ამ რეჟიმის დე-ფაქტო მმართველობაში დარჩენა არის საშიში არა მხოლოდ მათთვის, ვინც პოლიტიკურად ებრძვის ამ რეჟიმს, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან განაცხადა, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
მისი თქმით, ამ ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი, რომელიც ადამიანებს აწამებს.
“მე აქ ვარ მოსული, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომლისთვისაც მიუღებელია ადამიანების ტანჯვა-წამება, ადამიანების მიმართ ძალადობა და ის პროპაგანდისტული, აღვირახსნილი კამპანია, რაც ახლა ე.წ. ხელისუფლებას აქვს გიორგი დავითაძისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ეს მარწმუნებს, რომ რასაც ამბობს პატიმარი, არის აბსოლუტური სიმართლე.
საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს აწამებენ, ამის უამრავი ფაქტი არსებობს. ეს რეჟიმი დგას ადამიანების წამებაზე, ადამიანების წინააღმდეგ ძალადობაზე, იმიტომ რომ ძალაუფლების შენარჩუნების სხვა გზა მათ, ხალხის წინააღმდეგ ძალადობის გარდა, არ აქვთ.
საქართველოში ადამიანების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ციხეში არის პრაქტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს პატიმრების წინააღმდეგ. უბრალოდ, ძალიან ცოტა ბედავს, რომ ამაზე ისაუბროს ხმამაღლა. ჩვენ ვიცით, რომ ქართული საზოგადოება იყო ყოველთვის სოლიდარული ჩაგრული ადამიანების მიმართ. 2012 წელი მაგის მაგალითია ზუსტად. როდესაც საზოგადოებამ დაიჯერა, რომ ხალხის მიმართ ხორციელდება წამება ციხეში, ქუჩაში გამოვიდა და ხელისუფლება შეცვალა. დღეს არაფერი, პრინციპულად, ამ ქვეყანაში მაგ თვალსაზრისით შეცვლილი არ არის. ამ ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი, რომელიც ადამიანებს აწამებს. აწამებს ადამიანებს რუსთაველის გამზირზე, აწამებს ადამიანებს პოლიციის განყოფილებებში და ციხეებში.
ამ რეჟიმის დე-ფაქტო მმართველობაში დარჩენა არის საშიში არა მხოლოდ მათთვის, ვინც პოლიტიკურად ებრძვის ამ რეჟიმს, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, იმიტომ რომ არავინ არ არის დაზღვეული, რომ მას ღირსების შემლახავად მოეპყრობიან ან პოლიციის განყოფილებაში, ან ციხეში”, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ინფორმაციისთვის, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.