ლაშა ფარულავა გიორგი დავითაძის საქმეზე - მცდელობაა, რომ სავარაუდო დანაშაული ჩაფარცხონ, პასუხისმგებლიან ხელისუფლებას მედიისთვის უნდა გაეხსნა ციხის კარი, ისინი კი ცდილობენ, ცილისწამებაში დაადანაშაულონ ადამიანი, ვინც ბრალდებები გააკეთა

ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ იმ ადამიანს და ცილისწამებაში დაადანაშაულონ ის, ვინც ეს მძიმე ბრალდებები გააკეთა, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, ეს არ არის ნორმალური საქციელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან განაცხადა, სადაც მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის სოლიდარობის აქცია გაიმართა.

მისივე თქმით, აუცილებელია წარიმართოს სანდო გამოძიება, გაიხსნას ციხის კარები მედიისა და უფლებადამცველებისათვის, რათა საზოგადოების კითხვებს პასუხები გაეცეს.

„პირველ რიგში პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახს სოლიდარობა და მხარდაჭერა. მან გააკეთა განცხადება და ეს არის უმძიმესი ბრალდება. ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება სახელმწიფო უწყებებისაგან, თუმცა ვხედავთ მცდელობას, რომ ეს სავარაუდო დანაშაული ჩაფარცხონ. როგორ უნდა მოქცეულიყო პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება? პირველ რიგში, მედიისთვის უნდა გაეხსნათ ციხის კარი, ყველა უფლება დამცველს უნდა მიეცეს საშუალება თვითონ ნახონ იქ რა ხდება და არა ის რასაც ჩვენ ვისმენთ ახლა. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ და ცილისწამებაში დაადანაშაულონ ის ადამიანი, რომელმაც ეს მძიმე ბრალდებები გააკეთა, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, ეს არ არის ნორმალური საქციელი და ეს არაა ის ქმედება, რომელიც ამ ყველაფერს სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან უნდა მოყვეს. ეს არის მხოლოდ ჩაფარცხვის მცდელობა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა დატოვონ თანამდებობა, სანამ არ ჩატარდება ნორმალური გამოძიება და ამ გამოძიებას, რომ სანდოობა ჰქონდეს ამისთვის აუცილებელია მედია ციხეებში შევიდეს უფლებადამცველებთან ერთად. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ის გამჭვირვალობა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლისას ჰპირდებოდა ხალხს. ეს არაა ერთეული შემთხვევა, უკვე რამდენიმე ფაქტი მოხდა და ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება”,- განაცხადა ფარულავამ.

კითხვაზე თუ რატომ ამბობს პატიმარი დავითაძე უარს ექსპერტიზის ჩატარებაზე ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ „ექსპერტიზაზე უარს ამბობს, რადგან ნდობა არ აქვს და არავის არ აქვს ამ ხელისუფლების მიმართ ნდობა”.

„პატიმრის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომელსაც მოჰყვა “ქართული ოცნების” მხრიდან ბინძური კამპანია, შესაბამისად ადამიანს ნდობა არ აქვს. ექსპერტიზაზე უარს ამბობს, რადგან ნდობა არ აქვს. არავის არ აქვს ნდობა ამ ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც დადგმული ციხის კადრებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის გამოიყენეს, დღეს პატიმარს ესხმიან თავს იმის მაგივრად, რომ გამჭვირვალე გამოძიება შესთავაზონ. როგორ უნდა ენდოს იმ ხელისუფლებას, რომელიც ასე იქცევა? გაიხსნას კარი მედიისა და უფლებადამცველებისათვის, როგორც ეს 2012 წელს მოხდა და ეს მხოლოდ ჩვენი მოთხოვნა არ არის, საზოგადოება ნახავდა ეპისკოპოსებისა და საეკლესიო პირების განცხადებებსაც, რომლებიც ანალოგიურ მოთხოვნებს აყენებენ და კითხვებს სვამენ. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტები საპატიმროებში იყო, თუმცა არა მასობრივი წამების და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო მაშინაც და ახლაც. ამის გამო ხელისუფლება დაკარგა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ამ ბინძური კამპანიის საფუძველზე მოვიდა ხელისუფლებაში “ქართული ოცნება”. დადგმული ე.წ. ცოცხის კადრებით, რომელთა დადგმასაც აღიარებს ის ადამიანიც, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობდა. დღეს ეს ადამიანი, ანუ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაშია და ამ გადმოსახედიდან პოლიტიკური ტყვეა” - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე