“ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის შედეგია ის, რომ შეჩერებულია ქვეყნის ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკურ ალიანში ინტეგრაციაზე საუბარიც აღარ არის, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით გვაქვს მდგომარეობა, როცა “ოცნების“ მმართველობის 14 წლისთავზე კვლავ ადამიანის ციხეში გაუპატიურების შესახებ ვსაუბრობთ, - ამის შესახებ ექსპერტმა ლელა ჯეჯელავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ჯეჯელავას თქმით, ერთადერთი, რაც “ქართულ ოცნებას“ რჩება და რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ყიდდა, “არის ვითომ მშვიდობა, ოღონდ ეს მშვიდობაც ძალიან მყიფეა და დალაგებული ურთიერთობები არც ერთ მხარეს, მათ შორის არც სამეზობლოში არა აქვთ“.
ჯეჯელავამ გასული წლის ამ დროს - 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა. მისი აზრით, ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის ავანტიურა ვერც ქვეყნის შიგნით და ვერ ქვეყნის გარეთ ისე ვერ გაყიდა, როგორც უნდოდა“.
“4 ოქტომბერი ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბერი დასრულდა ისე, როგორც დასრულდა და არ დადგა შედეგი, რასაც საზოგადოება ელოდა ანუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხო, რაც ყველაზე ხშირად ისმოდა და რაც ანტისახელმწიფოებრივ განაცხადად მიიჩნიეს. ნახსენები იყო მშვიდობიანი დამხობა, რადგან ეს ხელისუფლების იძულებით წასვლას გულისხმობდა.
4 ოქტომბერს რუსთაველზე მართლა ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა. რა იყო ამ შეკრების მიზანი? ამდენმა ადამიანმა “ქართულ ოცნებას“ უთხრა: - ხელისუფლებიდან უნდა წახვიდე, რადგან მე შენ ლეგიტიმაციას არ განიჭებენ და შენი ძალაუფლების წყარო არა ვარ! ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ცივილიზებული, დემოკრატიული ხელისუფლება ხალხის ხმას გაითვალისწინებდა და რაღაცის შეცვლას მოინდომებდა.
ვფიქრობ, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი იყო ხალხი, რადგან როდესაც აქციის მიზანი გაცხადებული იყო და აქციაზე ამდენი ხალხი მივიდა, ეს ბუნებრივად მიუთითებს, რომ ხალხის სურვილი ხელისუფლების შეცვლა იყო. ხელისუფლებას სურდა, 4 ოქტომბრის აქციის ფინალი, რითაც ეს აქცია დასრულდა, დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ გამოეყენებინა. ხელისუფლების ამოცანა იყო, დასავლელი პარტნიორებისთვის ეთქვათ, რომ აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადატრიალების და ძალადობრივი გზით ჩამოცილების მომხრეები არიან, რაც მათ თავიდან აირიდეს.
4 ოქტომბრის შემდეგ მათი ამოცანა გახდა ემტკიცებინათ, რომ ნამდვილად ლეგიტიმური ხელისუფლებაა. დასავლეთმა “ქართული ოცნების“ თამაშის წესები არ მიიღო, ამდენი დაჭერილი ადამიანი, ასეთი ბრალდებით ისე ვერ გაყიდეს, როგორც სურდათ რომ გაეყიდათ.
ხელისუფლება 4 ოქტომბრით ვერაფერს მოიგებს - ის ავანტიურა, რომელიც მოხდა, ვერც უცხოეთთან გაყიდა ისე, როგორც თვითონ უნდოდათ და ვერც ქვეყნის შიგნით - ქართველ ხალხთან. დასავლეთს რომ ივანიშვილთან ტყვეებით ვაჭრობა ნდომოდა, აქამდეც გააკეთებდა!
ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მთავარი კოზირი ქვეყნის გეოგრაფია ჰგონია, ასე არ არის. რაზე უნდა ივაჭრონ, როცა კავკასიის რეგიონში დასაყრდენს და გავლენის სფეროებს მაინც პოულობენ და მარშრუტებზე მუშაობენ“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
ჯეჯელავამ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ტანზანიაში გამგზავრებაზეც ისაუბრა, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა ტარდება.
მისი თქმით, გაუგებარია, პარლამენტის თავმჯდომარის და დეპუტატების ტანზანიაში ვიზიტისთვის ბიუჯეტის ფული რატომ უნდა იხარჯებოდეს.
“თუ “ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის სტრატეგია მრავალპოლუსიანი მსოფლიოა, ინდოეთში მაინც წასულიყო, რომელიც დღეს ერთ-ერთი სერიოზული და გავლენიანი მოთამაშეა ან ისევ ჩინეთში წავიდნენ და ისეთ არეალში იმოძრაონ, რომელიც ეკონომიკური კავშირებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია. არ მესმის პარლამენტის თავმჯდომარის და დეპუტატების ტანზანიაში ვიზიტისთვის ბიუჯეტის ფული რატომ უნდა იხარჯებოდეს - არ ვიცი, რას ვეძებთ ტანზანიაში. პაპუაშვილი ჩამოვა და ალბათ მოჰყვება“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
დღევანდელ გადაცემაში განხილვის კიდევ ერთი თემა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდადებულის გიორგი დავითაძის თემა იყო, რომელიც ციხის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. ჯეჯელავას თქმით, “ჩვენი საზოგადოება საზოგადოებად მაშინ შედგება, როცა იმ ხელთათმანიან კაცს ხელს არავინ ჩამოართმევს“.
“იმისთვის, რომ წინა ხელისუფლება დაეკნინებინათ მთელი 14 წლის განმავლობაში იმაზე იყო საუბარი, რომ ციხეში ვიღაცას აუპატიურებდნენ. ყოველ დღე მანტრასავით საუბარი იყო 26 000 გაუპატიურებენ ვაჟკაცზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს მათთვის მხოლოდ მანიპულაციის საგანი იყო და არც ერთი პატიმრის ღირსება და არავის უფლება ამათთვის მნიშვნელოვანი არ იყო. იმ საზოგადოებისთვის, ვინც დღეს “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, სხვისი მკვდარი მკვდარი არ არის, სხვისი ღირსებააყრილი პატიმარი პატიმარი არ არის. მათ ეს ყველაფერი გამოიყენეს. არც ის გვარები, რომელსაც ატრიალებენ - გირგვლიანი, გამცემლიძე, რობაქიძე - არც ერთი მათგანი არ სტკიოდათ. ეს გარდაცვლილი ადამიანები აღმოჩნდა იარაღი მათი პოლიტიკური ამბიციებისთვის“, - განაცხადა ჯეჯელავამ.