გარკვეული ძალისხმევისკენ, მოქმედებისკენ. ახლა, როდესაც ასე რადიკალურად ცვლი შენს პოზიციას, ერთი არის შენი პირადი უფლება, რომ თავისუფლებისთვის იბრძოლო, მაგრამ მეორეა, რამდენად რჩები ლიდერად იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ, ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს ახმოვანებ. ეს არის ისეთ ორლესულ დანაზე სიარული, რომ ამას თუ ადამიანი უძლებს და იბრძვის, ის შეიძლება გადაიქცეს გმირად და ის შეიძლება იყოს დიდი პოლიტიკური ლიდერი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგის თანამშრომლის მხრიდან მისი გაუპატიურების შესახებ გაკეთებული განცხადების ფონზე, პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღში ბავშვებს საჭმელს ჰპარავენ, „ჯარს ძარცვავენ“, გვყავს კორუფციაში მხილებული მაღალჩინოსნები, წარმოუდგენელია, რომ ციხე იყოს ის ადგილი, სადაც უხეში გადაცდომები და ადამიანის უფლებების დარღვევა არ ხდება.
„პოლიტიკოსების ასეთი უაპელაციო განცხადებები, რომ იქ არაფერი მომხდარა, რომ ამ ადამიანმა მოიგონა ის, რაზეც ისაუბრა და ამას აცხადებენ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, „ქართული ოცნების“ მერი, ყველაზე კარგად მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან. თავისთავად ადამიანურად ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ასე მოწმენდილ ცაზე, არაფერი ხდება და ადამიანი გამოვიდა და საკუთარ თავზე ილაპარაკა, რომ მის მიმართ ჰქონდა სექსუალურ ძალადობას ადგილი. როდესაც ასეთი ამბავი ხდება, ადამიანი გამოდის, არსებობს რაღაც კადრები, რომელიც, მინიმუმ, ეჭვს აღძრავს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანს ეფარებიან და იქ რაღაც ისეთ მოქმედებებს აქვს ადგილი, რომელიც შეურაცხყოფს ამ პატიმარს, როგორ შეიძლება ასე ხელაღებით ილაპარაკონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ამ ადამიანმა რაღაც მოიგონა და სინამდვილეში არაფერს ადგილი არ ჰქონია? ასევე, სახალხო დამცველის არც თუ ისე ღირსეული საქციელიც, სადაც ის წინასწარ, ლამის, ვერდიქტს აცხადებს, რომ არაფერი არ დადასტურდა, ეს ააშკარავებს უპირველეს ყოვლისა იმას, რომ ციხეებში მართლაც აქვს ადგილი ასეთი ტიპის ადამიანის უფლებების დარღვევებს. ამას აქვს მეორე, პოლიტიკური მხარე და მე მიმაჩნია, რომ ის სრულად გამოხატავს იმ მენტალურ, მორალურ და პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია. შეუძლებელია, რომ ბაღებში ჰპარავდნენ ბავშვებს საჭმელს, ჯარისკაცების აღჭურვილობასა და საჭმელს იპარავდნენ, შეუძლებელია პრემიერ-მინისტრს მილიონობით ფული ჰქონდეს, თავდაცვის მინისტრი იყოს მხილებული კორუფციაში, სკოლებში იყოს ის პრობლემები, რაც არის და რაც გამოვლინდა და მხოლოდ და მხოლოდ ციხე იყოს იზოლირებული ამ თავაშვებულობისგან, რაც „ქართული ოცნებისთვის“ არის დამახასიათებელი. ამიტომ, ზოგადი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებითაც, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ციხეშიც ხდება ისეთი გადაცდომები, რაც არანაირ კავშირში არც პატიმრის ღირსებასთან, არც ზოგადად თავისუფლებასთან, არ არის.
მე ვერ გეტყვით, როგორი იქნება საზოგადოების დამოკიდებულება, როგორი იქნება საზოგადოების მზადყოფნა, რომ საჯაროდ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ უმსგავსობის მიმართ, რაც ვნახეთ, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გროვდება ეს დიდი ბოღმა უუფლებობის გამო, ძარცვის გამო, ღირსების შელახვის გამო, რასაც ეწევა „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, თუმცა, რა იქნება ის კულმინაციური წერტილი, როდესაც აღარავინ აღარ აიტანს ამათ თავხედობას და უხამს თავგასულობას, მე არ შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.